თიკუ კობიაშვილი ქართველი ახალგაზრდა ფოტოგრაფი, სტუდენტი და რეჟისორია, რომელმაც პროტესტში გახვეულ თბილისში თავისი პირველი, 43-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც ახლახან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ლუკა ჩიბუხაია, თინა მაჭავარიანი და თიკუ კობიაშვილი ბერლინის კინოფესტივალზე
2023 წელს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ. მაშინ, ხალხის ზეწოლით, ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ 2024 წელს კანონპროექტი კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში.
ამ პროტესტების შუაგულში იმყოფებიან თიკუს მეგობრები და თავად თიკუ, კამერით ხელში, რომლებიც ცდილობენ, თავად განსაზღვრონ მომავალი და არ დაემორჩილონ მთავრობის უსამართლო გადაწყვეტილებას. ამ სულისკვეთებით გაჩნდა ფილმი, რომელმაც თბილისის რეალობა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე გააცოცხლა. ახალგაზრდა რეჟისორი ჩვენთან ინტერვიუში ფილმსა და ბერლინალეს პრემიერაზე გვიყვება.
თიკუ, შეგიძლიათ გვიამბოთ სიუჟეტის მთავარ ხაზზე?
ფილმი ბავშვობის მეგობრების - თინას და ლუკას ყოველდღიურობას მოგვითხრობს, თბილისის ურბანულ გარემოში - სივრცეში, სადაც ცხოვრება თავისთავად პოლიტიკურია. ის აკვირდება მათ ემოციურ ცვალებადობას, ფიქრებსა და განცდებს ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც თვითრეფლექსია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია. თინა და ლუკა თითქოს ემშვიდობებიან ბავშვობის ტკბილ თავისუფლებას, სანამ ზრდასრულობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს შეეჯახებიან, პარალელურად კი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საერთო ბრძოლაში ერთვებიან.
ლუკა ჩიბუხაია და თინა მაჭავარიანი. კადრი ფილმიდან „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“
როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ბერლინის კინოფესტივალზე დებიუტი როგორც თქვენ, ასევე ქართულ კინოს საერთაშორისო ასპარეზზე?
ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა, დამწყები რეჟისორისთვის, და, მეორე მხრივ, როგორც ქართველისთვის, შესაძლებლობა რომ დიდი და უცხო აუდიტორიისთვის მომეყოლა, თუ როგორ მნიშვნელოვანი ბრძოლაში ვართ ჩართულები, უძვირფასესი იყო და თანაც უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. რაც შეეხება ქართულ კინოს, ჩემი ფილმი კიდევ ერთი შეხსენება გახდა იმისა, რომ კინო და ხელოვნება ძლიერი, დამოუკიდებელი და ღრმად პოლიტიკური სივრცეა. ეს ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ვერავინ გააჩუმებს ცენზურით.
როგორი იყო ფილმზე მუშაობის პროცესი? რა გამოწვევებს წააწყდით გზად?
რადგან ფილმი ჩემი და ჩემი მეგობრების ბუნებრივ ყოველდღიურობას აკვირდება, ის მოვლენებიც, რომლებსაც კამერით ვაფიქსირებდი, ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მთავარი გამოწვევა ის იყო, თუ რამდენად შევძლებდი ჩემთვის კარგად ნაცნობი ამბების უცხო თვალისთვის საინტერესოდ გადმოცემას. ტექნიკური სირთულეებიც იყო გადაღების პროცესში - განსაკუთრებით აქციებზე, ხალხის მასაში და დარბევების დროს, როდესაც გადაღება და თან მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვა აუცილებელი იყო.
გზავნილი მარტივია: ვერავინ გააჩერებს ხალხის ზღვას, რომელიც ქვეყნის სიყვარულით სავსე გულით გამარჯვებისთვის იბრძვის.
როგორი იყო თქვენი გამოცდილება ბერლინის კინოფესტივალზე? მოგვიყევით ემოციებზე, როდესაც ფილმის პრემიერას ესწრებოდით.
პრემიერა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ყველაზე სასიამოვნო იყო მაყურებლის გულწრფელი ემოციების დანახვა და მოსმენა, იმ მაყურებლისაც კი, რომელიც ფილმს სუბტიტრებით ადევნებდა თვალს.
Ph: ელენე კვარაცხელია
როგორ მიიღო საერთაშორისო აუდიტორიამ ფილმი? გქონდათ შესაძლებლობა, რომ მაყურებლისგან პირდაპირი გამოხმაურება მიგეღოთ?
საერთაშორისო მაყურებელი ზუსტად მიჰყვა ფილმის ემოციურ დინამიკას. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ის, რომ ბევრისთვის ჩვენი ბრძოლა მისაბაძი და სამაგალითო აღმოჩნდა. ასევე, არაერთმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მათთვისაც ნაცნობია.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ – თამთა მელაშვილის რომანი პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ემოციურად დატვირთული ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება და ეკრანიზაციაც მოჰყვა, მკითხველს ძლიერი შთაბეჭდილებით ტოვებს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.