#კინო

ყველა დროის ყველაზე მოდური მიუზიკლები

გაზიარება:

მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფიის შექმნასთან ერთად, მიუზიკლმა სცენიდან ეკრანზე გადაინაცვლა, ეს ჟანრი პოპულარობას არ კარგავს. მუსიკალურ ფილმებს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და ამის საბაბი ნათელია: მაყურებელი ხომ ფილმის ყურებითა და მისი მოსმენით ერთდროულად იღებს სიამოვნებას, ხოლო თუკი ამ ყველაფერს მომაჯადოებელი კოსტიუმები ემატება, მიუზიკლი მარტივად იქცევა შედევრად, რომლის ნახვა არასდროს არ მოგვბეზრდება.

Singin’ In The Rain (1952)

მაშინ, როდესაც უხმო კინო, ხმიანმა ჩაანაცვლა, სამყაროს Singin' in the Rain მოევლინა, თუმცა ამის შესახებ წარმოდგენა არავის ჰქონდა. დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი, რაც კი ოდესმე გადაუღიათ, ოდესღაც უბრალო ჰიტად იყო მიჩნეული. არადა, შეხედეთ ამ მუსიკალურ ნომრებს, მათ შესრულებას, თვალი მიადევნეთ ჩაცმის სტილს - ეს უბრალოდ შედევრია.

A Star Is Born (1954)

სიყვარულის ტრაგიკული ისტორია მანამდეც და მას შემდეგაც არაერთხელ მოვისმინეთ ტელეეკრანებიდან, ჯანეტ გეინორისგან 1937 წელს, ბარბარა სტრეიზანდისგან 1976 წელს და ლედი გაგასგან 2018 წელს, თუმცა არაფერი შეედრება 1954 წლის ვერსიას და ჯუდი გარლანდის შესრულებას. გარდა იმისა, რომ მსახიობი ამ როლში უბრალოდ ბრწყინავდა, მისი ხმა ვირტუოზული, მონოლოგები კი ემოციური გახლდათ.

West Side Story (1961)

შეგიძლიათ კლასიკის გამოუსწორებელი მოყვარულები გვიწოდოთ, თუმცა სტივენ სპილბერგმა ახალი ეკრანიზაციით მხოლოდ მიახლოება თუ შეძლო ორიგინალთან, რომელიც ეკრანებზე 1961 წელს გამოჩნდა. რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორიით შთაგონებული ამბავი პირველად მაყურებელმა ნატალი ვუდისგან და რიჩარდ ბეიმერისგან მოისმინა, 50-იანი წლების ამერიკული სტილი კი მას შემდეგ რეჟისორებისა თუ ფოტოგრაფებისთვის ინსპირაციის წყაროდ რჩება.

My Fair Lady

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ კუკორის მომხიბვლელი მიუზიკლის My Fair Lady-ს კულისებს მიღმა დიდი სკანდალი მძვინვარებდა კოსტიუმების დიზაინერსა და მსახიობ ჯული ენდრიუს შორის, ეკრანზაცია მიუზიკლების ისტორიაში ყველაზე გემოვნებიანი ნაწარმის სახელით არის ცნობილი. ფილმის მთავარი გმირი, რომელსაც ოდრი ჰეპბერნი განასახიერებს უბრალოდ შეუდარებელია, მისი კაბები კი მარადიული შთაგონების წყარო.

The Umbrellas Of Cherbourg (1964)

1964 წელს ჟაკ დემიმ ვიზუალური დღესასწაული გვაჩუქა: მაღაზიების კაშკაშა ვიტრინები, ფერადი დეკორატიული კედლები და იდეალური კოსტიუმები, რომლებიც კიდევ უფრო იდეალურ ქალს კატრინ დენევს ამშვენებდა. მიუზიკლს თავისი დიდება წამითაც არ დაუკარგავს და დღესაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ეს ოდესღაც იქნებოდა.

Cabaret (1972)

ბობ ფოსეს კომიკური და უსირცხვილოდ დეკადენტური შედევრი 30-იანი წლების ბერლინში გვამოგზაურებს და ღამის კლუბის მომღერლისა (ლიზა მინელი) და თავშეკავებული აკადემიკოსის (მაიკლ იორკი) სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გვიამბობს. ეს გახლდათ მიუზიკლი, რომელმაც ლიზა მინელი აღმოაჩინა, შარლოტა ფლემინგის მიერ შექმნილი კოსტიუმები - ბოულერის ქუდები, მბრწყინავი კორსეტები და აქსესუარები კი სამუდამოდ დაუკავშირდა ლიზას სახელს.

Moulin Rouge! (2001)

ახლა კი დროა თანამედროვე კინოსამყაროში გადმოვინაცვლოთ და 2001 წელს გამოსულ Moulin Rouge-ზე გავამახვილოთ ყურადღება. ნიკოლ კიდმანმა მიუზიკლში თავისი სილამაზითა და გრაციით ჩვენი მოხიბვლა უდავოდ მოახერხა, თუმცა არანაკლებ თვალისმომჭრელი გახლდათ კოსტიუმები, რომლებიც მსახობს ამშვენებდა, მათ შორის კლასიკურუ თუ მბზინავი კორსეტები და აქსესუარები.

La La Land’ (2016)

ბოლოს კი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხედვისა და გემოვნების რეჟისორის ნამდვილ შედევრზე La La Land-ზე გვსურს ყურადღების გამახვილება. გარდა იმისა, რომ რეჟისორმა მიასა და სებასტიანის სიყვარულის ისტორიით ტკბობის საშუალება მოგვცა, მან ფილმზე სამუშაოდ კოსტიუმების ცნობილი დიზაინერი - მერი ზოფრესიც მიიწვია, რომელმაც დამიანის ფანტაზიებს ფრთები შეასხა და ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფილმი შემოგვთავაზა.

ზევით