Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
როდესაც ოდრი ჰეპბერნზე ვფიქრობთ, პირველი რაც გვახსენდება მისი პატარა შავი კაბა და ტიარაა Breakfast at Tiffany’s-დან. ეს აღმოჩნდა ჩაცმულობა, რომელმაც სამუდამოდ აღბეჭდა მსახიობი ჩვენს მეხსიერებაში, თუმცა ოდრის სტილი ეკრანებზე თუ რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ ამ ლუქით ნამდვილად არ განსაზღვრულა. მისი ცნობილი საქორწინო კაბები Funny Face-ში, Roman Holiday-სა და Sabrina-ში წლების განმავლობაში შთააგონებდა პატარძლებს, რომლებიც ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ ზღაპრული საქორწინო სილუეტები, რომლებიც ჰეპბერნს ეკრანებზე ეცვა.
საკულტო გახლდათ ოდრი ჰეპბერნის საპატარძნო კაბები რეალურ ცხოვრებაშიც, ორი ქორწინება (ის იყო დაქორწინებული მელ ფერერზე და ანდრეა დოტიზე) და სამი კაბა, რომელთაგან ერთი ოდრის არასდროს სცმია, სრულად განასახიერებდნენ მსახიობის სტილს: მინიმალისტურს, ელეგანტურს და ოდნავ მხიარულს.
Fontana-ს კაბა, 1952 წელი
ცნობილი, როგორც საქორწინო კაბა, რომელიც მომავალ პატარძალს არასდროს სცმია. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მსახიობი საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა, ოდრი ბრიტანელ ბიზნესმენ ჯეიმს ჰანსონზე იყო დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი არ შედგა, ჰეპბერნს საპატარძლო კაბა უკვე შეკერილი ჰქონდა. კაბის შეკერვა ოდრიმ რომში დაფუძნებულ Fontana-ს დებს მიანდო, ამ დროს მსახიობი Roman Holiday-ზე მუშაობდა.
ქორწილის გაუქმების შემდეგ, ოდრიმ სთხოვა დიზაინერებს კაბა, ყველაზე ლამაზი იტალიელი პატარძლისთვის ეჩუქებინათ, რომელსაც მისი შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. აბრეშუმის საპატარძლო კაბამ მალევე იპოვა ახალი მფლობელი. იგივე კაბა, 2009 წელს აუქციონზე 13.800 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
Balmain-ის კაბა, 1954 წელი
იმავე წელს, მარტში, ოდრი ჰეპბერნმა Roman Holiday-ში შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა, მსახიობს დაჯილდოების ცერემონიაზე იუბერ დე ჟივანშის თეთრი მაქმანებიანი კაბა ეცვა. დიზაინერი და მომავალი უახლოესი მეგობარი, ოდრიმ 1953 წელს პარიზის ატელიეში გაიცნო. მართალია, მსახიობი გაცნობისთანავე იქცა ჟივანშის შთაგონების მთავარ წყაროდ და მარადიულ მუზად, თუმცა 1954 წელს, მელ ფერერთან ქორწილის დროს ჰეპბერნს არა Givenchy, არამედ Balmain ამშვენებდა. დიდი ზომის სახელობით, გრძელი ხელთათმანებით, მდგრადი საყელოთი და უკან უზარმაზარი ბაფთით, ოდრის ეს კაბა დღემდე ითვლება ინსპირაციად მათთვის, ვინც საკუთარი ქორწილისთვის რაღაც უფრო ორიგინალურს ეძებს.
Givenchy-ს კაბა, 1969 წელი
იუბერ დე ჟივანშის, საბოლოოდ მაინც ხვდა ოდრისთვის საპატარძლო კაბის შექმნის პატივი. 1969 წელს, ოდრიმ იტალიელ ფსიქიატრზე, ანდრეა დოტიზე იქორწინა. ჰეპბერნმა ჟივანშის სთხოვა, მისთვის რაღაც მინიმალისტური, არა პომპეზური შეექმნა, შედეგად კი სამყარომ იხილა ვარდისფერი მინი კაბა, გრძელი სახელოებითა და ამავე ფერის თავსაბურავით. კაბა იდეალური არჩევანი აღმოჩნდა შვეიცარიის მერიაში გამართული ქორწინებისთვის. ერთ წელიწადში ოდრის და ანდრეას ვაჟი შეეძინათ, წყვილის ურთიერთობამ 14 წელიწადს გასტანა, ისინი 1982 წელს განქორწინდნენ.
მეორე წარუმატებელი ქორწილების შემდეგ, ოდრიმ კიდევ ერთხელ იპოვა სიყვარული ჰოლანდიელ მსახიობ რობერტ ვოლდერსთან, წყვილი ერთად გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, თუმცა მათ არასდროს უქორწინიათ.