#აფიშა

UNMEMORY: „ღია სივრცე“ ახალი პერფომანსით ბრუნება

გაზიარება:

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ პანდემიით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ღია სივრცე“ განახლებული სარეპერტუარო პოლიტიკით და ახალი პერფორმანსით ბრუნდება და 21/22 წლის სეზონს დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლით, UNMEMORY-თ ხსნის. ღია სივრცისა და დავით ხორბალაძის კოლაბორაციით შექმნილი წარმოდგენა მეხსიერების უწყვეტ გარდაქმნაზეა.

დროთა განმავლობაში მეხსიერება იშლება და საბოლოოდ, მოვლენები და ფაქტები იმდენად ზიანდება, რომ ფაქტობრივად, მათგან ხელჩასაჭიდი არაფერი რჩება. მუდმივი მხოლოდ ცვლილებაა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Open Space (@openspaceea)

მუსიკა, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას ნერგავს, UNMEMORY-ს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ხმებით, ალუზიური და ასოციაციებით სავსე ვიზუალური თხრობით, ჯგუფი შეეცდება შექმნას სამყაროს მოდელი, რომელიც სტატიკურ წარსულს თავს აღწევს და თავგანწირვით ცდილობს მომავლის ფლუიდურობას შეუერთდეს. რეჟისორი, ტექსტისა და მუსიკის ავტორი დავით ხორბალაძე გახლავთ, სცენოგრაფის მოვალეობას ანა გურგენიძე შეასრულებს, კოსტუმების მხატვარად ნინი გოდერიძე მოგვევლინება, გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი და მარინა ჯოხაძე კი სპექტაკლის მსახიობები არიან.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Open Space (@openspaceea)

რაც შეეხება „ღია სივრცის“ განახლებულ სარეპერტუარო პოლიტიკას, სახელოვნებო სივრცის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ტრადიციული რეპერტუარიდან გადაეხვიათ და ახალი მოდელისთვის მიეცათ გასაქანი, რაც მუდმივად პრემიერის რეჟიმში ყოფნას გულისხმობს. ახალი სარეპერტუარო ცხოვრების თანახმად, „ღია სივრცეში“ პრემიერის შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი ამ სპექტაკლის მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას შეასრულებს, რის შემდეგაც სპექტაკლი მოიხსნება და ადგილი შემდეგ სპექტაკლს დაეთმობა.

ახალი სარეპერტუარო პოლიტიკის მიზანია სწორი დიალოგის დამყარება მაყურებელთან და გარემოსა და რეალობის სწრაფი ანალიზი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Open Space (@openspaceea)

სახელოვნებო სივრცეში „ღია სივრცე“ 5 წლის წინ გამოჩნდა. ეს არის დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის მიზანია აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდავობისთვის. 

ზევით