#კინო

ქლოი ჟაოს ისტორიული გამარჯვება „ოქროს გლობუსზე“

გაზიარება:

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ „ოქროს გლობუსის“, რიგით 78-ე დაჯილდოების გამარჯვებულები გუშინ ღამით გამოავლინა. 2021 წლის დაჯილდოებას წინ ისტორიული ფაქტი უძღოდა: „ოქროს გლობუსის“ 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, საუკეთესო რეჟისორის ნომინანტთა შორის ერთდროულად 3 ქალი დასახელდა, ეს მაშინ, როდესაც გასული შვილი ათწლეულის განმავლობაში ამ ნომინაციაში სულ 5 რეჟისორი ქალი იყო ნომინირებული.

რეჯინა კინგი, ქლოი ჟაო და ემერალდ ფენელი, დევიდ გინჩერისა და აარონ სორკინის გვერდი-გვერდ იბრძოდნენ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, თუმცა გამარჯვება წილად ქლოი ჟაოს ხვდა. ქლოი, პირველი აზიელი ქალი გახდა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა და მხოლოდ მეორე ქალი 1983 წელს ბარბარა სტრეიზანდის შემდეგ, რომელსაც ოდესმე ამ ნომინაციაში გამარჯვება მოუპოვებია.

ქლოი ჟაოს ტრიუმფი 2021 წლის „ოქროს გლობუსზე“ ამით როდი მთავრდება, მისმა ფილმმა სახელად „მომთაბარეთა მიწა“, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციაში - საუკეთესო მხატვრულ ფილმში გამარჯვებულად ცნო.

„მომთაბარეთა მიწა“ (Nomaland) 60 წლის დაქვრივებულ, მარტოხელა ქალზე (ფრენსის მაკდორმადი) მოგვითხრობს, რომელიც კარგავს ყველაფერს, რაც აქამდე მშობლიურ ქალაქში აჩერებდა. დარჩენილი ფულით ფურგონს იყიდის და მომთაბარე ცხოვრებას იწყებს. ფილმი, ყველასათვის გასაგებ ენაზე გვიყვება, მარტო დარჩენილი ქალის სიხარულისა და სევდის შესახებ, ფილმის უბრალოების მიღმა, გადაღების მაღალი ხარისხი და მომნუსხველი კადრებიც კი იმალება.
 

ზევით