| ანა ციხელაშვილი |
წიგნის თაროებზე ქართველი მწერლის ახალი ნაწარმოები გამოჩნდა. Birmingham City-ის უნივერსიტეტის ალუმნი და თბილისის შავი ზღვის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ნატო ფაჩუაშვილი aka Nata Leah საოცრებათა სამყაროში სამოგზაუროდ გვიწვევს.
წიგნი ინგლისურ ენაზე 2024 წლის დასაწყისში გამოიცა და “The Book Wanderer” ჰქვია.
საქართველოში, 90-იანი წლების პოლიტიკური არეულობა წიგნის პროტაგონისტის, 15 წლის ლიზა ადამიას ოჯახს ემიგრაციაში წასვლას აიძულებს. ისინი ინგლისში, უკეთესი მომავლის საძებნელად მიემგზავრებიან და ლიზას საინტერესო თავგადასავალიც ასე იწყება. სევდიანი რეალობისგან თავის დასაღწევად, ლიზა ნუგეშს წიგნების სამყაროში ეძებს. წიგნების კითხვისას ლიზა გარე სამყაროსგან თავშესაფარს პოულობს და დროისა და გარემოს დინებაში იძირება.
ლიზა კითხვის სიყვარულს ბრიტანული ლიტერატურისა და კრეატიული მწერლობის შესწავლამდე მიჰყავს და მანჩესტერის უნივერსიტეტში გადაწყვეტს სწავლას. სწორედ მაშინ ხვდება დენიელ დევისს, ენთუზიასტ მწერალს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება. მათი სიყვარული უამრავ სირთულეს ეჩეხება. ცხოვრებისეული გამოწვევები მათი ბედნიერების გზას ხერგავს. ეს ამბავი ყველაზე წმინდა და ძლიერი სიყვარულის ისტორიასა და წარმოსახვით ლაბირინთებში ორი მოხეტიალე სულის მოგზაურობაზეა.
წიგნი მკითხველს შეუძღვება ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებების სამყაროში, როგორებიცაა: "ჰარი პოტერი", "ნუ მოკლავ ჯაფარას", "სიამაყე და ცრურწმენა", "1984", "ალისი საოცრებათა ქვეყანაში", "ქარიშხლიანი უღელტეხილი," და მრავალი სხვა.
პროტაგონისტის ამბავი ძალიან ჰგავს თავად ავტორის ისტორიას. ნატო თინეიჯერობის ასაკში, საქართველოდან ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. წიგნების კითხვა თავადაც ბავშვობიდან უყვარდა და მისთვის ყველა ახალი ამბის გმირი უნიკალური იდეებისა და საზრდოს წყაროა. ლიტერატურის სიყვარულით, ლიზა ადამიას მსგავსად, თავადაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლა გადაწყვიტა.
ავტორისთვის “The Book Wanderer” სადებიუტო წიგნია, რომელმაც უკვე დაიმსახურა ქართველი და უცხოელი მკითხველის მოწონება. წიგნი სიყვარულის ამოუცნობ, ჩახლართულ შრეებზე გვიყვება და ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ლიტერატურაზე გვაფიქრებს. ის ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური, მარადიული ამბების ნაზავია.
წიგნის კითხვისას, მკითხველიც ლიზასა და დენის მსგავსად, ინგლისური ცხოვრებით ცხოვრობს, საოცარი წიგნების შესახებ დისკუსიებში ერთვება, ემოციების ქარბორბალა გადაუვლის და კათარსისსაც მიაღწევს.
ეს ერთი დიდი თავგადასავალია, რომელიც ბოლოს სამყაროსთან და საკუთარ თავთან აუცილებლად გაგიჩენთ უამრავ კითხვას. თუ გიყვართ ადამიანის ფსიქიკის წიაღში ძრომიალი, გინდათ შეიგრძნოთ სიყვარული, სევდა, ტკივილი, თუ ცნობისმოყვარეობა, მაშინ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. ერთ-ერთ მკითხველს თუ დავუჯერებთ, "როცა გადაშლით და კითხვას დაიწყებთ, შეუძლებელი გახდება მოსწყდეთ წიგნის ფურცლებს მანამ, სანამ ამბავს ბოლომდე არ ჩაიკითხავთ".