#მოდა #ცნობილები

Gucci და Balenciaga სავარაუდო კოლაბორაციისთვის ემზადებიან

გაზიარება:

დასავლური გამოცემა WWD-ის ცნობით, ორი მოდის სახლი Gucci და Balenciaga დიდი კოლაბორაციისთვის ემზადებიან, ჯერჯერობით, არცერთ ბრენდს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ალესანდრო მიკელესა და დემნა გვასალიას სავარაუდო თანამშრომლობის იდეაც კი იმდენად მომხიბვლელად ჟღერს, რომ რაიმე ზღაპრულის არ წარმოდგენისგან თავის შეკავება რთულია.

როგორც წესი, სახელგანთქმული მოდის სახლები ცნობილ ადამიანებთან, მუსიკალურ თუ სპორტულ ბრენდებთან ან სულაც პოპ-კულტურის ფენომენებთან თანამშრომლობენ, თუმცა ორი მოდის სახლის ერთი იდეის გარშემო გაერთიანება ნამდვილად დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

მიუხედავად მსგავსი შემთხვევების სიმცირისა, Gucci-სა და Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორებს, ალესანდრო მიკელესა და დემნა გვასალიას კოლაბორაციის გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორები ნაკლებად მოეპოვებათ. ასე მაგალითად, ორივე მოდის სახლი ფრანგულ ჰოლდინგ Kering-ს ეკუთვნის, ამ მასშტაბის თანამშრომლობა კი, პანდემიის პირობებშიც მილიონობით ადამიანის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს.

Gucci ახალ კოლექციას, სულ რამდენიმე დღეში, 15 აპრილს წარადგენს და თუ კი Gucci & Balenciaga კოლაბორაცია ნამდვილად შედგება, მაშინ ამ პროექტის შესახებ სწორედ ჩვენების დღეს აუცილებლად შევიტყობთ.

ზევით