#სპორტი

დანიის მამაკაცთა ნაკრების ფეხბურთელების ფემინისტური გადაწყვეტილება

გაზიარება:

დანიის ეროვნული ნაკრები Euro 2024-ზე ღირსეულად ასპარეზობს. თუმცა, ამ გუნდმა ჩვენი და მსოფლიოს ყურადღება ფემინისტური გადაწყვეტილებით მიიქცია. მამაკაცთა ნაკრების მოთამაშეებმა ხელფასების ზრდაზე უარი თქვეს, რათა ქალ ფეხბურთელებს, რომლებიც ასევე ეროვნული ნაკრებისთვის თამაშობენ, თანაბარი რაოდენობის ანაზღაურება ჰქონოდათ.

ფოტო:Getty Images

დანიის ფეხბურთის ასოციაციას (DBU) ორივე გუნდისთვის თანაბარი ანაზღაურების შეთავაზება ისედაც სურდა, მაგრამ არცერთი გუნდი არ იყო იმის მომხრე, რომ ეს ცვლილება მამაკაცი ფეხბურთელების ხელფასების შემცირების ხარჯზე მომხდარიყო. ამ შემოთავაზების საპასუხოდ, დანიელმა ფეხბურთელებმა უარი თქვეს ანაზღაურების გაზრდაზე, რაც 2024 წლის ახალი კონტრაქტის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FIFPRO (@fifpro)

"მამაკაცთა გუნდმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, ზაფხულის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე უარი ეთქვათ. ეს მოვლენა ქალთა ნაკრების პირობების გაუმჯობესების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. ფეხბურთელებმა, იმის მაგივრად რომ მხოლოდ თავიანთ წარმატებაზე ეფიქრათ, გადაწყვიტეს კოლეგების უფლებებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ",  - განაცხადა დანიის ფეხბურთელთა ასოციაციის Spillerforeningen დირექტორმა.

ფეხბურთი, soccer, football
ფოტო:AFP

ახალი გეგმით, შეიქმნება ClubHouse-ი, რომელსაც ორივე ეროვნული გუნდი თანაბრად გამოიყენებს. ამასთან ერთად, განვითარების ფონდის შექმნაც იგეგმება. ფონდში თანხას დანიის ფეხბურთის ასოციაცია შეიტანს, ბიუჯეტის ნაწილი კი მამაკაცთა ფეხბურთის გუნდის მიერ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე კვალიფიკაციისთვის მიღებული თანხით შეივსება. ასე, რომ დანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ახალი, ოთხწლიანი შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომლის მიხედვითაც, ნაკრების როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მოთამაშეები თავიანთი ქვეყნის სპორტულ ასპარეზზე წარმოდგენისთვის ერთსა და იმავე ანაზღაურებას მიიღებენ.

ფეხბურთი, soccer, football
ფოტო:Reuters

გარდა ამისა, გადაწყდა მამაკაცთა გუნდის სადაზღვევო თანხის 15%-ით შემცირება. ამ ნაბიჯმა ფედერაციას საშუალება მისცა, ქალთა გუნდის დაზღვევა 50%-ით, ხოლო 21-წლამდელთა გუნდის დაზღვევა 40%-ით გაეზარდა. კონტრაქტი, აღნიშნული ცვლილებებით, ძალაში 2028 წლამდე იქნება. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკაც მოჰყვა. რაც გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცთა ფეხბურთი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებისა და შემოსავლის წყაროა. იმავეს კი ვერ ვიტყვით, ქალთა ფეხბურთზე. თუმცა სწორედ დანიელი ფეხბურთელების მსგავსი გადაწყვეტილებებით, ქალებისთვის შესაძლებლობა გაჩნდება დაამტკიცონ ის, რომ ქალთა ფეხბურთიც ისეთივე სანახაობრივი და მომგებიანი შეიძლება იყოს, როგორც მამაკაცთა ნაკრების შემთხვევაშია.

ზევით