როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქვეყნებში

აღდგომას მთელი მსოფლიო  განსაკუთრებულად აღნიშნავს. თუ კი საქართველოში და მართლმადიდებლურ სამყაროში, კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს ლამაზად აფორმებენ, საბერძნეთში თიხის ჭურჭელს ამსხვრევენ, ისრაელში კი სიმბოლურად გადიან იმავე გზას, რაც იესომ გაიარა.

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკაში აღდგომა განსაკუთრებით პომპეზურად აღინიშნება. უკვე საუკუნეზე მეტია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია საჯარო სააღდგომო ღონისძიებას მასპინძლობს.

ტრადიციულად, თეთრი სახლის წინ, ქვეყნის პირველი პირები და  მოქალაქეები თამაშობენ ტრადიციულ, კვერცხის გაგორების თამაშს, მუსიკისა და სხვა აქტივობების თანხლებით.

რაც შეეხება დანარჩენ ამერიკას, თითქმის ყველა შტატში ერთნაირი ტრადიციაა – ოჯახის წევრები ერთად ღებავენ მოხარშულ კვერცხებს და სახლის გარშემო ან ოთახებში მალავენ, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ეძებენ და ერთმანეთს სხვადასხვა საჩუქრით აჯილდოებენ.

ფილიპინები

აქ აღდგომის აღნიშვნის საინტერესო ტრადიცია აქვთ, რომელსაც კათოლიკური ეკლესია რა თქმა უნდა გმობს, თუმცა, წლების განმავლობაში, ეს ერთგვარი შოუ, ქვეყნის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. სოფელში, სან პედრო კუდუტ, მოხალისეებს დემონსტრაციულად აცვამენ ჯვარზე.

სააღდგომო პროცესიების დროს ასევე მსურველებს როზგავენ, იმისთვის, რომ გამოისყიდონ ცოდვები. რა თქმა უნდა, ყველას არ იზიდავს აღდგომის ასე შეხვედრა, თუმცა ყოველ წელს ათასობით ტურისტი ჩადის ფილიპინებზე ამ „შოუს“ სანახავად.

საფრანგეთი

საფრანგეთში აღდგომა სტანდარტულად აღინიშნება, თუმცა რამდენიმე ფრანგული ქალაქი ამ დღესასწაულს ორიგინალურად ზეიმობს. მაგალითად, ოქსის რეგიონი ადგილობრივებსა და ტურისტებს გიგანტური ომლეტით უმასპინძლდება. 4500 კვერცხის ომლეტი პირდაპირ ქალაქის ცენტრში მზადდება და 1000-ზე მეტ ადამიანს ანაყრებს.

საინტერესო ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის სახლებს წითელი ლენტებითა და პატარა ზარებით რთავენ.  ზართან ერთი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული: წმინდა ხუთშაბათიდან აღდგომის კვირამდე ზარები ყველა ეკლესიაში ჩუმდება და ქვეყანა გლოვობს იესოს ჯვარცმას. კვირას, როდესაც ზარები ისევ იწყებენ რეკვას, ქუჩაში უცნობი ადამიანებიც ეხუტებიან და კოცნიან ერთმანეთს, ულოცავენ იესოს აღდგომას.

გერმანია

გერმანიაში აღდგომის აღნიშვნა განსაკუთრებით უყვართ. მართლმადიდებლური სამყაროსგან განსხვავებით, კათოლიკური აღდგომას უფრო ფერადი, ხალისიანი და მოდერნიზებული ხვდება. აღდგომა მთელს ევროპაში გაზაფხულისა და ახალი ცხოვრების დასაწყისთან ასოცირდება, შესაბამისად ტრადიციებიც განსაკუთრებული და განსხვავებულია.

მაგალითად გერმანიაში, სააღდგომოდაც, ხეებს რთავენ შობის მსგავსად. ხშირ შემთხვევაში ხეზე ფერად კვერცხებს კიდებენ. თუ კი აღდგომებზე გერმანიაში მოგიწიათ ყოფნა, არ დაგავიწყდეთ მათ Frohe Ostern! - ბედნიერი აღდგომა უსურვოთ.

ვატიკანი

კათოლიკური ეკლესიის ცენტრში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად წმინდა და მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას, რომელზეც რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.

თუმცა წელს, პანდემიის გამო პაპმა წირვა მრევლის გარეშე აღავლინა. მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წირვას ონლაინ დასწრებოდნენ. ლუკას სახარებაში, თავი მე-4 ნათქვამია: "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი". 

ფინეთი

სკანდინავიელები ჯადოქრებისა და გრძნეულების ფორმებს ირგებენ, შემდეგ კი, მოხატული სახეებითა და თავზე შემოხვეული შარფებით, შოკოლადის კვერცხებზე „სამათხოვროდ“ მიდიან. უმეტესობას ხელში ბუმბულებით გაფორმებული ტირიფის ტოტები უჭირავს.

გარდა ამისა, ფინეთის დასავლეთში გავრცელებულია ცეცხლის დანთების ტრადიციაც, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ჭიაკოკონას. მონაწილეების რწმენით, ცეცხლის ალი საცდუნებლად მოფრენილ ბოროტ სულებს აფრთხობს.

საბერძნეთი

ბერძნებისთვის აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ტრადიციულად, შაბათს, საღამოს წირვაზე მრევლი დანთებული თეთრი სანთლებით მოდის, ზუსტად 12 საათზე კი ამ სანთლებს აქრობენ. საბერძნეთში ეწყობა მასშტაბური სააღდგომო მსვლელობები, რომლებსაც ადამიანები დანთებული სანთლებით უერთდებიან.

საინტერესო ტრადიცია აქვთ საბერძნეთის კუნძულზე -კორფუ. აქ აღდგომას თიხის ჭურჭლის „საყოველთაო მსხვრევით“ აღნიშნავენ. საბერძნეთის მეორე ყველაზე დიდი კუნძული, სააღდგომო ჩვეულებებთან ერთად, არ ივიწყებს მთავარს – ფანჯრებიდან კერამიკული ნამუშევრების გადმოყრასა და დამტვრევას. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ თიხის ჭურჭლის საჯაროდ დამსხვრევა გაზაფხულთან შეგებებას ნიშნავს. 

საქართველო

ჩვენს ქვეყანაში აღდგომას წითელი პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით აღნიშნავენ. როგორც წესი, წითელ პარასკევს ყველა ოჯახი წითელ ფერში ღებავს კვერცხებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად ეს ტრადიცია ტიბერიუსისა და მარია მაგდალინელის შეხვედრას უკავშირდება. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როცა მარია მაგდალინელი ტიბერიუსთან მივიდა და აღდგომის შესახებ აუწყა, ტიბერიუსმა მას დასცინა და უთხრა, რომ ეს კვერცხი უფრო გაწითლდება, ვიდრე მე იმას დავიჯერებ, თითქოს იესო და ზოგადად მიცვალებული აღდგაო. სწორედ ამ დროს კვერცხი გაწითლდა.

ფიროსმანი
ფიროსმანის ნახატი "ბატკანი და სააღდგომო სუფრა"

ქართველებისთვის ასევე წარმოუდგენელია აღდგომის დღესასწაული პასქის გარეშე. სააღდგომო პასქის სიმბოლური დატვირთვა ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო.

ზევით