თამთა მელაშვილის რომანმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნის წოდება მოიპოვა. ეს აღიარება იმას ნიშნავს, რომ ქართველი მწერლები არა მხოლოდ ლოკალურ არამედ საერთაშორისო ასპარეზსაც იპყრობენ. „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის მესამე რომანია. მისი წინა რომანებიდან განსაკუთრებით აღიარებულია „გათვლა“, რომელიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე. რომანმა 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა, ხოლო 2013 წელს გერმანული ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია მიიღო.
შაშვი შაშვი მაყვლის მთავარი გმირი, ეთერო, შუახნის მარტოხელა ქალია, რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს და საკუთარ მაღაზიაში მუშაობს. მოულოდნელი ინციდენტი მის ერთფეროვან ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. სიკვდილით შეძრწუნებული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც სხვა დროს ვერ გარისკავდა და უეცრად სასიყვარულო თავგადასავალში აღმოჩნდება. ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების დახმარებით კარგად ჩანს ქალის გამოცდილება, პიროვნული ტრავმები და მოზარდობის რთული პერიოდი. თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია. პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით,უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; წიგნში თითქოს მკითხველიც პერსონაჟია, მას უწევს იფიქროს და გაიაზროს დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და კითხვებზე საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.
რომანის "შაშვი, შაშვი, მაყვალი" ეკრანიზაცია
რომანში სიუჟეტი ერთგვარად ფრაგმენტული და პოეტურია, ავტორი დეტალურად აღწერს პერსონაჟების შინაგან სამყაროს, მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. წიგნს ხშირად ახასიათებენ, როგორც მძლავრ, სენსიტიურ და ემოციურად დატვირთულ ტექსტს, რომელიც მკითხველს ბევრ ფიქრს უჩენს. თხრობის სტილი და ემოციური სიღრმე განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს წიგნს. რომანი პოლონურად მაგდა ნოვაკოვსკამ თარგმნა. პოლონელმა მკითხველებმა და კრიტიკოსებმა რომანი დადებითად შეაფასეს, რაც მისი წლის საუკეთესო წიგნად დასახელებით გამოიხატა. „შაშვი შაშვი მაყვალი“ არა მხოლოდ ლიტერატურულად არამედ ეკრანებზეც დიდ დაინტერესებას იწვევს.
ამავე სახელწოდების ფილმი მაყურებელმა 2023 წელს იხილა და იგი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული ეკრანიზაცია გახდა. ფილმში ეთეროს როლს ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ერგო. ქართული ლიტერატურის საერთაშორისო აღიარება ზრდის მის პოპულარობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართველი ავტორებისთვის.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.