„ბედნიერების მჯერა“ – თიკა ფაცაციას ახალი სიმღერა 20 წლის შემდეგ
20-წლიანი პაუზის შემდეგ თიკა ფაცაცია სიმღერით „ბედნიერებას მჯერა“ ბრუნდება. The Diary-სთან ინტერვიუში ის სიმღერის გზავნილსა და ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესზე გვიყვება.
1975 წელს აფხაზეთში ჟურნალ „რიწას“ პირველი ნომერი გამოიცა. ამ ჟურნალის ყოველი ახალი ნომერი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პერიოდში იქმნებოდა და თავადაც ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. მკითხველთან ერთად გამოიარა საბჭოთა კავშირი, „ბოროტების იმპერიის“ ნგრევა, აფხაზეთის ოკუპაცია და თავადაც დევნილად იქცა და თბილისში გააგრძელა ცხოვრებაც და საქმიანობაც.
წელს „რიწა“ 50 წლის გახდა. მისი საიუბილეო ნომერი ნანკა კიკალიას რედაქტორობით, თბილისში, ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოიცა. 2025 წლის ნომერი განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, რადგან გადაუხვია ტრადიციულ სარედაქციო ხაზს და უფრო მეტი პირადი ისტორიებია ვიდრე პროზა და ლექსი და ამბებია აფხაზეთის ხალხის განვლილ გზაზე, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაჩენილი ჭრილობების მოშუშებაზე და წარმატებების გზაზე დაბრუნებაზე. აგრეთვე – შერიგების გზავნილები, რომლებსაც თითოეული რესპონდენტი გულწრფელად უგზავნის აფხაზეთის ხალხს. ეს ისტორიები უნდა იქცეს იმ ძალად, რომელიც, თუნდაც ვერ ჩამოანგრევს, მაგრამ ბიძგს მაინც მისცემს, რომ ნიშანი STOP ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს ადამიანებში და ადამიანებს შორის.
„დღეს ჟურნალის დატვირთვა განსაკუთრებით დიდია. მას აქვს საშუალება, რომ სწორად გადადგმული ნაბიჯებით გააბას კავშირის ძაფები და გახდეს ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის“, - გურამ ოდიშარია
არ არსებობს საზღვრები, რომლებიც მუდმივია და ადამიანს შეაჩერებს. ისტორიები, რომლებსაც ამ ჟურნალში წაიკითხავთ, სწორედ ამის მაგალითია. როდესაც ადამიანს სიყვარული და სურვილი ამოძრავებს, შეუძლებელია წინაღობა გადაულახავ ბარიერად იქცეს.
ჟურნალის ყდაც ამაზე გვიამბობს – იმ დაუოკებელ ჟინზე არ გაჩერებისა და წინსვლისა, რომელიც აფხაზეთის ხალხს აქვს. სხვა როგორ ავხსნათ თორნიკე ჯობავას, სოფო ფანცულაიას, ირინა ხაბურზანიას, ინგა ბენდელიანი-თოფურიას და კიდევ არაერთი რესპონდენტის ამბავი, რომლებმაც გამოიარეს ჭუბერი, შეიარაღებული კონფლიქტი, ტყვიები, დევნილობა და დღეს ძალიან საამაყო ადამიანები არიან.
“სწორედ ამას ემსახურება ეს საიუბილეო ნომერიც – ისტორიების თავმოყრას, რომლებიც იმედს აჩენს, მეხსიერებას ინახავს და მომავლის გზას გვიჩვენებს“, - ნანკა კიკალია
ჟურნალის რესპონდენტების ამბები გვახსენებს, რომ საჭიროა მოვიკრიბოთ საერთო ძალა და ყველა მხრიდან მივაწვდინოთ აფხაზ ხალხს ჩვენი ხმა, რომელიც ძმობაზე, სიყვარულსა და შერიგებაზეა. სწორედ ამიტომ, ჟურნალის ტექსტი აფხაზურ ენაზე, ირმა ოსიას დახმარებით ითარგმნა.
„ორენოვან ქართულ-აფხაზურ ნომერს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, როგორც თემატურად, ასევე ჟანრობრივად. ვიმედოვნებთ, რომ „რიწის“ ეს ნომერი შერიგების გზავნილი იქნება აფხაზეთში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქართულ-აფხაზურ კულტურათა დაახლოებაში კვლავინდებურად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – ვკითხულობთ „რიწაში“.
ჟურნალის წაკითხვა ონლაინაა შესაძლებელი.