ამბის თხრობის ფესტივალი 2024

ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მილიონობით ადამიანის თავს გადამხდარი ამბების ნაზავი. ზოგს ამბების მოყოლა უყვარს, ზოგსაც მათი მოსმენა და შემდეგ, თავისთვის ფიქრი. ამბებს ვყვებით პირად ცხოვრებაზე, საჯარო საკითხებზე, პოლიტიკაზე, სიყვარულზე, ხელოვნებასა თუ რელიგიაზე და ჩვენი ყოველდღიურობაც ამ მოყოლილი ამბებისგან შედგება.

დღეს-დღეობით, საერთაშორისო საზოგადოება განვითარების იმ ეტაპზეა, რომ დღის განმავლობაში უამრავი ინფორმაციის მიღება გვიწევს. ვის დავუჯეროთ, რომელ წყაროს ვენდოთ, რომელი ინფორმაციული მედიუმია მაქსიმალურად დაცლილი პროპაგანდული ნარატივისგან - ეს კითხვები ჩვენი კოლექტიური ცნობიერების განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს ყველაფერი გავუზიაროთ, ვასწავლოთ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენი, ქართული ამბებიც გავიტანოთ.

სწორედ ამ მისიას ემსახურება 7 გოგოს მიერ შექმნილი, ფესტივალი - ზეგ, რომელიც ამბის თხრობის ირგვლივ ტრიალებს და მსოფლიოდან ჟურნალისტები, ბლოგერები, კრიტიკოსები, აქტივისტები, იუტუბერები, ქორეოგრაფები, ფილოსოფოსები ჩამოჰყავს. ეს ადამიანები, ქართველ მომხსენებლებთან ერთად, 3 დღის განმავლობაში ინფორმაციულ, საინტერესო და ინსპირაციულ შეხვედრებს გაუძღვებიან.

ფესტივალზე საუბარი იქნება დემოკრატიაზე, რუსულ კოლონიალიზმზე, სიტყვის თავისუფლებაზე, პროპაგანდისტულ ნარატივებზე. ფესტივალის მონაწილეებისთვის გახსნილი იქნება სცენა, ღია მიკროფონით, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს საშუალება მიეცემა, თავისი ამბავი მოჰყვეს. თუ გამხნევება დაგჭირდებათ, ქართული ჭაჭაც შეგიძლიათ გადაკრათ. წელს ფესტივალის სტუმრების წინაშე 110 მომხსენებელი წარდგება. გარდა იმისა, რომ სამი დღის მანძილზე, სამ, სხვადასხვა სცენაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართება, 22 და 23 ივნისს კი თბილისში თემატური ტურებიც ჩატარდება.

დილის 9 საათიდან დაიწყება SovLab-ის ტურები. ადამიანები მთელი თბილისის მასშტაბით, მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან შენობებს, დაწესებულებებს და საჯარო ადგილებს მოივლიან. კიდევ ერთი ტური თბილისის ქუჩებში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის ისტორიული რომანის "მერვე სიცოცხლე" მიხედვით დაიგეგმა. 

სახვითი ხელოვნების მოყვარულებისთვისაც აქვთ აქტივობები ფესტივალის ორგანიზატორებს. 22 ივნისს გიორგი მიმინოშვილი საქართველოს თანამედროვე ხელოვნების წიაღებში შეგიძღვებათ. 

Joe Sabia : "73 Questions With Vogue"

ფესტივალი ალბათ ყველაზე საინტერესო ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის და მწერლებისთვისაა, რადგან ამბებს ხშირად სწორედ ამ და მომიჯნავე პროფესიის ადამიანები გვიყვებიან. ფესტივალზე დისკუსიები გაიმართება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კარგი რეპორტაჟი გენდერულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რა არის მემუარი და რამხელა დატვირთვას ატარებს იგი, როგორ უნდა გამოიძიოს ამბავი ჟურნალისტმა და სხვა უამრავი საინტერესო თემა. 

მომხსენებლებს შორის არიან ამბის ისეთი მთხრობელები, როგორებიცაა Joe Sabia, "ვოგის 73 შეკითხვის" შემქმნელი. ასევე, ვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იუტუბერს, Johnny Harris, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ საინტერესო თემას იძიებს და მაყურებელს თავის YouTube არხზე უზიარებს. საუბარი შეგეძლებათ პაკისტანელი აქტივისტის, მალალა იუსაფზაის მშობლებთან. მალალა და თავისი ოჯახი პაკისტანში ქალების განათლებისთვის იბრძვიან და ამ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, მალალას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც მიანიჭეს. 

ფესტივალი Coda Story-ის, მულტიმედია პლატფორმის პარტნიორობითა და Impact Hub Tbilisi-ს, პროფესიონალურ წევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ყველა ეს პლატფორმა ცალ-ცალკე და ერთად ინდივიდებს, საწარმოებს, სტარტაპებს და ორგანიზაციებს ემსახურება, რომლებიც თავის მხრივ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ. გაერთიანების მიზეზი კი საერთო მიზანი გახდა - ჩვენს პოლარიზებულ სამყაროში ის ისტორიები და საუბრებია საჭიროა, რომლებიც ერთმანეთთან დაგვაკავშირებს.

ZegFest-ი ყველანაირი ინტერესების მქონე ადამიანისთვისაა მიმზიდველი. თუ გაინტერესებთ მოდა, ხელოვნება, პოლიტიკა, იდეოლოგიები, კინო, ბიზნესი, ცეკვა, ჟურნალისტიკა. თუ გსურთ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენელს მათ გამოცდილებებზე კითხვები დაუსვათ, ესაუბროთ და ფიქრის უსაზღვრო მასალა მოიპოვოთ, მაშინ 21,22 და 23 ივნისს "თბილისის ამბის თხრობის ფესტივალზე" შევხვდებით. 

ზევით