14 ივნისს UFC-ის ისტორიაში პირველად მებრძოლები ერთმანეთს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში დაუპირისპირდებიან. UFC Freedom 250-ის ბრძოლა ჩემპიონ ილია თოფურიასა და დროებითი ჩემპიონ ჯასტინ გეიჯს შორის გაიმართება. ამ ბრძოლაში გაირკვევა, ვინ გახდება UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი.

Freedom 250 მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ, ეს შოუ აშშ-ის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო პროგრამის ნაწილია და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებთან ერთად იმართება. სწორედ ამიტომ, საღამოს არა მხოლოდ MMA-ს გულშემატკივრები, არამედ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

თარიღიც სიმბოლურია, 14 ივნისს დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეა. ტრამპს UFC-სთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ორგანიზაციის განვითარებაში სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი წვლილიც აქვს შეტანილი.

რაც შეეხება თავად მებრძოლებს, თოფურია დღეს სპორტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. 2024 წელს მან ნოკაუტით დაამარცხა ორი ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი, რითაც დაამტკიცა თავისი უპირატესობა ქვემსუბუქ წონაში. 2025 წელს ქართველმა მებრძოლმა წონითი კატეგორია შეიცვალა და მსუბუქ წონაში გადასვლისთანავე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხების შემდეგ, თოფურია ჩემპიონის ქამარს დაეუფლა და ახალი დივიზიონის მთავარ ვარსკვლავად იქცა.

ბრძოლის წინ ჩემპიონი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია:
თუ ჩემს უნარებს და გეიჯის უნარებს ერთმანეთს შევადარებთ, ვფიქრობ, რომ ყველა ასპექტში უკეთესი ვარ. მას გამარჯვების თითქმის ნულოვანი შანსი აქვს, – თოფურია.
ჯასტინ გეიჯი კი მეტოქის თავდაჯერებულობას ირონიით შეხვდა:
ის საკუთარ თავს მეფეს უწოდებს და ღმერთივით იქცევა. ახალგაზრდა მეც ვყოფილვარ და მეც დამიშვია მსგავსი შეცდომები, – გეიჯი.
ექსპერტების ნაწილი ამ დაპირისპირებას 2026 წლის ყველაზე დიდ MMA ბრძოლად უკვე მოიხსენიებს. ერთი მხრივ, ოქტაგონზე ვიხილავთ დაუმარცხებელ ჩემპიონს, რომელმაც ბოლო წლებში UFC-ის ლეგენდები დასცა, მეორე მხარეს კი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და გამოცდილი მებრძოლი იქნება, რომელიც კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ისტორიული ლოკაციის, განსაკუთრებული მასშტაბის ღონისძიებისა და ორი ელიტური მებრძოლის დამსახურებით, ეს ბრძოლა უკვე არის წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სპორტული მოვლენა. თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირებას15 ივნისს თბილისის დროით 4 საათზე გაიმართება.
Ph: Lasha Kuprashvili