#მუსიკა

OPEN AIR 2024-ის დღეები გვიახლოვდება

გაზიარება:

ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები გვიახლოვდება. Tbilisi Open Air-მდე სულ რაღაც 9 დღე დარჩა. ეს უკანასკნელი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალია, რომელიც უკვე 15 წელია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მუსიკის მოყვარულებს საქართველოში, სამი დღით აერთიანებს. 

ქართული ფესტივალი იმითაა გამორჩეული, რომ უზარმაზარი ტერიტორიის ოთხ სცენაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ თქვენი პირადი სამოთხე აღმოაჩინოთ, მოუსმინოთ 60-მდე შემსრულებელს, როკს, ელექტრონულ სიმღერას, პოპს, ინდის, გაიცნოთ მუსიკის ინდუსტრიის ახალი სახეები და ისიამოვნოთ თქვენთვის უკვე საყვარელი არტისტების შემოქმედებით.

ამ ყველაფერთან ერთად, Open Air-ზე, 21, 22, 23 ივნისს Zion Garden-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფლი მარკეტი ბრუნდება. ფესტივალი არამხოლოდ მუსიკოსებისთვის, არამედ სტარტაპერებისა და მეწარმეებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. 

21 ივნისს მთავარ სცენას ნორვეგიელი მუსიკოსი Aurora დაიკავებს, რომელიც მსმენელის წინაშე ახალი ალბომით, "What Happened To The Heart?" წარდგება. მისი მუსიკა ძირითადად ელექტროპოპი, ხალხური და არტ პოპია, Aurora-ს შემოქმედებასა და ვოკალს კი ხშირად ეთერულად მოიხსენიებენ, რადგან დედამიწის ამოძახილსა და კოსმოსში გაგზავნილ ჰანგებს წააგავს. ნორვეგიელი ავტორ-შემსრულებელი სცენაზე ზუსტად 23:10-ზე დადგება. 

ამავე დღეს, მთავარ სცენაზე ინგლისური ბენდი, Archive იმღერებს. მათი მუსიკა ელექტრონულ, ტრიპ ჰოპს, ავანგარდს, პოსტ-როკსა და პროგრესულ როკს მოიცავს. 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჯგუფმა თორმეტი სტუდიური ალბომი გამოუშვა და მთელი ევროპის მასშტაბით მუსიკის მოყვარულების უპირობო სიყვარულიც მოიპოვა. მათი მუსიკა თითქოს ფილმებისთვისაა დაწერილი და მოსმენის დროს სურვილი გიპყრობს, ბენდის მიერ დაწერილ სცენარზე კინომატოგრაფიის შედევრი თავად შექმნა. 

Open Air-ის პირველ დღეს, ფესტივალზე ქართული ბენდების, MokuMoku-სა და Mechanical Rainbow-ს მოსმენაც შეგეძლებათ. ფესტივალი სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ქართველ არტისტებს ფართო საზოგადოებასთან კავშირის დამყარებაში უწყობს ხელს.

Mechanical Rainbow, რომლის სიმღერებსაც უკვე მთელი საქართველო ღიღინებს, სწორედ Open Air-ის Best Newcomer გახლავთ, რომელიც წელს უკვე მთავარ სცენაზე, როგორც წარმატებული და ხალხისთვის საყვარელი ბენდი დაუკრავს.

რაც შეეხება, Best Newcomer 2024-ს, უკვე ვიცით, რომ 21 ივნისს მთავარ სცენას Tape Visitors დაიკავებს. Singer Stage-ზე წელს 3 Newcomer გვეყოლება. დღის მანძილზე სცენაზე პროექტები JDGN და Greatzura წარდგებიან, ღამით კი სცენას Little Rocks დაიკავებს. 

 

ფესტივალზე ვიხილავთ ბრიტანელ რეპერ, M.I.A-ს, ფრანგულ ჯგუფს, La Femme, იამაიკური წარმოშობის ამერიკელ შემსრულებელ Masego-ს, ქართველ ბენდებს Killages, Loudspeakers, Avara, Circus Mircus და სხვა. სრული შემადგენლობა ჩვენთვის უკვე ცნობილია. წელს პირველად, ფესტივალს ელექტრონული მუსიკის კლუბი Khidi შეუერთდება. Khidi-ს სცენაზე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები დაუკრავენ.

თბილისი Open Air 2024 წელს, ახალი ხმების აღმოჩენის განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობას იძლევა. ლაინაფი ძალიან მრავალფეროვანია და ფაქტობრივად ყველა მუსიკალური გემოვნების მსმენელს ერგება. წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გველოდება, ასე, რომ Lisi Wonderland-ში შევხვდებით. 

ზევით