10-13 აპრილს, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტი“ სიახლეებით გელოდებათ
თბილისის წიგნის ბაზრობა 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. გამომცემლობა „ინტელექტი“ წიგნის მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლეების მზადებაშია.
ფრანგული მოდის სახლი Saint Laurent-ი მე-20 საუკუნის გამორჩეული ფრანგი არქიტექტორისა და დიზაინერის ოთხ განუმეორებელ ქმნილებას აცოცხლებს. შარლოტ პერიანის დიზაინის მიხედვით შექმნილი ავეჯი 8-13 აპრილს მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში იქნება გამოფენილი.
ეს ავეჯი, რომელთა დიზაინებიც პერიანიმ 1943-1967 წლებში შექმნა, უმეტესწილად მხოლოდ პროტოტიპებისა და ნახაზების სახით არსებობდა. ახლა კი, ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით, ეს ნამუშევრები ლიმიტირებულ კოლექციაში მოექცა.
კოლექცია შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნამუშევრებს, როგორიცაა 1962 წელს შექმნილი რიო-დე-ჟანეიროს წიგნის თარო. ეს თარო განკუთვნილი იყო წიგნებისა და ხელოვნების ნიმუშების შესანახად და ის პერიანმა თავისი მეუღლისთვის შექმნა, რომელიც იმ დროს ბრაზილიაში ცხოვრობდა. თარო დამზადებულია მყარი ვარდისფერი ხისგან და აქვს ნახევრად დაწნული ზედაპირი. მისი ორიგინალი კერძო კოლექციის ნაწილია და ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ იყო გამოფენილი.
ამავე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება Mille-feuilles-ს (1963) მაგიდა, რომელიც მუქი და ღია ტონის ხეების 10 ფენისგან შედგება. ამ მრგვალი მაგიდის ესკიზი ათეულობით წელი პერიანის მაგიდაზე ხელშეუხებლად იდო, რადგან მისი დამზადება რთულ ტექნიკას მოითხოვდა. როგორც იქნა, Saint Laurent-მა სრული მასშტაბით გააცოცხლა დიზაინი, რომელიც ახლა დამთვალიერებელს ელის.
Saint Laurent-ი ასევე წარმოგვიდგენს სავარძელს, რომელიც პერიანმა 1943 წელს ვიეტნამელი წყვილისთვის დაამზადა. სავარძელი ამჟამად დაკარგულად ითვლება და მხოლოდ მისი ნახაზი შემოგვრჩა, და სწორედ ამ ნახაზის მიხედვით შეიქმნა თანამედროვე ვერსია ფრანგულ მოდის სახლში.
და ბოლოს, გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი 1967 წელს, პარიზში, იაპონიის ელჩის რეზიდენციისთვის შექმნილი დივანი. ლურჯი, 7 მეტრზე გრძელი დივნის დიზაინი გამოირჩევა მინიმალისტური სტილით და თავის დროზე ელჩის რეზიდენციის მისაღებ ოთახს ამშვენებდა.
მას შემდეგ, რაც დამთვალიერებელი ლიმიტირებულ კოლექციას იხილავს, ფრანგული მოდის სახლის დიზაინერები ამ ავეჯს სპეციალური შეკვეთით დაამზადებენ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პერიანის მიერ პარიზში გადაღებული ფოტოები და ახლად გამოცემული წიგნი ფრანგი არქიტექტორის შესახებ. თუ 8-13 აპრილს მილანში იქნებით, თქვენს ადგილას, დიზაინის კვირეულს ნამდვილად არ გამოვტოვებდით.
ფოტოები: YSL