Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
უკვე ათწლეულებია, რაც A-list-ერების ყველაზე გამორჩეული სახეები თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, ვერა ვანგის საქორწილო კაბებზე აკეთებენ არჩევანს. ვიქტორია ბექჰემი, დები კარდაშიანები, მერაია ქერი, ჰეილი ბიბერი, არიანა გრანდე და ისეთი გამოგონილი პერსონაჟებიც, როგორებიც კერი ბრედშოუ და ბლერ ვალდორფი არიან, ერთხმად ირჩევდნენ Vera Wang-ის ზღაპრულ კაბებს. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ვანგს სწორედ საქორწინო კაბების შემოქმედად იცნობს, მისი ისტორიული ნამუშევრები უფრო ფართო მასშტაბებზე ასპარეზობენ და ხშირად, წითელი ხალიჩების ნამდვილ მოვლენადაც გვევლინებიან. 2006 წელს, მიშელ უილიამსის კაბა Oscar-ის წითელ ხალიჩაზე, აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ სილუეტად არის მიჩნეული.
მსგავსი ეფექტი მოახდინა ვერა ვანგის მიერ შექმნილმა კაბამ 2018 წელს Met Gala-ზე, სადაც არიანა გრანდეს სიქსტეს კაპელის პრინტირებული სილუეტი ამშვენებდა.
შვიდი წლის ასაკიდან, გვიან თინეიჯერობამდე, როგორც დამწყები ოლიმპიელი, ვერა ვანგი მთელი არსებით იყო კონცენტრირებულ ფიგურულ სრიალზე. როდესაც 1968 წელს, აშშ-ს ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა, ვანგი დარწმუნდა, რომ ამ უაღრესად კონკურენტუნარიან სპორტში, საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და გადაწყვიტა თავი სხვა სფეროში გამოეცადა. სრულიად მოულოდნელად, სწავლის პარალელურად ნაპოვნი სამსახურით, ვანგმა მოდის სამყაროში ამოყო თავი. მეორე კურსზე სწავლისას, მომავალი ლეგენდარული დიზაინერი, მედისონ ავენიუზე, Yves Saint Laurent-ის ბუტიკში მუშაობისას Vogue-ის მოდის დირექტორ ფრენსის პატიკ სტეინს შეხვდა.
შეხვედრიდან მალევე, 1971 წელს, ვანგმა პოლი მელენის ასისტენტად დაიწყო Vogue-ის მოდის განყოფილებაში. მუშაობის პირველ დღეს, ვერას Devil Wears Prada-სეული გამოცდილება ერგო, როდესაც Saint Laurent-ის თეთრ კაბასა და პლატფორმის ქუსლიან ფეხსაცმელებში მისული თანამშრომელი, არაპტაქტიკული ჩაცმულობისთვის, მელენმა სახლში გამოსაცვლელად გაუშვა. ამავე რედაქციაში, ვერა ვანგი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მოდის რედაქტორად იქცა და ჟურნალში ორი ათწლეულის განმავლობაში იმუშავა, ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც ირვინგ პენი და რიჩარდ ავედონი არიან.
ვერა ვანგის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგა დრო, როდესაც საკუთარ ამპლუაში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, ვერამ კიდევ ერთხელ შეიცვალა პროფესიული მიმართულება და Ralph Lauren-ის დიზაინის დირექტორად დაიწყო მუშაობა, სადაც პირველად აღმოაჩინა საქორწილო ბაზრის ხარვეზები.
40 წლის ასაკში, ვერა ვანგმა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მედისონის ავენიუზე საკუთარი საქორწილო ბუტიკი გახსნა. თავის წიგნში Vera Wang on Weddings ის წერს: „როგორც მოდის პროფესიონალი და ყოფილი პატარძალი, ახლა შემიძლია გადავთარგმნო მთელი ეს ცოდნა და სტილის სიყვარული ქორწილების ვიზუალურ და ემოციურ ლექსიკაში. ქორწილების გამოცდილებით, როგორც პირადი, ასევე პროფესიული პერსპექტივიდან, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პატარძლებისთვის ჩემზე თავდადებულს ვერავის ნახავთ”.
ვანგის გამბედაობამ და ინტუიციამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო. მას შემდეგ, რაც თავისი სახელობის ბრენდი დააფუძნა, ვანგმა მოდის იმპერიას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი საქორწილო კაბებისგან, სათვალეების, სუნამოებისა და სამკაულების ხაზისგან შედგება.
ვერა ვანგი არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, სადღაც მეორე იღება შენთვის. 40 წლის ასაკში ნულიდან დაწყებული ბიზნესით, ყოველგვარი ტრადიციული ტრენინგის ან დიზაინის სფეროში მიღებული განათლების გარეშე, ვერა ვანგმა ათიათასობით პატარძლის ოცნება რეალობად აქცია, შემოსა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა და მოდის სამყაროში იქცა ნამდვილ ცოცხალ ლეგენდად.
74 წლის ასაკში ვანგი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ასაკი არ განსაზღვრავს წარმატებას და არასდროს არის გვიანი თქვენი ოცნებების ასრულებისთვის.