2025 წელს ინტერიერის დიზაინში ფერები საკმაოდ თამამი და მრავალფეროვანი ხდება. შეგვიძლია ველოდოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფერის ტრენდს, რომლებსაც დიდი გავლენა ექნებათ ინტერიერის დიზაინის სამყაროზე. თითოეული მათგანი თავისი შტრიხებით შექმნის ახალ და განსხვავებულ ატმოსფეროს ჩვენს სახლებში და სამუშაო სივრცეებში.
მუქი წითელი

წითელი მდიდარი და დრამატული ფერია, ხოლო მისი მუქი ტონალობები ინტერიერში ფუფუნებასა და ძლიერ ენერგიას უსვამს ხაზს. იდეალურია ამ ფერების გამოყენება სასადილო და საძინებელ ოთახებში. ინტერიერის დიზაინერების აზრით, მუქი წითელი მარადიულად ელეგანტური ფერია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის.
ზეთისხილისფერი

მწვანეს ეს ტონალობა სტილისა და სიმშვიდის განსაკუთრებული ნაზავია. თუკი წითელი ფერი თქვენთვის მეტისმეტად ექსტრავაგანტურია, შეგიძლიათ ეს წყნარი და ბუნებასთან ასოცირებული მდუმარე ფერი გამოიყენოთ, რომელიც განსაკუთრებით უხდება როგორც სამზარეულოს, ასევე სამუშაო და საძინებელ ოთახებს. ზეთისხილისფერს იდეალურად უხდება ხისგან დამზადებული ავეჯი და იატაკი.
ივ კლაინის ლურჯი

ფრანგი არტისტის, ივ კლაინის ლურჯი არტისტულად თამამი ფერია, რომელიც ენერგიას ასხივებს ნებისმიერ სივრცეში და ყურადღების ცენტრში ექცევა. მისი ინტერიერში გამოყენება აბსტრაქტულ ხელოვნებასთან ასოცირდება და ქმნის ავანგარდულ ხიდს მინიმალიზმისა და მაქსიმალიზმის ზღვარზე.
ნაზი ყვითელი

ნათელი და ნაზი ყვითელი ინტერიერში სითბოსა და ოპტიმიზმს გვთავაზობს. ყვითელის ღია ტონები შესაძლოა თეთრი ფერის ალტერნატივა გახდეს 2025 წელს.ცნობილი დიზაინერების რჩევებით, თუ სახლის ინტერიერში ცვლილებებს გეგმავთ, ღია ყვითელი სიმშვიდესთან და სიმყუდროვესთან ერთად, მეტად დახვეწილ და ელეგანტურ გარემოს შეგიქმნით.