ამერიკელი რეპერის 3 კვირიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. ნაფიცმა მსაჯულებმა სამსაათიანი განხილვის შედეგად გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
„ბატონო Mayers, თქვენ თავისუფალი ხართ“, – განაცხადა მოსამართლე მარკ არნოლდმა.
რეპერს ბრალად ყოფილ მეგობარზე, A$AP Relli-ზე, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა ედებოდა. 2021 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო მას 24 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ph: Daniel Cole/ Pool Photo
ლოს-ანჯელესის სასამართლო დარბაზში, რომელიც რეპერისა და მისი მეუღლის, მომღერალ რიანას ფანებით სავსე იყო, ვერდიქტის გამოცხადებას სიხარულის ყვირილი მოჰყვა. Rocky დაცვის მაგიდიდან რიანასკენ გადახტა, წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა და ატირდა.
„გმადლობთ, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ“, – უთხრა როკიმ ნაფიც მსაჯულებს, როცა ისინი დარბაზს ტოვებდნენ.
ph: Daniel Cole/ Pool Photo
აღსანიშნავია, რომ პროცესის დაწყებამდე, პროკურატურამ Rocky-ს შეთანხმება შესთავაზა – დანაშაულის აღიარების შემთხვევაში მას მხოლოდ ექვსთვიანი პატიმრობა, პირობითი სასჯელი და სხვა პირობები დაუწესდებოდა, მაგრამ რეპერმა უარი თქვა და სასამართლოს ნდობა გამოუცხადა.
„მან უარი თქვა შეთანხმებაზე, რადგან უდანაშაულო იყო“, – განაცხადა როკის ადვოკატმა. საბედნიეროდ, ეს რისკი გამართლდა.
Rocky სასამართლოში განაჩენის გამოცხადებაზე ნახევარი საათით გვიან მივიდა და დაძაბული ჩანდა. ეს ბუნებრივიც იყო – ამ დღეს წყდებოდა, მომავალ 20 წელს სახლში გაატარებდა თუ ციხეში. „ეს ოთხი წელი სრულიად არანორმალური იყო. მადლობელი ვარ, რომ ამ მომენტში თავისუფლად ვდგავარ და თქვენთან ვსაუბრობ“, - თქვა Rocky-მ ჟურნალისტებთან.
ph: Damian Dovarganes
პროკურატურის მტკიცებით, Rocky-ს კონფლიქტი ყოფილ მეგობარ A$AP Relli-სთან ჰქონდა, რომელთან ერთადაც სკოლის წლებში A$AP Mob-ის წევრი იყო. მათი თქმით, 2021 წლის 6 ნოემბერს ჰოლივუდში შეხვედრისას, ჩხუბის დროს Rocky-მ იარაღი ამოიღო და ორჯერ გაისროლა, თუმცა მსხვერპლი სერიოზულად არ დაშავებულა. Rocky-ს ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ Relli „ბრაზიანი და პათოლოგიური მატყუარაა“, რომელიც არაერთხელ შემჩნეულა ტყუილში.
რეპერის ადვოკატის თქმით, მოწმეები ადასტურებენ, რომ თავდასხმის დროს როკის ხელში არა ნამდვილი იარაღი, არამედ ე.წ. Prop Gun ეჭირა, რომელიც მხოლოდ გაფრთხილების, თავდაცვის მიზნით ან გადასაღებ მოედანზე რეკვიზიტად გამოიყენება და ნამდვილ ტყვიებს არ ისვრის. იმის გამო, რომ პროცესის გარკვეულ ნაწილებს რეპერის ორი მცირეწლოვანი შვილიც ესწრებოდა, პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილება ემოციური ფონზე არ მიეღოთ და არ გაეთვალისწინებინათ ბრალდებულის ოჯახი და ვარსკვლავური სტატუსი.
„საკუთარ ქმედებებზე ყველამ თავად უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო პროცესის განმავლობაში მომღერალი რიანა მუდმივად ესწრებოდა სხდომებს და მხარს უჭერდა პარტნიორს. როკი და რიანა რამდენიმე წელია ერთად არიან და უკვე ორი შვილი ჰყავთ – 2 წლის RZA Athelston Mayers და 1 წლის Riot Rose Mayers. რეპერისთვის გასული წელი კარიერის პიკი იყო: ის სამგზის გრემის ნომინანტი, მოდის სახლების ამბასადორი და Rolling Loud-ის მთავარი ჰედლაინერი გახლდათ. მაისში Met Gala-ს ერთ-ერთი თანათავმჯდომარეც იყო, ხოლო ზაფხულში ფილმი Highest 2 Lowest გამოვა, სადაც იგი დენზელ ვაშინგტონთან ერთად თამაშობს.
მაისის სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.
Sex And the City-ს სპინოფი And Just Like That მესამე სეზონით ბრუნდება და მანჰეტენის თავგადასავლებში გვეპატიჟება. სეზონის პრემიერა 29 მაისს პლატფორმა Max-ზე შედგება. წინ გველის 12 ეპიზოდი — სავსე ზაფხულის ცხელი დღეებითა და უფრო ცხელი ღამეებით, რთული სასიყვარულო ურთიერთობებითა და ოჯახური დრამებით.
ჰარი პოტერის სერიალის პირველი ვარსკვლავური შემადგენლობა უკვე ცნობილია. ნახეთ, ვინ შეასრულებს დამბლდორის, სნეიპის, ჰაგრიდისა თუ მაკგონაგელის როლებს ახალ ეკრანიზაციაში.