#UKRAINE

კემბრიჯის ჰერცოგებმა უკრაინელების შემოწირულებების შეფუთვაში მიიღეს მონაწილეობა

გაზიარება:

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის შეჭრით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად. გუშინ, 9 მარტს, პრინცი უილიამმა და ქეით მიდლტონმა შუადღე შემოწირულობების დახარისხებასა და მათ შეფუთვაში გაატარეს, რათა იმპერიული რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შედეგად დაზარალებულების დახმარებაში უშუალო წვლილი პირადად შეეტანათ.

პრინცი უილიამი და ქეითი Ukrainian Social Club-ს ყველასათვის მოულოდნელად ესტუმრნენ, კემბრიჯის ჰერცოგების ვიზიტმა მცირე აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და უილიამმა და ქეითმაც მშვიდად მოახერხეს დახმარება და ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ.

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია დაინტერესდნენ არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით მიმდინარე საქველმოქმედო ღონისძიებებით, იმ ფაქტით თუ ვინ რა სახით გამოხატავს თანადგომას უკრაინელი ერის მიმართ და რა დახმარება სჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად მათ, ვინც სისხლისმღვრელ ომს მიწის ქვეშ ემალება ან პირისპირ ებრძვის.

უილიამსაც და ქეითსაც ეკეთათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გამოსახული იყო უკრაინის დროშა, როგორც სოლიდარობის ჟესტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მიმართ. კემბრიჯის ჰერცოგინიას ლურჯი ფერის Alexander McQueen-ის სვიტერიც ამშვენებდა, როგორც უკრაინის დროშის ერთ-ერთი მთავარი ფერი და მშვიდობის სიმბოლო.

მოხალისეებთან საუბრის დროს, კემბრიჯელებმა აღიარეს, რომ მათი შვილები პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი სვამდნენ კითხვებს ომის შესახებ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი თანატოლებთან ერთად განიხილეს. "სახლში დაბრუნებული ბავშვები კითხვებს გვისვამდნენ, ნათელია, რომ ისინი ამის შესახებ კლასელებთან ერთად განიხილავენ" - აღნიშნა პრინცმა უილიამმა.

პრინცი უილიამი და ქეითი აგრძელებენ საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციაში დონაციების მიღებას უკრაინელი ერის დასახმარებლად, კემბრიჯის ჰერცოგები მზად არიან იმისთვისაც, რომ იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს გაუწიონ დახმარება, რომლებსაც ომის შედეგად მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმა აღენიშნებათ.

ზევით