კანის ფესტივალს ყოველთვის რომანტიკული ელფერი დაჰკრავს. ლაჟვარდოვან ნაპირს განსაკუთრებული სტუმრები, თითქოს არა ფილმების შესაფასებლად, არამედ საკუთარი თავის, სამოსისა და მეორე ნახევრის დემონსტრირებისთვის სტუმრობენ. გავიხსენოთ იოკო ონოდან და ჯონ ლენონი, ჯონი დეპი და ქეით მოსი, ასევე ჯორჯ კლუნი და ამალ კლუნი. ამ უკანასკნელმა 2016 წელს სრული ფურორი მოახდინა კანის კინო ფესტივალის წითელ ხალიჩაზე და საუკეთესო წყვილების ისტორიის ტოპ 10-ში ჩაეწერა.

ჯორჯ კლუნი ფრანგული რივიერის ამ საფესტივალო ქალაქში საკუთარი ფილმის Money Monster წარსადგენად ჩავიდა, თუმცა, მთელი ყურადღება მისმა მეუღლემ, რომელსაც Versace-ს ულამაზესი კაბა ემოსა და არა მხოლოდ მან, არამედ თავად წყვილმა მოიპარა. კარგად გვახსოვს 2019 წელიც და თეთრებში შემოსილი წყვილი - პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი. პრიანკას Georges Hobeika-ს კაბა, ხოლო ნიკს Berluti-ს კოსტიუმი ემოსა.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ კანის ფესტივალის წითელ ხალიჩას არაერთი ძლიერი წყვილი ახსოვს, რომელიც განსაკუთრებული ქარიზმატულობით, ეშხით, ემოციებითა და გლამურულობით გამოირჩეოდა. მაშ ასე, გთავაზობთ ყველაზე ლამაზ წყვილებს ლაჟვარდოვანი ნაპირის წითელი ხალიჩიდან.

ვინსენტ კასელი და თინა კუნაკი 2018 წელი, კანის კინო ფესტივალი. წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნო, 2018 წელს დაქორწინდა და პირველი საერთო შვილი 2019 წელს შეეძინა.

ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუზი. წყვილმა ერთმანეთი 1992 წელს გაიცნო, თუმცა 2010 წელს დაქორწინდნენ და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად და ბედნიერად. მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალს, 2018 წლის კანის კინო ფესტივალის წითელ ხალიჩაზე Chanel-ის ვინტაჟური კაბა ემოსა.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი 2014 წელი. მსახიობებმა ერთმანეთი 2010 წელს ფილმის Green Lantern გადაღებისას გაიცნეს. შეყვარებულები მხოლოდ 2011 წელს გახდნენ, დაქორწინდნენ 2012 წელს, ახლა კი უკვე სამი შვილის მშობლები არიან.

ქეით მოსი და ჯონი დეპი 1998 წელი. 90-იანი წლების ყველაზე ლამაზი და გლამურული წყვილი ერთმანეთს მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდა, თუმცა მანამდე არაერთი წითელი ხალიჩის დამშვენება მოასწრეს.

დემი მური და ბრიუს უილისი. მსოფლიოს მათი სიყვარულის სჯეროდა და ეგონა, რომ არასდროს დაშორდებოდნენ, თუმცა, ზოგჯერ სიყვარული მთავრდება, მაგრამ გრძელდება მეგობრობა. სწორედ ასე მოხდა ჰოლივუდის ამ წყვილის შემთხვევაშიც. დემისა და ბრიუსს სამი ულამაზესი შვილი ჰყავთ.

რომი შნაიდერი და ალენ დელონი. გასული საუკუნის ორმა უდიდესმა მსახიობმა ერთმანეთი 1958 წელს გაიცნეს და დაინიშნნენ ამავე პერიოდში. წყვილმა ერთად არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია საკმაოდ სევდიანია და ამაზე უკვე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ.

პოლ ნიუმანი და ჯოან ვუდვარდი. ჰოლივუდის ჯილდო ყველაზე ხანგრძლივი ქორწინებისთვის რომ არსებობდეს, ის აუცილებლად ამ წყვილს გადაეცემოდა. მათ 1958 წელს იქორწინეს და პოლის სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ.

გრეის კელი და ჟან პიერ ომონი. მონაკოს მომავალი პრინცესა კანის კინო ფესტივალს ფრანგ მსახიობთან და სამხედრო გმირთან ჟან პიერ ომონთან ერთად დაესწრო. წყვილს ძალიან ხანმოკლე ურთიერთობები აკავშირებდა.