Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
Met Gala იმ მოცემულობით, რომლითაც მას ახლა ვიცნობთ, მოდის სამყაროსა და პოპ კულტურაში, ყველაზე მნიშვნელოვანი კოსტიუმირებული ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციისამებრ, მაისის პირველ ორშაბათს იმართება და რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო მოვლენათა ეპიცენტრად იქცევა ხოლმე. მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ იყო, ცნობილი ადამიანებით მოფენილ წითელ ხალიჩამდე, Met Gala მორიგ საქველმოქმედო საღამოდ იყო მიჩნეული, რომელიც პუბლიცისტმა ელეანორ ლამბერტმა კოსტიუმების ინსტიტუტისთვის შემოწირულობის შესაგროვებლად დააარსა.
ღონისძიებამ კულტურული ცვლილება მაშინ განიცადა, როდესაც დიანა ვრელენდი კოსტიუმების ინსტიტუტის კონსულტანტად აირჩიეს, Met Gala-ს ლოკაციად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი შეირჩა და ღონისძიებას გალა თემები დაემატა.
უკვე წლებია, რაც Met Gala-ს Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური ზედამხედველობს, ის აქტიურად თანამშრომლობს Met-თან, ხელმძღვანელობს სტუმრების სიისა და ყოველწლიური თემის შერჩევის საკითხებს. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სწორედ ანა წყვეტს თუ რომელი დიზაინერის სამოსს მოირგებენ ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩაზე.
TheDiary წარმოგიდგენთ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წლის ყველაზე პომპეზური მოდის საღამოს შესახებ უნდა იცოდეთ.
მოდის ზეიმის დასაწყისი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Met Gala-ს იდეის ავტორად პუბლიცისტი ელეანორ ლამბერტი გვევლინება, რომელმაც კოსტიუმების ინსტიტუტისთვის სახსრების მოსაზიდად, 1948 წელს პირველი საქველმოქმედო ვახშამი გამართა, თუმცა არა მაისში, არამედ დეკემბერში. ვახშამზე დასასწრები ბილეთი $50-ს შეადგენდა, Met Gala-ს შექმნიდან 1971 წლამდე, საღამო Met-ში არასდროს ჩატარებულა, ის ისეთ ლოკაციებზე იმართებოდა, როგორებიცაა ცენტრალ პარკი, ცისარტყელას ოთახი და Waldorf Astoria.
როდის იქცა Met Gala სოციალურ მოვლენად?
მას შემდეგ, რაც Vogue-ის მთავარი რედაქტორი, დიანა ვრელენდი კოსტიუმების ინსტიტუტს, კონსულტანტის ამპლუაში შეუერთდა, ღონისძიების კულტურულმა მექანიზმებმაც დაიწყო შეცვლა. ვრელენდის წყალობით, ვახშამი უფრო დახვეწილ მოვლენად იქცა, მის მთავარ ორიენტირად ცნობილი ადამიანები იქცნენ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ღონისძიების სტუმართა სია, იგი მოიცავდა იმ დროის ყველაზე დიდ ვარსკვლავთა სახელებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ელიზაბეტ ტეილორი, დიანა როსი, ელტონ ჯონი, შერი, ენდი უორჰოლი, ლიზა მინელი, ჰალსტონი, ჯეკი კენედი ონაზისი და ბიანკა ჯაგერი.
ტიპური საქველმოქმედო საღამოდან, დიანა ვრელენდმა Met Gala წვეულებად აქცია, რომელმაც ადგილი სამუდამოდ დაიდო მეტროპოლიტენის მუზეუმის კედლებში.
როგორ გახდა Met Gala-ს კოსტიუმები უფრო ექსტრავაგანტური წლებთან ერთად?
დიანა ვრელენდის მიღწევაა ისიც, რომ Met Gala პოპულარულ კულტურასთან გახდა ასოცირებული, ნელნელა, საქველმოქმედო საღამოს მიმართ ინტერესი გაიზარდა და მისკენ მთელი მედიის ყურადღება მიიმართა.
გალა თემები, საქველმოქმედო საღამოს ახალ მიმართულებად იქცა, პირველი თემატური საღამო 1973 წელს გაიმართა, სახელწოდებით The World of Balenciaga. წლების განმავლობაში, თემები ეძღვნებოდათ ცნობილ დიზაინერებს: ივ სენ ლორანს, ჯანი ვერსაჩეს, კრისტიან დიორს, ალექსანდერ მაკქუინს, ელზა სკიპარელისა და სხვებს, თუმცა 2004 წლამდე, Met Gala პომპეზურობასთან მაინც არ იყო გაიგივებული, სწორედ ეს წელი აღმოჩნდა მთავარი გარდამტეხი წვეულებების ისტორიაში, რომელმაც მაისის პირველი ორშაბათის მოვლენა მოდის ნამდვილ ზეიმად აქცია.
დიანა ვრელენდი, გარდაცვალებამდე, უფრო ზუსტად კი 1989 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა Met-თან, 1995 წელს, დიანას მემკვიდრეობა ანა ვინტურმა გადაიბარა. სწორედ ანას ზედამხედველობის დროს შეიცვალა ღონისძიების გამართვის თარიღი და მან დეკემბრიდან მაისში გადაინაცვლა, ვინტურის დამსახურებაა ის ფაქტიც, რომ Met Gala-ს დახურულ კარს მიღმა კოქტეილის საათი უფრო დახვეწილმა ვახშამმა ჩაანაცვლა.