#კინო

Monte-Carlo Television Festival

გაზიარება:

დღეს The Diary-ის გუნდი მონტე-კარლოს რიგით 63-ე სატელევიზიო ფესტივალს ესწრება, რომელიც 14-18 ივლისს იმართება. ღონისძიების მთავარ მომენტებს პირდაპირ მზიანი მონაკოდან გაგაცნობთ. Monte-Carlo Television Festival ყოველწლიურად არაერთ საინტერესო სატელევიზიო შოუს, სერიალსა თუ გადაცემას ერთ სივრცეში უყრის თავს და მათ შორის საუკეთესოსაც არჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი - კრისტალის ნიმფა მორგან ფრიმანს გადაეცემა გრანდიოზული სატელევიზიო კარიერისთვის.

monaco

ფესტივალი “The Gray House-ის” მსოფლიო პრემიერით გაიხსნა. სერიალი, რომლის პროდიუსერებიც მორგან ფრიმანი და კევინ კოსტნერი არიან, აშშ-ს სამოქალაქო ომის პერიოდის ქალ ჯაშუშებზე მოგვითხრობს. ექვს ეპიზოდიანი სატელევიზიო შოუ ფარულ ისტორიებს გვაცნობს ოთხ ქალზე, რომლებსაც აშშ-ს გაყოფისა და მონობის დასრულებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. “ჯაშუშების ეს ნამდვილი ამბავი თითქმის დაეკარგა ისტორიას - მაგრამ სინამდვილეში ის გადამწყვეტი იყო კავშირის კონფედერაციაზე გამარჯვებისთვის", - ამბობს მორგან ფრიმანი. 

simone ashley, bridgerton
სიმონ ეშლი და მონაკოს პრინცი, ალბერ II

ბრიჯერტონის მესამე სეზონის მეორე ნაწილის პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფესტივალის საერთაშორისო ოქროს ნიმფა სერიალის მსახიობს სიმონ ეშლის გადაეცა. საპატიო ოქროს ნიმფას პრიზით კი გულშემატკივართა ფავორიტი, ფრანგ მსახიობი და ყოფილი პოლიციელი, ოლივიე მარშალი დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოვდება. როგორც Monte-Carlo Television Festival-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სესილ მენონმა განაცხადა, ფესტივალს გულშემატკივრების უზარმაზარი არმია ჰყავს, მთავარი მიზანი კი მათთვის საინტერესო ღონისძიებების მოწყობაა. 

ცნობილი სატელევიზიო შოუს “NCIS”-ის 50 წლის იუბილეს გასაშუქებლად ფესტივალმა ჩაის წვეულება მოაწყო, ხოლო სერიალის შემქმნელი გუნდი მის მე-1000 ეპიზოდს აღნიშნავს. 

მონაკო
კოტე დე პაბლო, NCIS-ის მსახიობი

ფესტივალზე არაერთი დოკუმენტური სერიალის პრემიერაც გაიმართა. მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა "Ukraine's War: The Other Side", "Helgoland 513", "Broken Dreams" და სხვა.

ზევით