ფუტურისტული დიზაინის ნაგებობები თანამედროვე არქიტექტურაში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბიოფორმული შენობები გრავიტაციის საწინააღმდეგო პრინციპით არის აშენებული და ერთი შეხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიზუალი გვგონია. თუმცა, თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები, რომელებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ, რეალურია და მთელი მსოფლიოს გარეშემოა მიმოფანტული.
1. WAVE HOUSE, ფინეთი
ტრადიციული ხის ქოხისა და თანამედროვე დიზაინის სახლის მიქსი, რომელლის შექმნის ინსპირაციაც თვითმფრინავისა და ნავის ფორმები გახდა - Wave House ფინელი არქიტექტორის შემოქმედებაა.

სახლი, რომლის საშენ მასალაში აქტიურად არის გამოყენებული ფიჭვი, მინა და ფოლადი, ორგანულად ერწყმის ბუნებას. ფუტურისტული ნაგებობის ადგილმდებარეობად ტბის მიმდებარე ტერიტორიაა შერჩეული. ტერასიდან, მისაღები ოთახიდან, საძინებლიდან, მოკლედ, ყველა კუთხე-კუნჭულიდან გასაოცარი ხედები იშლება.

2. PINWHEEL, იტალია
იტალიაში, მაჯიორეს ტბის მახლობლად, მილანური არქიტექტურული კომპანიის JM Architecture მიერ დაპროექტებულ 200 კვ.მ. ხის სახლს აღმოაჩენთ.

პენტაგონის ფორმის სახლი სულ რაღაც ექვს თვეში აშენდა და დაპროექტებულია როგორც ერთსართულიანი შენობა. სახლს ფარფლის მაგვარი ჟალუზები აქვს და მომრგვალებული კიდეების პერპენდიკულარულად იხსნება.

3. CROSSED HOUSE, ესპანეთი
სახლი ესპანეთში სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. რეზიდენცია, რომელიც ცნობილია როგორც Crossed House, კომპანიამ Clavel Arquitectos დააპროექტა.

შენობა ბეტონით მოპირკეთებულ ფორმებს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ 35 გრადუსიანი კუთხით არიან განლაგებული. ქვედა დონე 10 მეტრზეა სიგრძეში გადმოსული, რაც აუზის ზონისა და ქვედა ფასადისთვის ჩრდილს ქმნის.

4. KLEIN BOTTLE HOUSE, ავსტრალია
სახლი მდებარეობს ავსტრალიაში, ზღვისპირა ქალაქში. პროექტზე არქიტექტურულმა კომპანიამ McBride Charles Ryan იმუშავა.

შენობის არქიტექტურა Klein-ის ბოთლისა და ორიგამის მათემატიკური პრინციპითაა შთაგონებული, რაც მის არატრადიციულ ფორმასა და დახვეწილ ექსტერიერში იკითხება. შავ-თეთრ სახლს დრამატიზმს წითელი კიბე მატებს, რომელიც შენობის შიგნითაა განლაგებული. მეორე სართული საცხოვრებელ და სასადილო ფართს მოიცავს და ულამაზეს ბაღს გადაჰყურებს.

5. SHAPESHIFTER, ნევადა
სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ჯგუფმა - OPA ნევადაში უნიკალური რეზიდენცია შექმნა. სახლი, რომელიც თავადაც ხელოვნების ნიმუშია, ხელოვნების კოლექციონერს ეკუთვნის.

არქიტექტორებმა ლოკალურად ლანდშაფტიც შეცვალეს, რათა შენობა უფრო ორგანულად შერწყმოდა გარემოს. სახლის ექსტერიერი თუთიის პანელებისგანაა დამზადებული და სრულად შემინულია, რაც მას კუთხოვან იერს აძლევს და ილუზიას ქმნის, თითქოს შენობა მიწიდან ამოდის.
