გაერთიანებული სამეფოს ტეტჩერისტი პრემიერი

| ნანკა კიკალია |

ლიზ ტრასი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა და ძია ბორისი პოსტზე ჩაანაცვლა. ლიზ ტრასამდე გაერთიანებულ სამეფოს ჰყავდა ორი ქალი პრემიერი, ყველასთვის კარგად ცნობილი მარგარეტ ტეტჩერი და ტერეზა მეი - ქალი პოლიტიკოსი, რომელმაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურები დაიწყო. ახლად დანიშნული პრემიერი, ტეტჩერიზმის - მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკისა და ეკონომიკური იდეოლოგიის მიმდევარია და მიუხედავად იმისა, რომ თავად უარყოფს, რომ ტეტჩერს ჰბაძავს, არაერთი ფაქტი საპირისპიროს ამტკიცებს.

მარგარეტ ტეტჩერი, ლიზ ტრასი
ლიზ ტრასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ესტონეთში ყოფნისას, ქვეყანაში განლაგებულ ბრიტანული არმიის ქვედანაყოფს ესტუმრა და ბრიტანული ტანკზე მჯდომმა ფოტოც გადაიღო. ამ ფაქტმა მარგარეტ ტეტჩერის ანალოგიური ქმედება გაგვახსენა. ზედა ფოტოზე ტეტჩერია გადაღებული 1986 წელს,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.  როგორც ამბობენ, ლიზ ტრასის ეს ჟესტი, ერთგვარი გზავნილია რუსეთისთვის.

ვინ არის ლიზ ტრასი, ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა დაიკავა?

47 წლის ლიზ ტრასი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელია. ის 12 წელია, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, ხოლო 8 წელია რაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენს, ის იყო საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრი. ასევე,  2019-2021 წლებში ქალთა საკითხებისა და თანასწორობის მინისტრი გახლდათ, დიახ, არ მოგეჩვენათ, დიდ ბრიტანეთს „ქალთა საკითხებისა და თანასწორობის სამინისტრო“ აქვს.

მერი ელიზაბეთ ტრასი

ოქსფორდში დაბადებულ მერი ელიზაბეთ ტრასს ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სულ ეს არის, რაც ვიცით მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

lizz truss
ლიზ ტრასი მეუღლესთან ერთად, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში განთავსებული პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია.

ლიზის ბიოგრაფიაში იკითხება მეამბოხე სტუდენტური წლები, ლიბერალ-დემოკრატების წევრობა, ტეტჩერის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობა და მონარქიის გაუქმებისკენ მოწოდება. დამეთანხმებით, ინგლისის დედოფალსა და ლიზ ტრასს ჩაიზე სალაპარაკო მომავალშიც ბევრი ექნებათ, ალბათ დედოფალს დააინტერესებს, თუ რატომ სურდა ახალგაზრდა ტრასს მონარქიის დამხობა.

ბრიტანეთის დედოფალი და ლიზ ტრასი
ბრიტანეთის დედოფალმა პრემიერ-მინისტრი ჩაიზე დაპატიჟა, საინტერესოა, ისაუბრებს თუ არა ტრასის "ძველ გეგმებზე".

1996 წელი ტრასის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსი კონსერვატორების იდეოლოგიას ეზიარა და მეამბოხე სულიც დააოკა.

გზა პრემიერ-მინისტრობისკენ

47 წლის ლიბერტარიანელმა ლიზ ტრასმა, ახალგაზრდა და ამბიციური კანცლერი – რიში სუნაკი, რომელსაც სოციალურ მედიაში პოპულარობა და საკმაოდ დიდი დაფინანსება უმაგრებდა ზურგს,  მარტივად დააგდო ბეჭზე. ტრასმა სწორი საკომუნიკაციო სტრატეგია აირჩია. საბოლოო არჩევანი კი  პარტიის ყველა რეგისტრირებულმა წევრმა სწორედ ლიზზე გააკეთა. როგორ მოახერხა? მომავალმა პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ გამოცდილებაზე და არა ინსტაგრამ ტრენდულ კონტენტზე, საკომუნიკაციოდ კი ტრადიციული მედია აირჩია. როგორც რიში სუნაკის ქეისმა გვანახა, ისტაგრამი და ტიკტოკი არც ისე პოპულარული ყოფილა ბრიტანელ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში.

ლიზ ტრასი

ბრიტანულ მედიას თუ კარგად გადაავლებთ თვალს ირონიანარევ სტატიებს წააწყდებით ახალბედა პრემიერ-მინისტრზე. მასზე დიდი ფსონები არ იდება, შესაძლოა კონსერვანტების 12 წლიანი უცვლელი მმართველობისა და ბორის ჯონსოს სკანდალების დამსახურებაც იყოს ეს, თან თითქოს არც  ტერეზა მეიმ გაუმართლა ბრიტანელებს იმედები. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა იმედებს ახალი პრემიერი.

საინტერესოა, რომ ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის მიერ არჩეულ გზას აგრძელებს. ის ღიად უპირისპირდება რუსეთს და კვლავინდებურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. დიდი ბრიტანეთის პრემიერი-მინისტრი - პოლიტიკოსი ნონ გრატაა რუსეთისთვის, რაც გასაკვირიც არ არის, ძლიერი და საინტერესო ლიდერები პუტინსა და მის დამქაშებს ძალიან აღიზიანებთ. ასევე აღსანიშნავია, წამყვანი რუსული მედია არხის წამყვანის კომენტარი ლიზ ტრასის გამარჯვებაზე: "დიდი ბრიტანეთი დღეს ჰგავს ჯორჯ ორუელის დისტოპიას "1984", სადაც უცოდინარობა ძალაა და იდიოტობამ იმარჯვა" (ლინკი ვიდეოზე). ამაზე ერთადერთი აზრი მიჩნდება, ე.ი. რუსეთისთვის ლიზ ტრასი მომდევნო "რკინის ლედია", რაც იმპერიალისტურად განწყობილი ქვეყნისთვის არც ისე გასახარი სიახლეა. 

liz truss, ლიზ ტრასი

ტრასის კაბინეტი გენდერულად და ეთნიკურად დიდ ბრიტანეთის ისტორიაში უპრეცედენტოდ მრავალფეროვანია.

ლიზ ტრასი დღეს პირველად წარსდგა თავისი კაბინეტის მინისტრების წინაშე, სადაც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი კამპანიის მთავარ გზავნილს - დაბალი გადასახადები, როგორც გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი.

ზევით