#პოლიტიკა

ომს უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან

გაზიარება:

21-ე საუკუნეში ომები მხოლოდ თამაშებში უნდა ხდებოდეს და არა რეალურ ცხოვრებაში. იმდენი საინტერესო რამ არის საკვლევი დედამიწასა და გალაქტიკაში, საკვლევი და განსავითარებელი ჩვენს საკუთარ ქალაქებში, ქვეყნებში. თუმცა, ეს ალბათ მხოლოდ უტოპიურ სამყაროში მოხდებოდა, სადაც ადამიანები ძალიან, ძალიან კეთილები და კარგები არიან. რეალობაში კი, ზოგი ბავშვი Louis Vuitton-ის ფეხსაცმლით იწონებს თავს, სხვას კი უბრალოდ სუფთა წყალი სწყურია. არადა, როგორი მარტივი იქნებოდა ცხოვრება, რომ არა ომები, კონფლიქტები, ფინანსური დისბალანსები და განდიდების მანია, რომელიც სამყაროს ღერძია.

თავდასხმას, რომელიც კვირას ღამით ტალ ალ-სულთანის რაიონში მოხდა, 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. შემთხვევის ადგილიდან შემზარავი ვიდეო კადრები ვიხილეთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ჰამასის წევრი, ორი მნიშვნელოვანი ტერორისტი იყო. 2 ტერორისტს ძალუძს ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, მაგრამ ნუთუ შეუძლებელი იყო მათი ისე ლიკვიდირება, რომ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე არ ემსხვერპლა?! და როგორ მოწყვლადია ომის დრო ქალი და ბავშვი...

ეს სამხედრო ოპერაცია წინასწარი დაზვერვის შედეგად იყო დაგეგმილი და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი არ უნდა გამოეწვია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ, ამ ინციდენტს "ტრაგედია" უწოდა და სამხედრო ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტი აღიარა. IDF გვპირდება, რომ  მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტზე გამოძიებას დაიწყებს.

საჰაერო თავდასხმა ჰამასის მიერ, რაფაჰიდან თელ-ავივის მიმართულებით რვა რაკეტის გაშვებას მოჰყვა. იანვრის შემდეგ, ეს პირველი შორი მანძილიდან შეტევის პრეცედენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მხარემ რაკეტების განეიტრალება შეძლო და ისინი ღია მინდვრებში ჩამოვარდა, თავად თავდასხმამ, როგორც ვხედავთ, კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია.

ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმის ერთ-ერთი თვითმხილველი, ფადი დუჰანი, მოულოდნელ ქაოსსა და ნგრევის ხმებს იხსენებს. იგი ჰყვება, თუ როგორ გაიქცნენ რაკეტის ხმის გაგონების შემდეგ, მაგრამ ქუჩა კვამლსა და ნამსხვრევებში გახვეული დახვდათ.

საერთაშორისო პრესის ინტერვიუში კიდევ ერთი ადგილობრივი, აბედ მუჰამედ ალ-ატარი, ძმისა და რძლის დაკარგვას გლოვობდა და ცდილობდა, თავისი სიტყვებით აეხსნა, როგორი დაუცველობის შეგრძნება სუფევს დღეს ღაზაში.

მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის ჰუმანიტარული სამსახურები მრავალრიცხოვან მსხვერპლზე საუბრობდნენ და მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.

საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე შეფასებები მთელი დღეა კეთდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის თავდასხმა დაგმო და მათ ასეთი ოპერაციების შეწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდა. კატარის ოფიციალურმა პირებმა კი გაფრთხილება გააჟღერეს, რომ ამ ინციდენტმა შეიძლება შეაფერხოს მათი, როგორც  ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საკითხებში შუამავლის საქმიანობა.

ისრაელი-ჰამასის კონფლიქტი გრძელდება, ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო რთულ სახეს იღებს. რაფაჰი 800 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა, მაგრამ ასობით ათასი თავშესაფარს ქალაქში კვლავ ეძებს. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის შეტევების შედეგად 36 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა აქტიური სამხედრო ოპერაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასის მეთაურობით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ძალები სამხრეთ ისრაელის თემებს თავს დაესხნენ, ისრაელის მონაცემებით დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და ჰამასმა მძევლად 250-ზე მეტი პირი აიყვანა, რომელთა ნაწილიც ისევ ტყვეობაშია. ღაზაში კი ფაქტობრივად აღარ არის დარჩენილი უდანაშაულო ადამიანებისთვის უსაფრთხო ზონა, ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება და მშვიდობისკენ მოწოდებებიც სულ უფრო აქტიური და ყოველდღიური ხდება.

ზევით