#მოგზაურობა #THE DIARY ORIGINALS

გიგი ქათამაძე THE DIARY ORIGINALS-ის რუბრიკაში

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ადამიანების ნაწილი შინ დარჩენისთვისაა გაჩენილი - ცხოვრებას ნაცნობ გარემოში ატარებს და კომფორტის ზონას არ სცდება, ზოგი კი გზის ძახილს მიჰყვება, უცნობისკენ მიიწევს და მუდმივად ახალი ამბების ძიებაშია. გიგი ქათამაძე სწორედ ამ უკანასკნელთა შორისაა. ახალგაზრდა მოგზაური, რომელსაც Gigi On the Road-ის სახელით ვიცნობთ, სტანდარტული მოგზაურობის ვიდეოებზე გაცილებით მეტს გვთავაზობს. ის საკუთარი თავისა და მსოფლიოს შესწავლის გზას ადგას, მაყურებელს კი სამყაროს მიუვალ კუთხეებში ამოგზაურებს და განსხვავებული კულტურის ადამიანებს აცნობს.

Gigi katamadze, Gigi On the Road, გიგი ქათამაძე

მისთვის ის ისტორია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა იტევს მნიშვნელოვანია, თუმცა ვიდეოებში აღწერს იმას, რაც ხდება დღეს - როგორია ხალხი, როგორ ცხოვრობენ და რას განიცდიან ისინი. გიგი ამბების თხრობას მხოლოდ ვიდეოებით არ აპირებს, მან The Diary-ს გაუმხილა, რომ უახლოეს მომავალში წიგნის დაწერასაც გეგმავს.

დღეს, Gigi On the Road The Diary Originals-ის სტუმარია, რუბრიკის, სადაც საინტერესო  და გამორჩეული ქართველების შესახებ გიყვებით. ინტერვიუ ტრადიციულად chicos.tbilisi-ის კაფეში ჩავწერეთ.

გიგი, გაიხსენე წუთი, როცა გადაწყვიტე, რომ მსოფლიოს ნახვა გსურდა?

გიგი: ეს იყო დაახლოებით ორი წლის წინ. ყოველთვის მინდოდა მსოფლიოს სულ მცირე 50 ქვეყნის ნახვა და ამისთვის დრო არასდროს მქონდა. მაგ პერიოდში წამოვედი სამსახურიდან და გადავწყვიტე, რომ 6 თვე ვიმოგზაურებდი და დაახლოებით 25 ან 30 ქვეყანას ვნახავდი.

როგორ გეგმავ შენი მოგზაურობების მარშრუტებს? ყველაფერი სპონტანურად ხდება?

გიგი: ჩემი მოგზაურობის 90 პროცენტი სპონტანურია. არ მიყვარს დაგეგმვა. შეიძლება ქალაქში ჩასვლამდე სასტუმროც არ მქონდეს დაჯავშნილი. რომ ჩავალ, იქვე ვიპოვი რამეს, ხალხს ვკითხავ და მაგის მიხედვით გადავწყვეტ, სად წავიდე.

ყველაზე დიდი კულტურული შოკი როდის განიცადე?

გიგი: ინდოეთში იყო პირველი, შემდეგ იყო პაკისტანი და ამას დაემატა ბოლოს ისრაელი. ინდოეთში ძალიან განსხვავებული კულტურა აქვთ. ერთ-ერთი ქალაქი იყო ვარანასი, სადაც ხალხს გარეთ წვავდნენ, არ მოველოდი იმას, რაც დამხვდა. როგორც აღვნიშნე, წინასწარ არ ვეძებ ინფორმაციას რაიმე ქვეყანაზე, ჩავდივარ და ადგილზე ვეცნობი ყველაფერს.

რა თვისებები გეხმარება, ყველასთან საერთო ენის გამონახვაში?

გიგი: ყოველთვის წარმოვიდგენ, ვიღაც რომ ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მკითხოს, აუცილებლად დავეხმარები. კომუნიკაცია ყველას უყვარს, უნდა რომ თავის ქვეყანაზე მოგიყვეს, გაგიზიაროს და ამიტომაც ბარიერი არ უნდა გქონდეს, უნდა გაესაუბრო მათ. სცადო მაინც, მეორედ ამ ადამიანს ვერასდროს ნახავ.

მას შემდეგ, რაც მოგზაური გახდი, რა გამოდგა ყველაზე მოულოდნელი, ან უცნაური გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლა?

გიგი: საკუთარი თავი უკეთ გავიცანი. ცხოვრებაში ბევრ რაღაცაზე არ უნდა ვინერვიულო, რადგან გაცილებით დიდი პრობლემები აქვს ხალხს, სხვანაირად ცხოვრობენ და მე უნდა ვიყო იმით კმაყოფილი, რაც მაქვს დღეს, რომ მაქვს დასარჩენი, ან თუნდაც სასმელი წყალი. ამდენს რომ ვმოგზაურობ და ამდენ ხალხს ვიცნობ, ვხვდები, რომ ყველას სხვადასხვა მენტალიტეტი აქვს, ეს გამომდინარეობს ოჯახიდან და ა.შ. და ვფიქრობ, რომ თუ მარტო შენს ქვეყანაში ცხოვრობ, ჩაკეტილ სივრცეში, ე.წ. ბაბლში ხარ, მოგზაურობა კი გეხმარება, რომ ამ ბაბლიდან გახვიდე და დაფიქრდე იმაზე, რომ აქ რომ არ დავბადებულიყავი, შეიძლება სხვანაირად მეცხოვრა, სხვა პროფესია ამერჩია.

Gigi katamadze, Gigi On the Road, გიგი ქათამაძე
ph: olgha.jpeg/Instagram

რის მიხედვით არჩევთ ქვეყანას, რომელში იმოგზაურებთ?

გიგი: სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ან გასართობად კარგი უნდა იყოს, ან განსხვავებული რელიგიისა და ცხოვრების წესის მხრივ კულტურული შოკი მივიღო და მესამე არის ისტორია, როგორიც იყო სირიის შემთხვევაში. ბუნებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რომელი ქვეყანა ასოცირდება შიშთან და რომელი უკავშირდება სილაღეს/სიხარულს?

გიგი: შიშთან არც ერთი ასოცირდება. ყველა ქვეყანაში იპოვი კეთილ ადამიანებს, ყველა ქვეყანას აქვს კარგი და ცუდი. სილაღესთან კი სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, მაგალითად, კოლუმბია, ბრაზილია, მანდ მივხვდი, რომ შეიძლება ძალიან გიჭირდეს, მაგრამ მაინც ერთობოდე, ცეკვავდე და მღეროდე.

Gigi katamadze, Gigi On the Road, გიგი ქათამაძე
ph: olgha.jpeg/Instagram

რომ შეიძლებოდეს დროში მოგზაურობა, რომელ ისტორიულ ეპოქაში იმოგზაურებდი?

გიგი: რომის აღზევების პერიოდში. გლადიატორი, ან მეომარი ვიქნებოდი.

როგორ იცვლება შენი აღქმა და წარმოდგენა ქვეყნებზე იქ ჩასვლამდე და შემდეგ?

გიგი: ყოველთვის იცვლება და ამიტომ ვცდილობ წინასწარ არ მქონდეს ბევრი ინფორმაცია. არ მქონდეს მოლოდინი და ჩემით განვსაზღვრო იქ ჩასვლის შემდეგ. როცა მოგზაურობ, ერთ ქვეყანაში მინიმუმ სამ ქალაქში უნდა წახვიდე, რომ გაიგო და შეაფასო გარემო. ყველაფერი ინდივიდუალურ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ვერასდროს იტყვი, რომ ერთი ქვეყანა ასეთია, ან ისეთი.

ყველაზე მოულოდნელი, უცნაური, ან სახალისო შეხვედრა მოგზაურობისას...

გიგი: პორტუგალიაში ყოფნის დროს, ჩემი საყვარელი კონტენტ კრეატორი Chris LeBlanc-იც პორტუგალიაში იყო და მივწერე, ხომ არ გადავიკვეთოთ-მეთქი. მაშინ 3 თვე მქონდა დაწყებული ეს საქმიანობა და ხუთი ათასამდე გამომწერი მყავდა, მას კი მილიონობით. მიპასუხა, რომ კონტენტ კრეატორების სამეგობრო იკრიბება და თუ გინდა, შემოგვიერთდიო. ერთი კვირა მათთან ერთად გავატარეთ.

რას ურჩევდი მათ, ვინც შენს მსგავსად თავგადასავლებს ეძებენ, მაგრამ ვერ დგამენ პირველ ნაბიჯს?

გიგი: პატარა ნაბიჯებით დაიწყონ, საქართველოში, ან ახლო ქვეყნებში იმოგზაურონ. მთავარია დაიწყო. ძალიან თუ გინდა, დაიწყებ, პატარა ბიუჯეტითაც. მინდა იმის დამტკიცება, რომ ბიუჯეტი არ არის დამაბრკოლებელი. მაგალითად, ხორვატიიდან ჩამოვედი ავტოსტოპით. ერთი კარვით და საჭმლის ფულით შეგიძლია მოიწყო ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. მე ვიყავი მატერიალისტი, მერე ვიფიქრე - რად მინდა რაღაც ნივთები, თუ დრო არ მექნება და ის ვერ გავაკეთე, რაც მიყვარსთქო?!

წარმოიდგინე, რომ წლების შემდეგ წერ ავტობიოგრაფიას, პირველ წინადადებად რას დაწერდი?

გიგი: იმოქმედე. Take Action!

ზევით