ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი, გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიით - კარლ ცუკმაიერის მედლით დაჯილდოვდა. გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისთვის, ნინოს ჯილდოს ქალაქ მაინცში, ფედერალური მხარის პრემიერ მინისტრი მალუ დრეიერი გადასცემს.

„ნინო ხარატიშვილი განსაკუთრებული მთხრობელია, რომელიც ცხოვრების დიდი და პატარა ტრაგედიების შესახებ გვიამბობს. ის ისე ნათლად და დაუნდობლად გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგანან, რომ წიგნის ხელიდან გაშვებას ვერაფრით ვახერხებთ. მის რომანებში ბევრი ჩრდილია, მაგრამ უფსკრულების მიუხედავად წიგნებში იმედის შუქიც არასდროს ქრება. ამ ოპტიმიზმით, ის ძალიან ჰგავს კარლ ცუკმაიერს“ - განაცხადა მალუ დრეიერმა.

მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარათიშვილი დაიბადა თბილისში 1983 წელს და 2003 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. სტუდენტობის დროს მან დააარსა გერმანულ-ქართული თეატრალური ჯგუფი და მალევე გაითქვა სახელი ჰამბურგში. ნინო საკუთარ თავს კულტურებს შორის საზღვრისპირა მგზავრად მოიხსენიებს. ხარატიშვილის რიგით მესამე რომანმა „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა კრიტიკოსებსა თუ მკითხველში. 2014 წლის 1280 გვერდიანი ნამუშევარი მონუმენტური სოციალური რომანია, რომელიც მე-20 საუკუნის ქართული ოჯახის ცხოვრებას ექვსი თაობის მანძილზე აღწერს.

რიგით მეოთხე რომანი „კატა და გენერალი“, რომელიც 2018 წელს გამოიცა და რომელშიც მოქმედება ჩეჩნეთში ვითარდება, გერმანული წიგნის პრიზის მოკლე სიაში მოხვდა. 

დიდი მწერლისა და დრამატურგის პატივსაცმად - კარლ ცუკმაიერის მედალი, 1979 წლიდან მოყოლებული, ტრადიციულად, ყოველ 18 იანვარს გაიცემა. წინა პრიზიორებს შორის არიან ავტორები ფრიდრიხ დიურენმატი, ჰერტა მიულერი, თომას ბრუსიგი და უვე ტიმი, მსახიობები კატარინა ტალბახი, მარიო ადორფი და ბრუნო განცი, მომღერალი და ავტორი სვენ რეგენერი და მუსიკოსი ლინდენბერგ პისი.

ნინო ხარატიშვილის შემოქმედების ტოპ 5 წიგნის შესახებ კი შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ.

ზევით