მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ჯილდოს მიიღებს

„ჟურნალისტი და მედიაპლატფორმების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახედ იქცა“ – ამ სიტყვებით იწყება Free Media Awards-ის ოფიციალური განცხადება, რომლის ლაურეატიც 2025 წელს სწორედ მზია ამაღლობელი გახდა.

ეს პრესტიჟული ჯილდო ამაღლობელს ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლისადმი 25-წლიანი ერთგულებისთვის გადაეცემა.

Mzia Amagahlobeli, Free Media Awards, მზია ამაღლობელი Free Media Awards

ჟურნალისტის მიერ დაარსებული ორივე გამოცემა, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, ამ პრემიის მფლობელები უკვე არიან. Free Media Awards ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემიაა. ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის იმ მედიაგამოცემებსა თუ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.

Mzia Amagahlobeli, Free Media Awards, მზია ამაღლობელი Free Media Awards

„მზია ამაღლობელმა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ შექმნა. 2025 წლის იანვარში ის ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ხოლო აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას სჯიან იმის გამო, რომ მრავალი წლის განმავლობაში რეჟიმის კორუფციულ საქმიანობას ამხელდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს.“

პრემიის გადაცემის ცერემონია 6 ნოემბერს ჰამბურგში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტიც გახდა.

ზევით