ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა

დასავლური მედიის ცნობით, ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილსა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკაბელო არხ Netflix-ს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ მხარეები ეს ჩვენთვის უცნობია. 

„მხარეები მოხარულები არიან, რომ საკითხი გადაიჭირა“ – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების წარმომადგენელმა - ადვოკატმა ალექსანდერ რუფუს-ისაქსმა, იგივე განცხადება გააკეთეს Netflix-ის წარმომადგენლებმაც. 

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა 2021 წლის სექტემბერში წამოიწყო, საქმე საკაბელო არხის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტს“ შეეხებოდა, რომელიც გამოგონილი ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის, ბეთ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადებზე იმკვიდრებს ადგილს.

სერიალის ფინალურ სერიაში, სადაც ბეთი რუს მეტოქეს და გროსმაისტერს უპირისპირდება, გაჟღერებულია ნონა გაფრინდაშვილის სახელი, თუმცა დამახინჯებულად. სერიალში ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს რუსად მოიხსენიებენ და იმასაც ამბობენ, რომ მას არასდროს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სრული სიცრუეა. თუ „​ლაზიერის გამბიტის“ მოქმედებები 1968 წელს ვითარდება, ამ პერიოდში ნონას უკვე 50-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა ნათამაშები.

ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვდა. რამდენიმე თვეში Netflix-მა სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა. ერთწლიანი დავის შემდეგ კი, როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. 

ნონა გაფრინდაშვილი ცოცხალი ლეგენდაა ჭადრაკის ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის და ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი. 

ზევით