| ანა ციხელაშვილი |
24 და 25 მაისს ლისის საოცრებათა ქვეყანაში მუსიკის მოყვარულები ფერადი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ფესტივალის გარშემო გაერთიანდნენ. Tbilisi Open Air, რომელიც 2009 წელს სამი მუსიკოსის ინიციატივით შეიქმნა, წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან მხოლოდ ქართულ მუსიკასა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ფესტივალის Line Up-ის გამოცხადებიდან, ყველანი მოუთმენლად ველოდით ძველი და ახალი თაობის არტისტების კოლაბორაციებს. ფესტივალის დღეებზე დამტკიცდა, რომ წლევანდელი ფორმატი ქართული მუსიკისთვის ახალი, საინტერესო და გამართლებული ექსპერიმენტია. კლასიკური შემსრულებლები და თანამედროვე არტისტები ერთად წარდგნენ სცენაზე, რაც როგორც მათთვის, ისე მაყურებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო.
ნანი ბრეგვაძემ კორძთან ერთად საკულტო სიმღერას „მთვარეო“ სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა.
კორძმა ასევე შემოგვთავაზა კოლაბორაციული პროექტები, მათ შორის ჯგუფ Mechanical Rainbow-სთან, ასევე საბა ჩაჩუასა და ლიკუნა თუთისანის დუეტთან. ჯაზის ლეგენდამ, გიული ჩოხელმა, ჯგუფ „მწვანე ოთახთან“ ერთად კომპოზიცია „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა. სცენაზე გამოჩნდა პაატა ბურჭულაძეც. ფესტივალის პირველ დღეს, მერაბ სეფაშვილმა ქართული ფეხბურთისა და პროტესტის ჰიმნად ქცეული „გაიღიმე“ შეასრულა. ჰედლაინერების რიგებში იყვნენ LOUDspeakers-იც, რომლებმაც 23 ივნისისთვის ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსეს და ორი ახალი სიმღერა შემოგვთავაზეს.

Open Air-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მთავარი გზავნილი სოლიდარობა იყო – ის, რაც დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. „Open Air ტრადიციულად დგას თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის იდეებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ვახსენებთ ერთმანეთს ამ საბაზისო ღირებულებებს. ჩვენი რაოდენობა მუდამ იზრდება – თაობები იცვლება და ამ თაობებს შორის ჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით უერთდებიან ჩვენს ინიციატივას“, – ფესტივალის მედია მენეჯერი, სოფო ებრალიძე.
ფესტივალის სივრცეში, როგორც ყოველთვის, Freedom Village მოეწყო – ადგილი, სადაც სხვადასხვა მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან, დისკუსიებს მართავენ და საჭირო საკითხებს განიხილავენ. წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ლეიბლებისა და პოდკასტების გაერთიანება Open Sequences, რომელიც დღის და ღამის განმავლობაში მსმენელებს საინტერესო პროექტებს სთავაზობდა.

სცენაზე ვიხილეთ თანამედროვე ქართული მუსიკის წარმომადგენლები, როგორებიც არიან:
D Monster Lobsters, Tape Visitors, Mechanical Rainbow, Kordz, Bedford Falls, Killages, Tamada.
„წლევანდელი Open Air მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ სულს და მდგომარეობას ამ მომენტში ძალიან კარგად გამოხატავს. ამ ყველაფერში პროტესტის ძალიან დიდი ნაწილია ჩართული. ასევე, აშკარად ჩანს, რომ ქართველ ხალხს ქართული სცენა ძალიან უყვარს“, – ნინი, Mechanical Rainbow.
„ასეთი რამ პირველად ხდება. ძველი და ახალი თაობის მუსიკოსების კოლაბორაციები ძალიან საინტერესოა. მიხარია, რომ გიყვართ ქართული მუსიკა, აფასებთ ქართველ არტისტებს, მოდიხართ და ერთობით. მიყვარხართ ყველა“, – გუგა, Killages.

„ეს Open Air არის უნიკალური და ისტორიული. ყველა მუსიკოსი ქართველია, მათ შორის ჰედლაინერებიც. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია ქართული კულტურის განვითარებისთვის. ჩემი აზრით, უკვე ვიხილეთ კოლაბორაციები, რომლებიც ხალხისთვის ახალი და საინტერესო იყო. ამ ფესტივალის მთავარი იდეაც ის არის, რომ იყოს ახალი – ის, რაც აქამდე არავის უნახავს“, – ნიკა, 4D Monster Lobsters.

Open Air კვლავ რჩება იმ მუსიკალურ ღონისძიებად, რომელიც საერთო სივრცეს ქმნის განსხვავებული ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის. 2025 წლის ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული მუსიკა და კულტურა ბევრ იდეასა თუ ინსპირაციას იტევს. მომავალი Open Air-ისთვის სტანდარტები კიდევ უფრო ამაღლდა, რაც ქართული მუსიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპის დადგომას მოასწავებს.