#მოდა

დიორის CRUISE შოუს ინსპირაცია შოტლანდია გახდა

გაზიარება:

კრისტიან დიორის სახლმა ახალი კოლექცია წარადგინა. დიზაინერი მარია გრაცია კიური, ერთი დღით, შოტლანდიის დედოფალი, მერი სტიუარტი გახდა. მან დიდებული სასახლე მე-15 და 21-ე საუკუნის შოტლანდიების შეხვედრის ადგილად აქცია. 2025 Cruise შოუმ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ ცხადია, რომ იგი მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექციის სახელით შევა.

მარია გრაცია კიურის ნამუშევრების ჩვენება შოტლანდიაში, Drummond-ის სასახლეში ჩატარდა. დიორის მოდელებმა კიურის კოლექცია შოტლანდიური ტრადიციული მუსიკის ფონზე წარადგინეს და მისტიკურ სასახლეში მოარულ, წარსულიდან გადმოსულ შოტლანდიის მთიანეთის მებრძოლებს ჰგავდნენ.

კოლექციაში Dior-ის სახლის ისტორიას შოტლანდიის რომანტიკული, დრამატული და სისხლიანი ისტორია შეერწყა და იდეალური შედეგიც ვიხილეთ. სამოსში რეალიზმი და ამავდროულად სიურრეალიზმი იგრძნობოდა, კოლექცია ყოველდღიური სამყაროს ნაწილისა და თან ძალიან გამორჩეული ტანსაცმლისგან შედგებოდა. შოუს მთავარი ელემენტები ქვიშის საათის ფორმის ქურთუკები, დახვეწილი ჩექმები, თასმები, კორსეტები, რბილი და უხეში ქსოვილები გახლდათ.

დიზაინერის თქმით, შოტლანდია მოდის სამყაროსთვის ინსპირაციის წყარო ყოველთვის იყო, თუმცა ის ადრე Punk-თან ასოცირდებოდა, მარია გრაცია კი შოტლანდიური ტრადიციული ქსოვილებისა და სტილისგან რაღაც ახლისა თუ უნიკალურის შექმნა სურდა. თუ მოდაში უდიდესი აქცენტი ფორმებზე კეთდება, დიორის უახლესი კოლექციის დიზაინერმა ყველაზე დიდი ყურადღება ქსოვილებისა და პატერნებისკენ მიმართა. ჩვენებაზე ტარტანის, ქაშმირის, ტვიტისა და არგილის უამრავი ვარიაცია ვიხილეთ.

შოტლანდიის დედოფალი, მარიამ სტიუარტი Dior-ის ამ კოლექციის რომელიმე კაბას სიამოვნებით მოირგებდა. კოლექციაში გამოყვანილი, ხავერდოვანი შალისგან შეკერილი პიჯაკები ჭარბობდა, ასევე კორსეტები, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობის ელფერს ატარებდნენ და ზოგიერთს ყვავილების ნაქარგებიც ამშვენებდა. უნდა აღინიშნოს ტყავის ჩანთები, ბაიკერის ჩექმები, ვერცხლისფერი, რკინის აბჯრის მსგავსი კაბები და ყელზე მომდგარი თეთრი მაქმანებიც.

როგორც წინა Resort Shows-ზე, რომლებიც მექსიკაში, ესპანეთსა და მაროკოში ჩატარდა, დიორის სახლის ჯგუფმა ადგილობრივ დიზაინერებთან და მკერავებთან ამჯერადაც ითანამშრომლა. შოტლანდიელებზე უკეთ, ამ ქვეყნის ტრადიციულ სამოსში ვერავინ ერკვევა. კოლექცია ქაშმირითა და ტვიდით Johnstons of Elgin-მა მოამარაგა, ნაქსოვი ტანსაცმლით კი Esk Cashmere-მა. Resort Show-მ დაგვანახა, რომ მარია გრაცია კიური მხოლოდ დიზაინერი არ არის და მან, ფაქტობრივად, სოციალური ანთროპოლოგობაც შეითავსა. მარიამ შოტლანდიის ისტორიული წარსული და თანამედროვეობაში ტრადიციების გამოვლინებები შეისწავლა, ძველი და ახალი იდეალურ კონცეფციაში გააერთიანა და ისეთ საოცარ შედეგზე გავიდა, რომ გუშინდელი დღე შოტლანდიელებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია.

შოუზე გამოსული მოდელები რეალური ქალების სახეს წარმოადგენდნენ და დაგვანახეს ძლიერი, გამორჩეული, ერთდროულად კომფორტულად და ექსტრავაგანტურად ჩაცმის მოყვარული ქალები. ქალები, რომლებსაც აღარ აქვთ იმის დრო, პასუხი გასცენ სტერეოტიპულ განაცხადებს იმის შესახებ, რომ ისინი ნაზი არსებები არიან, არ უხდებათ უხეში ტონები თუ მკაცრი ჩაცმულობა. ქალებს, ამ უაზრობებზე საფიქრელად სადღა სცალიათ, ქვეყნებს მართავენ, კოსმოსში მიფრინავენ და ისეთ საოცრებებს ქმნიან, როგორიც მარია კიურის 2025 Resort Show გახლავთ. შოუს სწორედ ასეთი ქალები - ჯენიფერ ლოურენსი, ანია ტეილორ-ჯოი, იოკუ არაკი, მეიზი უილიამსი, რომი სტეიდი, ესწრებოდნენ.

 

ზევით