იტალიური საკულტო მოდის სახლისთვის Versace ახალი ეტაპი იწყება: ბრენდის კრეატიულ დირექტორად დიზაინერი დარიო ვიტალე დაინიშნა. ამ სიახლეს უკვე ოფიციალურად ადასტურებენ „ვერსაჩე“ და კომპანია Capri Holdings-ი. ბრენდის 47-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების სათავეში ვერსაჩეს ოჯახის წევრები აღარ იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ დონატელა ვერსაჩე კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს, იგი ბრენდთან მჭიდრო კავშირს მომავალშიც შეინარჩუნებს - ამჯერად Versace-ის მთავარი ამბასადორის როლში. მისი ამოცანა იქნება ბრენდის იდენტობის შენარჩუნებას ხელი შეუწყოს და გუნდს ახალი კრეატიული ხედვის განვითარებაში დაეხმაროს.
ფოტო: Stephane Feugere/ Kuba Dabrowski
„ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ დარიო ვიტალე შემოგვიერთდება და მოუთმენლად ველი, Versace-ს ახალი ხედვა ვიხილო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს გამორჩეულ გუნდს და ყველა თანამშრომელს, რომელთანაც სამი ათწლეულის განმავლობაში მქონდა პატივი მემუშავა. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ჩემი ძმის, ჯანი ვერსაჩეს მემკვიდრეობის გაგრძელება. ის ნამდვილი გენიოსი იყო, და ვიმედოვნებ, რომ მისი სული და შეუპოვრობა ნაწილობრივ ჩემშიც არის. როგორც ბრენდის მთავარი ამბასადორი, ვრჩები Versace-ის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერად. Versace ჩემი დნმ-ის ნაწილია, ის სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება“, - ამბობს დონატელა.
მილანის მოდის სამყაროში აღიარებული დიზაინერის, დარიო ვიტალეს კარიერა შთამბეჭდავ გამოცდილებას იტევს. 41 წლის დიზაინერი, რომელიც ნეაპოლის მახლობლად დაიბადა, Istituto Marangoni-ში სწავლობდა. შემდეგ გამოცდილება დააგროვა Dsquared2-სა და Bottega Veneta-ში. დარიომ ათ წელზე მეტი გაატარა Miu Miu-ში, სადაც სამოსისა და ბრენდის იმიჯის დიზაინის დირექტორის პოზიცია ეკავა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, შევუერთდე Versace-ს როგორც კრეატიული დირექტორი და გავხდე ამ განსაკუთრებული და ძლიერი მოდის სახლის ნაწილი, რომელიც ჯანი და დონატელა ვერსაჩემ შექმნეს. Versace-ს უნიკალური მემკვიდრეობა ათწლეულებს მოიცავს და მოდის ისტორიის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო დონატელას ჩემდამი ნდობისთვის და მისი დაუღალავი ერთგულებისთვის იმ განსაკუთრებული ბრენდის მიმართ, რასაც დღეს Versace წარმოადგენს. ჩემთვის უდიდესი პატივია, საკუთარი ხედვით, გამოცდილებითა და ერთგულებით შევიტანო წვლილი Versace-ს მომავალ განვითარებასა და მის გლობალურ გავლენაში“, - დარიო ვიტალე.
ვიტალე ახალ პოზიციაზე მუშაობას აპრილიდან შეუდგება, ხოლო დონატელა ვერსაჩე დროის უმეტეს ნაწილს ბრენდის საერთაშორისო იმიჯის პოპულარიზაციას დაუთმობს. „ვერსაჩეში“ გადანაწილებული ახალი როლები საინტერესო და დამაინტრიგებელია. მოდის სამყარო მოუთმენლად ელის, როგორი იქნება ამ ისტორიული ბრენდის მომავალი ახალი კრეატიული დირექტორის ხელმძღვანელობით.
TPO, გელ-ლაქის ერთ-ერთი ინგრედიენტი, ევროკავშირში აკრძალული ნივთიერებების რიგს შეემატა. სალონებსა და მწარმოებლებს არსებული მარაგის განადგურება და უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა დაევალათ. ნახეთ, რა არის TPO და რა ცვლილებებია მოსალოდნელი სილამაზის ინდუსტრიაში.
ქართველი მომღერალი, მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მსმენელს 20-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ უბრუნდება. 7 ივლისს, 18:30 საათზე, „კავეა სითი მოლში“ მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა გაიმართება.