გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი Sotheby’s აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა და თანამედროვე ხელოვნების ბაზრის ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის - Milan Fashion Week 2022 შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება 15-17 იანვარს, მოდის დედაქალაქში გაიმართა. მოდის კვირეულის მიმართ მოლოდინი თავიდანვე მაღალი იყო, თუმცა COVID 19-ის მსოფლიო პანდემიის და ომიკრონის შტამის მძვინვარების და ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის გამო, არა ერთმა ცნობილმა ბრენდმა გააუქმა ფიზიკური ჩვენებები და ღონისძიებები.

3-დღიანი მოდის კვირეულის განრიგი მნიშვნელოვნად შემცირდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებები ისეთმა მოდის სახლებმა გააუქმეს, როგორებიც Giorgio Armani, Emporio Armani, Gucci, MSGM და JW Anderson არიან. მიუხედავად ამისა, Milan Fashion Week 2022 მაინც შედგა, რაც დიდწილად Dolce & Gabbana-ს, Fendi-სა და Prada-ს დამსახურებაა, ბრენდების, რომლებმაც თავიანთი ჩვენებებით მსოფლიოს ალაპარაკება მოახერხეს.
დიზაინერმა სილვია ვენტურინიმ Fendi-ს 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის, შთაგონება 1920-იანი წლებიდან აიღო, მოდის სახლის ახალ კოლექციას, მის სილუეტებს სწორედ ამ ეპოქის გლამური და დახვეწილობა დაჰყვებოდა ფონად. თუმცა, გასული საუკუნის 20-იანი წლების გარდა მოდის სახლის კრეატიული დირექტორისთვის ინსპირაციის წყარო ქალის გარდერობიც აღმოჩნდა.

ჩვენ ქალები, ხშირად ვიცვამთ მამაკაცის ქურთუკებს, ვერ ვხვდები რატომ არ იღებენ ისინი შთაგონებას ჩვენი გარდერობებიდან - განაცხადა სილვიამ.




Dolce & Gabbana-ს ჩვენი იმედები არც ამჯერად გაუცრუებია და მოლოდინები 100%-ით გაამართლა. მამაკაცის ხაზის კოლექცია რეპერმა Machine Gun Kelly-მ მუსიკალური გამოსვლით გახსნა, თუმცა Machine Gun Kelly Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე არ იყო მხოლოდ მომღერალი, რეპის, პანკის, ემოსა და ალტერნატიული მუსიკის მიქსით, რომელიც მის პირად სტილსაც განსაზღვრავს, რეპერი წარმოადგენდა Gen Z-ის თაობას, ახალგაზრდებს რომლებიც მას ეთაყვანებიან.

სიცილიელი დიზაინერებისთვის შთაგონება Gen Z-ის თაობა, მუზა კი მეტავერსი გახდა, მამაკაცის ხაზის ჩვენებაში დიდი როლი მასიურმა სილუეტებმა და გრაფიტის პრინტებმა ითამაშეს.





თუ Dolce & Gabbana-მ პოდიუმი ერთ ვარსკვლავს დაუთმო, მიუჩია პრადამ და რამ საიმონსმა Prada-ს ჩვენებაზე ნახევარი ჰოლივუდი შეკრიბეს და დაუვიწყარი ჩვენება გამართეს. დიზაინერებმა მოდის სახლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მთლიანად მამაკაცის საოფისე სამოსს მიუძღვნეს, მათ პრესრელიზში სიტყვაც კი არ იყო ნახსენები COVID 19-ზე, პრადამ და საიმონსმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო პანდემიაზე კონცენტრაცია უნდა დასრულდეს მოდის სამყაროში და დრო, ენერგია და რესურსი მთლიანად ყოველდღიურ სტილს მოახმარეს.

Prada-ს 2022 წლის ჩვენებაში 10-მა ცნობილმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია კაილ მაკლაქლენმა გახსნა, ხოლო ჯეფ გოლდბლუმმა დახურა. ჩვენებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ეისა ბატერფილდი, თომას სენგსტერი, ჯეიდენ მაიკლი და სხვები.



