ნასტასია ლეგრან ბაბლუანი: ახალი ქართული სახელი მაღალი მოდის სამყაროში
გაეცანით მსოფლიო მოდის ახალი სახე - ქართველი ნასტასია ლეგრან ბაბლუანი, რომელიც უკვე ვიხილეთ პრესტიჟული მოდის სახლების პოდიუმებზე.
1978 სამეცნიერო გადატრიალების წელი გახლდათ - ინ ვიტრო განაყოფიერების დახმარებით მსოფლიოში პირველი ბავშვი, ლუიზ ჯოი ბრაუნი დაიბადა. დღეს ლუიზი 46 წლის დედაა, რომლის ისტორიაც უამრავი ადამიანისთვის კვლავ სიხარულისა და იმედის მომცემია. სწორედ ამ სიხარულსა და იმედს ეძღვნება ფილმიც, რომლის რეჟისორი ამ საოცარი ამბის განვითარებას ჯინ პერდის – ახალგაზრდა მედდისა და ემბრიოლოგის – პერსპექტივიდან გვიყვება. პერდი რობერტ ედვარდსთან და ქირურგ პატრიკ სტეპტოსთან ერთად რევოლუციურ პროექტზე მუშაობდა. მიუხედავად სკეპტიციზმისა და წინააღმდეგობებისა, მათ მედიცინას გასაოცარი სიახლე შემატეს და მილიონობით ადამიანს შვილის ყოლის ოცნების ახდენაში დაეხმარნენ.
სცენარისტი ჯეკ თორნი და რეჟისორი ბენ ტეილორი ემოციურად დატვირთულ და სამეცნიერო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნარატივს ქმნიან, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად, პირველი ადამიანის დაბადების გზას მიჰყვება.
ედვარდსი, სტეპტო და პერდი დაუღალავად ცდილობდნენ უნაყოფობის პრობლემის გადაჭრას, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, საზოგადოებრივი კრიტიკისა და პროფესიული წინააღმდეგობისა. მაშინდელი მედია შიშითა და გაოცებით იყო მოცული და ლუიზ ჯოი ბრაუნს „საცდელ მილში დაბადებულ ბავშვად“ მოიხსენიებდა, თუმცა დრომ დაგვანახვა, რომ ლუიზის ისტორია სამედიცინო გადატრიალება იყო, რომელმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა.
ფილმში რობერტ ედვარდსს ჯეიმს ნორტონი განასახიერებს – არასტანდარტული ხედვის მქონე მეცნიერს, რომელიც მედიცინის ტრადიციულ მიდგომებს დაუპირისპირდება. პატრიკ სტეპტო კი, თავისი უნიკალური ქირურგიული უნარებით, ინ ვიტრო განაყოფიერების განვითარებაში გადამწყვეტი ფიგურა გახდა. თუმცა, ფილმის მთავარი პერსონაჟი ტომასინ მაკენზის მიერ განსახიერებული ჯინ პერდია – ქალი, რომლის უმნიშვნელოვანეს წვლილს ხშირად ივიწყებენ.
ფილმი ნათლად გვიჩვენებს იმ წინააღმდეგობებს, რომელთა წინაშეც ეს სამეცნიერო გუნდი იდგა. ხაზგასმულია რელიგიური და ეთიკური წინაღობები, განსაკუთრებით პერდისა და დედამისის კონფლიქტის მეშვეობით, რაც ფილმს ემოციურ სიღრმეს მატებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სცენა ისტორიულად ზუსტი არ არის, ისინი მაინც ასახავენ იმ მწვავე დებატებს, რომლებიც იმდროინდელ საზოგადოებაში ინ ვიტრო განაყოფიერების გარშემო ტრიალებდა.
ფილმს დრამატიზმს მატებს მთავარი გმირის, ჯინ პერდის უნაყოფობის თემაც. ხოლო, განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას იძენს ჯინისა და ე.წ. პირველი ექსპერიმენტული ჯგუფის ქალების ურთიერთობა, რომლებიც დედობაზე ოცნებობენ.
რთულია მეცნიერული ამბავი და სამედიცინო სფეროში მიღწევა მხატვრული ფილმის ჩარჩოებში მოაქციო ისე, რომ მნიშვნელოვანი დეტალები ყურადღების მიღმა არ დარჩეს. რეჟისორმა ეს შეძლო და იმდროინდელი სოციალური გარემო იდეალურად აღწერა, თანაც მედიისა და რელიგიის ქარცეცხლში მოხვედრილი მეცნიერების სირთულეებიც პირნათლად დაგვანახა.
ფილმის ეკრანებზე გამოჩენა ნამდვილად დროული გახლდათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში კონსერვატიული ძვრებია. ინ ვიტრო განაყოფიერებასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, იმის მიუხედავად, რომ ამ მიღწევით გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ 10 მილიონამდე ადამიანი მოევლინა სამყაროს და ორჯერ ამდენ ადამიანს მშობლად ყოფნის ოცნება აუხდა.
ფილმი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მთავარი გმირი ჯინ პერდია, ქალი, რომლის გარეშეც ჯოი ბრაუნის დაბადება წარმოუდგენელი იქნებოდა. ხშირად, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის მიღწევებსა თუ გამოგონებებში ქალების როლი იკარგება, ჯილდო მხოლოდ კაცებს ხვდებათ წილად და ქალის შრომა აღნიშვნასაც არ იმსახურებს. ჯინ პერდის შემთხვევაშიც ასე იყო. ბრიტანული ჰოსპიტლის მემორიალურ დაფაზე, ინ ვიტრო გამოგონების შემოქმედი ადამიანების სრულყოფილი სია, მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ ამოიტვიფრა.
„ჯოი“ გულწრფელი და ამაღელვებელი ფილმია და თუ მეცნიერება, ამ სფეროს ეთიკური გამოწვევები და ადამიანური სიმტკიცის დაუჯერებელი ისტორიები გაინტერესებთ, ნამუშევარი აუცილებლად უნდა ნახოთ.