#წიგნების თარო

რა წიგნები აჩუქა WHITE LOTUS-ში ჩელსიმ საქსონს?

გაზიარება:

თეთრი ლოტუსის“ მესამე სეზონის დასაწყისში, გემბანზე წამოჭიმული საქსონ რატლიფი ზუსტად ის ტიპაჟია, რომლის დანახვისას მარტივად აატრიალებთ თვალებს — თვითკმაყოფილი, ნარცისი და გათამამებული nepo baby, რომლისთვისაც ჯერ „არა“ არავის უთქვამს.

თეთრი ლოტუსი, საქსონი, საქსონ რატლიფი, პატრიკ შვარცენეგერი, The White Lotus, Saxon Ratliff,  Patrick Arnold Schwarzenegger
საქსონ რატლიფის როლს მსახიობი პატრიკ შვარცენეგერი ასრულებს

საქსონის პერსონა სერიალის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იბზარება, და მაიკ უაითის დახმარებით, პერსონაჟის საინტერესო ინიციაციის პროცესის მომსწრენი ვხდებით. სამშობლოდან ძალიან შორს, ტაილანდში მთელი ოჯახი პაიფერმა, საქსონის უმცროსმა დამ წამოიყვანა — მიზეზად უნივერსიტეტის ნაშრომი მოიგონა, რეალურად კი ბუდისტ ბერებთან, პანსიონის შესათვალიერებლად ჩამოვიდა.

თეთრი ლოტუსი, საქსონი, საქსონ რატლიფი, პატრიკ შვარცენეგერი, The White Lotus, Saxon Ratliff,  Patrick Arnold Schwarzenegger, Piper Ratliff, Sarah Catherine Hook
პაიფერ (სარა ქეთრინ ჰუკი) და საქსონ რატლიფები

უნდოდა გაეგო, შეძლებდა თუ არა ცხოვრებისეული მიზნის შესაცნობად მთელი წელი იმ პირობებში ცხოვრებას. პაიფერმა ერთი დღეც ძლივს გაძლო ორგანული საკვებისა და კონდიციონერის გარეშე და სახლში ისევ მდიდარი (თუმცა ესეც საეჭვოა) მამის იმპერიის პრინცესის როლში დაბრუნდა.

თეთრი ლოტუსი, The White Lotus, Aimee Lou Wood, ეიმი ლუ ვუდი, ჩელსი, Chelsea
ჩელსის როლს მსახიობი ეიმი ლუ ვუდი ასრულებს

აი საქსონის ცხოვრება კი ნამდვილად შეიცვლება და ამაზე პასუხისმგებელი სერიალის უდავო ფავორიტი, ჩელსი და მისი წიგნების თაროა.

ჩელსი ბრიტანელი გოგოა, რომელიც მასზე გაცილებით დიდი ასაკის შეყვარებულ რიკთან ერთად ტაილანდში ამოყოფს თავს. სანამ რიკი პირად დრამებშია გახვეული, ჩელსის პერსონაჟი მაყურებლებისთვის თავის შეყვარებას ოპტიმიზმით, სიყვარულის გასაოცარი უნარითა და თავგანწირვით ახერხებს. ხოლო პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ჩელსიმ საქსონის პიროვნების „გამოსწორება“, შესაძლოა იმ წიგნებში ვიპოვოთ, რომლებიც მეშვიდე სერიაში ჩელსიმ საქსონს გადაულოცა.

თეთრი ლოტუსი, The White Lotus, Season 3 white lotus, თეთრი ლოტუსის მესამე სეზონი

ჩელსის და საქსონის ურთიერთობა არასახარბიელოდ დაიწყო. ჩელსის პირველივე დღიდან აღიზიანებს საქსონის ყალბი შარმი და უაზრო ფლირტი — და ამაში ვერც შეედავებით. თუმცა, ნელ-ნელა მათი ყოველი კომუნიკაცია უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ჩელსისთან იქნება საქსონი ყველაზე გულწრფელი, ჩელსი შეძლებს მას დაანახოს მანკიერებები და სულიერი განწმენდის გზაზე დააყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის წიგნების სრული სია სერიალში არ ჩანს, გარკვეული მინიშნებებით შეგვიძლია რამდენიმე მათგანის ამოცნობა. ყველას კი ის საერთო აქვს, რომ ტკივილთან გამკლავების, სულიერ სიმდაბლესა და ეგოსთან ჭიდილში გზამკვლევის როლს ასრულებენ.

თეთრი ლოტუსი, The White Lotus, Season 3 white lotus, თეთრი ლოტუსის მესამე სეზონი, საქსონი, საქსონ რატლიფი, When Things fall apart

„When Things Fall Apart“ — პემა ჩოდრონი

ეს ის წიგნია, რომელსაც საქსონი ფინალურ სცენაში კითხულობს. ნაწარმოები ბუდისტური კლასიკაა, რომელიც მკითხველს ასწავლის, როგორ მივიღოთ დისკომფორტი — ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც ცხოვრებისეული კრახი კი არა, რაღაც ახალი დასაწყისი შეიძლება აღმოჩნდეს. საქსონი, რომელიც მთელ სეზონს თავისივე გრძნობებისგან გაქცევაში ატარებს, ბოლოს და ბოლოს პირისპირ რჩება მათთან. თავდაპირველად ის ოჯახის წევრებს უმალავს წიგნს, ბოლოს კი მათ გვერდით გემბანზე კითხულობს — შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სულიერ გზას სწორედ ტაილანდში დაადგა. მთავარია, ეს ფიქრები ამერიკამდე ჩაჰყვეს.

თეთრი ლოტუსი, The White Lotus, Season 3 white lotus, თეთრი ლოტუსის მესამე სეზონი, საქსონი, საქსონ რატლიფი, Start Where you are

„Start Where You Are“ — პემა ჩოდრონი

ეს წიგნიც მხოლოდ ფინალურ ეპიზოდში ჩნდება. სახელწოდება ზუსტად მიუთითებს პერსონაჟის ახალ გზაზე, რომელიც სწორედ იმ მომენტში იწყება. საქსონისთვის ეს წიგნი ბიძგია, რომ ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგას. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანის სულიერი მოგზაურობა ერთ წინასწარ დაგებულ გზაზე მიმდინარეობდეს — ბილიკებით სიარული და გაუკვალავ ტყეებში ბოდიალიც ამ პროცესის ნაწილია. უბრალოდ დაწყებაც კი საკმარისია.

Start Where You Are: A Guide to Compassionate Living

„Start Where You Are“ - პემა ჩოდრონი

ყიდვა

დევიდ დეიდა — „The Enlightened Sex Manual

დეიდა ამ წიგნში სექსზე, როგორც სულიერ კავშირზე საუბრობს — რაც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც საქსონი ფიქრობს სექსის შესახებ. ჩელსი ცდილობს საქსონს დაანახოს, რომ სექსუალური კავშირის დროს საკუთარი სურვილების გააზრება და გრძნობები მნიშვნელოვანია.

When Things Fall Apart: Heart Advice for Difficult Times

„When Things Fall Apart: Heart Advice for Difficult Times“ - პემა ჩოდრონი

ყიდვა

ოშო — „The Book of Secrets

ზუსტად არ ვიცით, ეს წიგნი მოხვდა თუ არა საქსონის ხელში, თუმცა ჩელსი ხშირად ციტირებს ოშოს და სავარაუდოდ კითხულობს კიდეც. თუ ჩელსიმ ეს წიგნიც საქსონს მისცა, ბატონ რატლიფს მთელი ცხოვრების საფიქრალი ჩაუგდო ხელში. საქსონი თავიდან ისე მალავს ამ წიგნებს, როგორც პატარა ბავშვი რაიმე აკრძალულ ნივთს, თუმცა ბოლოს ეს იცვლება და საჯაროდ იწყებს მათ კითხვას.

თეთრი ლოტუსი, The White Lotus, Season 3 white lotus, თეთრი ლოტუსის მესამე სეზონი, საქსონი, საქსონ რატლიფი, ჩელსი და რიკი, Chelsea and Rick hug

საქსონის პერსონაჟის განვითარება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხაზია ამ სეზონში. ჩელსის საქსონი ერთი კვირა თუ იცნობდა მხოლოდ და მომავალში არასდროს შეხვდებიან ერთმანეთს. მათი ამბავი გვაფიქრებინებს, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოვახდინოთ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში გარდამავალი, თითქოს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. ჩელსი ძლიერია — სიყვარულის, ოცნების უნარი აქვს და ძალიან გულწრფელია. ეს თვისებები საქსონს ნამდვილად არ აწყენდა. ის მისია კი, რაც პაიფერს ჰქონდა — ყოფილიყო ოჯახიდან ერთადერთი, რომელიც განსხვავებულ გეზს აიღებდა ცხოვრებაში — შესაძლოა, საქსონმა გადაიბაროს. ბუნებრივია, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთვის ერთთვიან და საქსონისთვის ერთკვირიან თავგადასავალში მისი მთელი პიროვნება შეიცვალა, მაგრამ ის ისეთი პერსონაჟია, რომელზე ფიქრიც ძალიან საინტერესო აღმოჩენებამდე მიგვიყვანს.

ზევით