The Diary-ს რედაქცია თამარ მარკოზაშვილს გაგაცნობთ, ღვინის ბრენდის „91“ დამფუძნებელს, რომლის ფილოსოფია თავისუფლებასა და ავთენტურობაზეა აგებული. თამარი ინტერვიუში თავის გზაზე და იმ მისიაზე გვესაუბრა, რომელიც ღვინის ბრენდს უდევს საფუძვლად.

ქართული ღვინო 91
„ღვინო ადამიანის ცხოვრებას ჰგავს, ისიც ჩვენსავით გადის ცხოვრებისეული განვითარების ფაზებს, ცდილობს რომ თავისი პოტენციალი განავითაროს. საუკეთესო ღვინო ისაა, რომელიც ადამიანივით საკუთარ პოტენციალს მაქსიმალურად განავითარებს და ჭეშმარიტ „მეს“ იპოვის“.

თამარმა ღვინის ბრენდის შექმნა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ღვინო მისთვის უბრალოდ პროდუქტი კი არ არის – ის ცოცხალია, საკუთარი ხასიათითა და ენერგიით. ბრენდის „91“ მიზანი მებრძოლი, დაუმორჩილებელი და თავისუფლებისკენ მავალი ქართული სულის ღვინის ენით წარმოჩენაა.

„რა არის ქართული იდენტობა თუ არა თავისუფლებისთვის მუდმივად ბრძოლა. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ძალა ქართველი ერის ჩარჩოებში მოქცევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ქართული ღვინო კი მსოფლიომ საბჭოთა კავშირის გავლით გაიცნო, რის შედეგადაც მას იაფფასიანი, ტკბილი სასმლის სტერეოტიპი მიეკრა“. თამარს სურს, ეს ხედვა მოაშოროს ქართულ ღვინოს და მისი ნამდვილი ბუნება მსოფლიოს აჩვენოს.
პერსონა ბრენდის მიღმა
„ყოველთვის წარმატებასა და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი ვიყავი. 91-ამდე სხვადასხვა კომპანიების აღმასრულებელ პოზიციებზე ვმუშაობდი, თავს საკმაოდ წარმატებულად მივიჩნევდი, მომწონდა ყოველთვის ჩემი საქმე, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაღაც რეალურს არ ვეხებოდი, სიცარიელეს განვიცდიდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა რა გარიგებას დავხურავდი, რა ინვესტიციებს მოვიტანდი, სულ ის შეგრძნება მქონდა, რომ მე მე არ ვიყავი.

შემდეგ ღვინო გამოჩნდა აქტიურად ჩემს ცხოვრებაში. ამ ბიზნესში შესვლის პარალელურად, მივხვდი, რომ ჩემი ხედვა შეიცვალა. ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრების მიზანი იყო რაღაცის მიღწევა. ახლა მჯერა, რომ მთავარი მიზანია ვიყო ის, ვინც ვარ. ახლა ყოველი მოქმედება იწყება კითხვით: „მე ვარ თუ არ ვარ? ბუნებრივია ეს ნაბიჯი ჩემთვის?“, სწორედ ამ ცნობიერებიდან მოდის თავისუფლება, გარედან ზეწოლა ქრება და შინაგანი ენერგია იზრდება“.

თამარი კახეთიდანაა, მეღვინეთა ოჯახიდან, თუმცა ღვინოსთან მისი კავშირი ოჯახური გავლენიდან ნაკლებად მოდის. „მეღვინის ოჯახში ვარ გაზრდილი. თუმცა კახეთში ქალების მიმართ დიდი მოლოდინები არ არსებობს, რაც არ უნდა გამეკეთებინა და რა გზაც არ უნდა ამერჩია, პრეტენზია არავის ექნებოდა. არც ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება მინდოდა, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა".

ამ ყველაფერთან ერთად, თამარი ქალთა იმ თაობას წარმოადგენს, ვინც ბუნებრივად ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს.
„ჩემი უდიდესი სურვილია ქალები სრულებით გათავისუფლდნენ. მათი როლი არ უნდა იყოს შემოსაზღვრული. ის აზრი, რომ ქალი ქმარზე წარმატებული არ უნდა იყოს, ან რომ კარიერაში ქალებსა და კაცებს თავიანთი „ადგილი“ აქვთ, ზღუდავს ადამიანის პოტენციალს. მე ამას ვერასდროს ვიგებდი, ვერასოდეს აღვიქვამდი მსგავს სამყაროს. ახლაც არ ვპოზიციონირებ როგორც „ქალი ბიზნესში“, რადგან ეს ჩარჩოებს ქმნის, თითქოს ქალი სუსტის პოზიციიდან მოქმედებს. მე ასე არ ვხედავ საკუთარ თავს. ბიზნესში ყველასთვის რთულია თავის დამკვიდრება, ქალისთვისაც და კაცისთვისაც“.

სწორედ ასეთი ფილოსოფიის მატარებელი ადამიანი გვთავაზობს ბრენდს „91“, რომელიც მხოლოდ ღვინო კი არა, დიდი მისიის ნაწილია. იმ მისიის, რომელიც საქართველოს მსოფლიოს წინაშე, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და თვითკმარი ქვეყნის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ამ მისიის განხორციელების საშუალებად კი ქართველი ერის ღირებულება – ღვინოა შერჩეული.