Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული, მე-15 სეზონით, განახლებული ძალებით, უზღვავი ენერგიითა და ორიგინალური ხედვით დაგვიბრუნდა. ორ სეზონიანი პაუზის შემდეგ, 4 მაისს, MBFW თბილისმა 5-დღიანი მოდური თავგადასავლის სტარტი აიღო. ღონისძიებამ, რომელმაც პირველად მონიშნა საქართველო მოდის მსოფლიო რუკაზე და ქვეყნის პოპულარიზებას მსოფლიო ასპარეზზე დღემდე წარმატებით აგრძელებს, შემოდგომა/ზამთრის 23/24 წლის კოლექციის ჩვენებებისთვის კოკა-კოლის ყოფილ ქარხანაში - Factory Tbilisi-ში დაიდო ბინა.
მსოფლიო პანდემიის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ოფლაინ რეჟიმში იმართება, საერთაშორისო პრესის, მოდის კრიტიკოსებისა თუ ინფლუენსერების და ბაიერების გარემოცვაში. 2021 წელს, Factory Tbilisi-ში მოდის კვირეული ციფრულ ფორმატში გაიმართა და მაშინ MBFW თბილისის თვალებად და ყურებად thediary.ge იქცა, ამ ტრადიციას წელსაც სიამოვნებით განვაგრძობთ და მერსედეს-ბენცის მედია პარტნიორის ამპლუაში, მიმდინარე კვირეულის ჰაილაითებს გაგიზიარებთ.
ის, რაშიც MBFW თბილისის პირველმა დღემ ნათლად დაგვარწმუნა, გახლავთ ფაქტი - ორ სეზონიანი პაუზა მოდის კვირეულზე დადებითად აისახა, ახლა, ამ წუთებში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული და მრავალფეროვანია, რაც კი ოდესმე გვინახავს. Factory Tbilisi-ს მასშტაბები, მისი ეკლექტურობა და სახასიათო ინტერიერი თუ ექსტერიერი, კოკა-კოლის ყოფილ ქარხანას ერთ-ერთ რჩეულ ლოკაციად აქცევს მოდის კვირეულისთვის. ერთ სივრცეში თავმოყრილ რამდენიმე განცალკევებულ შენობაში მოვლენები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა ეს ერთიანობის შეგრძნებას სულაც არ არღვევს, პირიქით ამძაფრებს კიდეც.
მოდის კვირეულის მე-15 სეზონი, გუშინ, პრესტიჟული საერთაშორისო დიზაინის კონკურსის - BeNext-ის მონაწილე დიზაინერების საკონკურსო კოლექციების შოურუმის პრეზენტაციით გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას, ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი, ნიჭიერი და მოაზროვნე ახალგაზრდები იღებენ, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად გიამბობთ.
2023/24 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებების გახსნის პატივი უტა ბექაიასა და Melancholia-ს კოლაბორაციით შექმნილ კოსტიუმირებულ პროექტს ხვდა წილად, რომელმაც სრულად სიურრეალისტური სანახაობა წარმოგვიდგინა.
1 საათის შემდეგ კი პოდიუმი კონცეპტუალური ბრენდის Blikvanger-ის ახალმა თვალისმომჭრელმა და დასამახსოვრებელმა კოლექციამ დაიკავა - როგორც მის სახელწოდებას შეეფერება.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული დღეს კიდევ უფრო დახუნძლული განრიგით გრძელდება, თვალი მიადევნეთ TheDiary-ს Instagram გვერდს და ჩვენთან ერთად შეაბიჯეთ მოდის კვირეულის მოვლენათა ეპიცენტრში.