ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული სტილი რეალობისა და ფანტაზიის გზაგასაყარზეა. ზაჰას დიზაინით შექმნილი შენობები არქიტექტურის ხელოვნებაში სრულიად ახალ პერსპექტივებს გვთავაზობს. ირანელი არქიტექტორი ბევრი ქალისთვის გამხდარა ინსპირაცია. ფორბსის მიხედვით, ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის საპატიო ადგილს იკავებდა.
მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ჯილდოები იწერება. ჰადიდი პირველი ქალია, რომელმაც პრიცკერის არქიტექტურის პრემია მიიღო. 2016 წელს ასევე პირველი ქალი გახდა, რომელმაც RIBA-ს ოქროს მედალი დაიმსახურა.
ზაჰა ჰადიდი 1950 წელს, ბაღდადში დაიბადა. ბეირუთის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ლონდონში არქიტექტურის შესასწავლად წავიდა.
ზაჰა ჰადიდისთვის მხატვრობა საზღვრებისა და ლიმიტებისგან გაქცევის საშუალება იყო. მასზე დიდი გავლენა კაზიმირ მალევიჩმა მოახდინა. ზაჰას იმდროინდელი არქიტექტურული სტანდარტების მსხვრევისა და შემოქმედებითი თავისუფლების სურვილი ამოძრავებდა.
ზაჰა ჰადიდის მიერ, მალევიჩის ინსპირაციით შექმნილი დიზაინი
მალევიჩის გეომეტრიული ფიგურები ზაჰა ჰადიდს რეალურ შენობებად რომ გადაექცია, დიდი შრომა დასჭირდა. მოძრაობა, აბსტრაქცია, ფრაგმენტულობა - ეს იყო ის, რითაც 1980-იან წლებში ზაჰას სტილმა არქიტექტურაში გადატრიალება მოახდინა. ზაჰა ჰადიდის სტილზე უდიდესი გავლენა ისლამურმა კალიგრაფიამაც იქონია. მის დიზაინებში არაბესკი, თხევადი ფორმები სწორედ ირანული კულტურისა და დამწერლობის გამოძახილია.
საგამოფენო სივრცე, ლონდონი
ზაჰა ჰადიდს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სივრცეს ოპტიმალურად არ იყენებდა, ექსტრავაგანტურ შენობებს ქმნიდა და კომფორტზე არ ზრუნავდა. მიუხედავად ამისა, ჰადიდს თავისი ხაზი არ შეუცვლია და არქიტექტურას ყოველთვის მიიჩნევდა ხელოვნებად, რომელიც კომფორტის საზღვრებში ვერ მოექცეოდა. ზაჰას სურდა თავისი წარმოსახვიდან უწონო, გრავიტაციის კანონს მიღმა არსებული საგნები რეალობაში გადმოეტანა.
ზაჰა ჰადიდის ჩანახატი
იმის მიუხედავად, რომ ზაჰა ჰადიდის ნახაზები და დიზაინები მსოფლიოს ყურადღებას იმსახურებდა, ყველა თვლიდა, რომ ის იქნებოდა არქიტექტორი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არაფერს ააშენებდა. ძალიან კომპლექსური და დეტალიზებული დიზაინების გამო, ზაჰა ჰადიდის შედევრებს რეალურ ცხოვრებაში ვერ გადმოსვლის საფრთხე ემუქრებოდა. ეს უხილავი წყევლა 1993 წელს დაიმსხვრა, როცა ზაჰამ პირველი სრულყოფილი პროექტი - სახანძრო შენობა ააგო.
სახანძროს შენობა, რაინი, გერმანია
ეს შენობა მთლიანად გეომეტრიული ფიგურებისა და მრავალწერტილიანი პერსპექტივითაა შექმნილი. ის მეხანძრეებისთვის სამუშაოდ კომფორტული არ გამოდგა, დღეს კი საგამოფენო სივრცეა. ზაჰას შემდგომი შენობები თავდაპირველ ხაზს ინარჩუნებენ, თუმცა არქიტექტორი უფრო მეტად ფორმების, სივრცის, პერსპექტივების დეკონსტრუქციას მიმართავს და დინამიზმსა და მოძრაობაშია გადაშვებული.
ჰეიდარ ალიევის ცენტრი, ბაქო
The Guardian-მა ზაჰა ჰადიდს "Queen of Curves" უწოდა. ამ მეტსახელს ყველაზე მეტად ზაჰას დიზაინით აშენებული ჰეიდარ ალიევის ცენტრი ამართლებს. სწორედ ამ შენობის გამო, ზაჰამ წლის საუკეთესო დიზაინის ჯილდო და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.
ხიდი ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში. ხიდი 29 000 სამკუთხედისგან შედგება
ზაჰამ 1980 წელსარქიტექტურული კომპანია დააარსა და ტრადიციას დაუდო სათავე. ის და მისი გუნდი მსოფლიოს გარშემო ადგილობრივ არქიტექტორებთან და დეველოპერებთან თანამშრომლობით უნიკალურ შენობებს ქმნიდნენ და მსოფლიოს მრავალ ნაწილში ზაჰას კვალს ტოვებდნენ. ზაჰა ჰადიდის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ ავანგარდული დიზაინით, გეომეტრიით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გაითქვა სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ზაჰა 65 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, მისი სტილი და ხელოვნების სიყვარული არქიტექტორული კომპანიის ყველა წევრის დნმ-ში დარჩა ჩაწერილი და ისინი ზაჰას საქმიანობას ღირსეულად აგრძელებენ.
საცხოვრებელი სახლი ნიუ-იორკში, ზაჰა ჰადიდის ერთ-ერთი უკანასკნელი ქმნილება
ზაჰა ჰადიდის გამორჩეული ნამუშევარია ჩინეთის ოპერის სახლი.შენობა ორ დიდ ლოდს წააგავს. ზაჰას იდეაც ეს იყო, ოპერის სახლი "მარგალიტის მდინარის" ნაპირზე გამორიყული ორი ქვაა, რომელსაც ზაჰამ ახალი სული შთაბერა.
ჩინეთის ოპერის სახლი
გარდა თვალისმომჭრელი ექსტერიერისა, რომელსაც ზაჰას ხელწერა - ფორმებითა და ხაზებით თამაშის სიყვარული ემჩნევა, ოპერის ინტერიერის ზღაპრული სილამაზეც განუმეორებელია. ოპერის ჭერი სხვადასხვა ზომის განათებებითაა მოჭედილი და წარმოდგენაზე მისულ სტუმრებს ვარსკვლავებით სავსე ცის მაგივრობას უწევს.
ჩინეთის ოპერის სახლის ინტერიერი
თანამედროვეობისა და ტრადიციის საინტერესო ნაზავია ზაჰას კარიერის მიწურულს შექმნილი პორტის შენობა. თუ არ იცოდით, ანტვერპენი ევროპაში სიდიდით მეორე პორტია. პორტის შენობა მომუშავე პერსონალს აღარ აკმაყოფილებდა და განახლება იყო საჭირო. ზაჰა ჰადიდმა თავის გუნდთან ერთად ხუთასი თანამშრომლისთვის ახალი და კომფორტული სივრცე შექმნა, რომელიც თან პორტის შენობისგან ძალიან განსხვავდება, თანაც ძველის და ახლის ესთეტიკები იდეალურად ერწყმის.
ანტვერპენის პორტი
ზაჰა ჰადიდის არქიტექტორების გუნდი თბილისით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სულ მალე ჩვენს დედაქალაქში მრავალფუნქციური ცათამბჯენი აშენდება. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის, Manuela Gatto-ს თქმით, თბილისი თავისი ურბანული მოწყობითა და თანამედროვე, თუ ტრადიციული არქიტექტურული სტილით, ზაჰა ჰადიდის გუნდისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი აღმოჩნდა.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.
ათენი წლის ნებისმიერ დროს უნიკალურია – აღმოაჩინეთ ქალაქის ისტორია, კულტურა, გასტრონომია და ენერგიული ღამის ცხოვრება. გაიგეთ, რა უნდა მოინახულოთ, სად უნდა ისადილოთ და როგორ შეიგრძნოთ ათენის ავთენტური ატმოსფერო.