#კულტურა #მოდა

MET GALA-ს ვარსკვლავური საღამო გვიახლოვდება

გაზიარება:

სულ ცოტა დრო რჩება 2025 წლის Met Gala-მდე — მოდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამომდე, რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ ვარსკვლავებსა და დიზაინერებს აერთიანებს. 5 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კიბეები კვლავ გადაიქცევა ფანტაზიების არენად, სადაც ყოველი ნაბიჯი, ყოველი ლუქი და დეტალი კულტურული მანიფესტია. ამიტომ, წინ ხელოვნების, ისტორიისა და მოდის უნიკალური სინთეზი გველის, რომელიც მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობს.

andre leon talley, dandy, Journalist, Vogue-ის ჟურნალისტი კაცი, Vogue-ის რედაქტორი
Andre Leon Talley-ს სტილი Dandy-ს გამოძახილია. ის Vogue-ის ჟურნალისტი და პირველი აფროამერიკელი კრეატიული დირექტორი გახლავთ.

2025 წლის გალას თემაა "Superfine: Tailoring Black Style", რომლის ინსპირაციაც მონიკა მილერის წიგნი Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity გახდა. მილერი წიგნში იკვლევს შავკანიანთა მოდის ისტორიას მე-18 საუკუნიდან დღემდე, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს დენდიზმზე – დახვეწილ მამაკაცურ სტილსა და ინდივიდუალურ თვითგამოხატვაზე.

Women Dandy, Musician Janelle Monáe, 2025 წლის მეთ გალას თემა
მომღერალი Janelle Monáe Dandy-ს სტილში. Ph: Aaron Smith. 2009 წ.

დრესკოდიც შესაბამისი იქნება. სტუმრებმა, თავიანთ დიზაინერებთან ერთად, Tailored for You კონცეფციით უნდა შექმნან ლუქი და საღამოზე ინდივიდუალურობისა და საერთო თემის ირგვლივ შექმნილი, ჰარმონიული დიზაინი შემოგვთავაზონ. ალბათ ვიხილავთ კლასიკური კოსტიუმების თანამედროვე ინტერპრეტაციებს, მამაკაცური სილუეტების ინოვაციურ ტრანსფორმაციებსა თუ შავკანიანთა მოდის ისტორიული და თანამედროვე ესთეტიკის სინთეზს.

პრინცი, Prince, Dandy, singer, მომღერალი
პოპ კულტურის Dandy-ს გამოხატულება იყო ლეგენდარული პრინცის სტილიც, რაც ასევე შეიძლება გახდეს წლევანდელი გალასთვის დიზაინერების ინსპირაცია.

Met Gala-ს უნიკალურობას ექსკლუზიური ხასიათი სძენს. გალაზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევითაა შესაძლებელი, ბილეთის ფასი კი 75,000 დოლარს აღწევს. ხოლო, გალას ოფიციალური ფუნქცია კოსტიუმების მუზეუმის საქველმოქმედო ფონდისთვის თანხის შეგროვებაა. 2024 წელს შემოწირულებების რაოდენობამ 26 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

Law Roach, Vogue, Zendaya's stylist, Image Architect, Met Gala 2025, მეთ გალა
     Ph: Tyler Mitchell/ Vogue

 

"Image Architect" და ზენდეიას სტილისტი, Law Roach-იც ემზადება მეთ გალასთვის. საინტერესოა, როგორი ლუქებით გამოჩნდებიან ის და ზენდეია წითელ ხალიჩაზე.

ღონისძიებას იდუმალებას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ საღამოზე მობილურების გამოყენება აკრძალულია. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ სტუმრებს შეფ-მზარეულის, კვამე ონვუაჩის უნიკალური მენიუ ელოდებათ. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირველებმა დაათვალიერონ გამოფენა Superfine: Tailoring Black Style, სადაც წარმოდგენილი იქნება შავკანიანთა მოდის ისტორიული კოსტიუმები, თანამედროვე დიზაინერების შედევრები თუ ფოტოგრაფიის ნამუშევრები.

A$AP Rocky, Vogue, Met Gala 2025, Dandy, მეთ გალა 2025
A$AP Rocky Vogue-ის გადაღებიდან. Ph: Tyler Mitchell

საღამოს მასპინძლები იქნებიან Vogue-ის რედაქტორი ანა ვინტური, მსახიობი და მუსიკოსი კოლმენ დომინგო, ფორმულა 1-ის ვარსკვლავი ლუის ჰამილტონი, რეპერი A$AP Rocky, მუსიკოსი და დიზაინერი ფარელ უილიამსი. ხოლო საპატიო თავმჯდომარის როლს NBA-ის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი მოირგებს.

ლებრონ ჯეიმსი, LeBron James, Dandy
ლებრონ ჯეიმსის სტილი თავადაა თანამედროვე Dandy-ს ინსპირაცია. ფოტოზე სპორტსმენი ფარელ უილიამსის ლუი ვიტონის კოლექციაშია გამოწყობილი.

წითელ ხალიჩაზე, როგორც ყოველთვის, არაერთი A-lister-ი გამოჩნდება. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა სოციალური ქსელების გამორჩეულ კრეატორს, Wisdom Kaye-ს, რომლის უნიკალურ ლუქებში თანამედროვე Dandy-ს სტილი ზუსტად იკვეთება.

wisdom kaye, Dandy, Met Gala 2025, მეთ გალა 2025
Wisdom Kaye 2024 წლის მეთ გალაზე

ვარსკვლავები, როგორც წესი, მუზეუმის მახლობლად მდებარე სასტუმროებში ემზადებიან ხოლმე, მათ შორისაა The Mark Hotel, რომლის გარშემოც პაპარაცები ყოველთვის ჩასაფრებულები არიან. თუ ამ დროს ნიუ-იორკში იქნებით, შეიძლება რომელიმე ვარსკვლავის ლუქს ახლოდანაც შეავლოთ თვალი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Vogue (@voguemagazine)

ჩვენც, თქვენთან ერთად, ველით მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღამეს, რომელიც ნამდვილად ატარებს უდიდეს კულტურულ დატვირთვას და შავკანიანთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. Met Gala 2025 მოდის ისტორიასთან ერთად, მსოფლიოს კოლექტიურ მეხსიერებაშიც დაიკავებს საპატიო ადგილს.

ზევით