ქვევრის ფორმის ფლაკონები: ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს

„ახალი წელი ახალი პროექტით“ - ქართველი სამრეწველო დიზაინერი, ზვიად ციკოლია სუნამოს წარმოებას იწყებს. სიახლე, დიზაინერმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რამდენიმე დეტალიც გაუმხილა.

სამი განსხვავებული არომატი და ქვევრის ფორმის ფლაკონები, რომლებიც დიზაინერის შემოქმედებით ხელწერადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, უკვე მზადების პროცესშია. როგორც ზვიად ციკოლია აცხადებს, მისი არომატები შექმნილი იქნება სპეციალურად ციკოლიასთვის და ის არცერთი სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდის არომატს არ გაიმეორებს.

სპილენძისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და გამჭვირვალე ფლაკონები თავიანთი ხის სადგამებით საქპატენტმა უკვე დაარეგისტრირა და მათი ფოტო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა.

"საქპა­ტენ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბულ დი­ზა­ი­ნებს ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მის პრო­დუქ­ტი შე­ე­მა­ტე­ბა... რე­გის­ტრა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე საქპა­ტენ­ტის ექსპერ­ტი­ზამ და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა" - ნათქვამია ფოტოსურათის აღწერაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება ციკოლიას პირველი სუნამოს გაყიდვა ან რა ეღირება დიზაინერის ახალი პროდუქტი, თუმცა მისი თავისუფალი, ინოვაციური აზროვნებისა და დახვეწილი შემოქმედების გავლენით, ეჭვიც არ გვეპარება, რომ დიზაინერი ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელ და უნიკალურ არომატებს შემოგვთავაზებს.

ზვიად ციკოლიას სახელი დიზაინის სფეროში ყოველთვის ახალ სიტყვასთან ასოცირდება. პირველი გამოფენიდან მოყოლებული, რომელიც დიზაინერმა 1986 წელს ფოთში გამართა, ზვიად ციკოლიას სახელმა დიდებისა და პოპულარობის მოპოვება დაიწყო. მას შემდეგ, რაც დიზაინერის მიერ შექმნილი თვითმფრინავი ფრანკფურტის აეროპორტში დაჯდა, მოგვიანებით „ბუგატის“ თემით ინსპირირებული პროტოტიპი შექმნა ან ცხოვრებაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე - „დიდგორზე“ იმუშავა, ზვიად ციკოლიამ საათების ცნობილი კომპანია Tsikolia-ც დაარსა.

ბრენდი Tsikolia-ს ქვეშ დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია ამოუწურავი ფანტაზიით, როგორც ქალებისთვის, აგრეთვე მამაკაცებისთვის ორიგინალური დიზაინის საათებს ქმნის. Tsikolia-ს დიზაინებს უნიკალურობას ისიც მატებს, რომ თითოეული მათგანის დიზაინი ზვიად ციკოლიასთვის კონკრეტულ მოვლენას, ისტორიულ ფაქტს ან ტრანსპორტს უკავშირდება.

ზევით