მინიმუზეუმი, ასე ჰქვია თბილისში ახლად შექმნილ საგამოფენო სივრცეს, რომელიც ქართველი მეთოჯინეებისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის გაიხსნა.
საგამოფენო სივრცის კურატორის თქმით, მუზეუმში როგორც ქართველი მეთოჯინეების შექმნილ ნამუშევრებს, ასევე სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს იხილავთ. ეს არის სივრცე, რომელიც ქართველ ხელოვანებს ერთმანეთთან და საზოგადოებასთან უფრო დააახლოებს. მუზეუმი დამთვალიერებელს როგორც მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებს შესთავაზებს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმოფანტული არიან უნიჭიერესი მეთოჯინეები, რომლებსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს და თავად მეთოჯინეებს შორისაც ჭირს კომუნიკაცია. სწორედ ეს იქცა ამგვარი გალერეის შექმნის მოტივაციად. მუზეუმი კი ერთგვარი სახლი იქნება საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, რათა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები, ხედვები თუ ტექნიკები გაუზიარონ.
მუზეუმი საავტორო თოჯინების გამოფენით გაიხსნა. მეთოჯინე მარინა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ თოჯინების შექმნისას უამრავი პროფესიის შეთავსებაა საჭირო. ის თავად არის მძერწავი, მეწაღე, მხატვარი, დიზაინერი, ვიზაჟისტი თუ სტილისტი. მისი სადებიუტო თოჯინები ქართული ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სამოსის იდეალური ნაზავია. აქტიური მუშაობა მან პანდემიის დროს დაიწყო და დღეს მისი ნამუშევრების მონახულებ უკვე მინიზეუმის დამთვალიერებელს შეუძლია. მუზეუმში იხილავთ მარინას შექმნილ თოჯინებს, რომლებიც სამაიას, ოსურის, დაისის, აჭარულისა თუ კინტოურის მოცეკვავეები არიან. ჯეირანის მოცეკვავე თოჯინის სამოსზე მუშაობისას მან ინსპირაცია სოლიკო ვირსალაძის შექმნილი კოსტიუმისგან აიღო, რომელიც ლეგენდარულ მოცეკვავეს, ნინო რამიშვილს ეცვა.
თოჯინები უამრავი დეტალისგან შედგება. ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა კიდევ უფრო რთული და შრომატევადია მასალების მოძიება. მაგალითად მინიზეუმის ერთ-ერთი თოჯინას შექმნისთვის ავტორი წლების განმავლობაში აგროვებდა ფრანგულ ვინტაჟურ მაქმანებს.
მუზეუმში მარინა ბიჭიაშვილის შოთა რუსთაველსაც იხილავთ, ასევე მედეას, რომლის სამოსში იდეალურადაა ჩაქსოვილი ზღვის ტალღების ელემენტები. შეგეძლებათ, დაათვალიეროთ გასული საუკუნეების მოდის ინსპირაციით შექმნილი სამეფო სამოსები, რომლებიც თანამედროვეობის შტრიხებსაც ატარებენ.
დამეთანხმებით, ყოველ დეტალზე ზრუნვა დიდ შრომასთან და ენთუზიაზმთანაა დაკავშირებული. მარინა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას ზოგჯერ არც ახსოვს როგორ შექმნა თოჯინა.
თითქოს სხვა განზომილებაში ვინაცვლებ თოჯინების კეთების დროს, - ირმა კუპრავა
მინიზეუმში შეხვდებით ნიკო ფიროსმანს, დონ კიხოტსა და მრავალი ზღაპრის გმირს. მუზეუმის შემქმნელები ამ სივრცეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, რადგან მეთოჯინეობა ხელოვნების ის დარგია, რომელიც ამოუწურავია. ყოველმა ახალმა თოჯინამ შეიძლება გაგაოცოთ და დაგარწმუნოთ იმაში, რომ მეთოჯინის ხედვა და იდეა უამრავი ნამუშევრის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
მინიზეუმი საზოგადოებამ გამოფენის შესახებ კონკურსის მეშვეობით გაიგო. კონკურსში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 40-მდე მეთოჯინე იღებდა მონაწილეობას. “მოგზაურობა დროში” ასე ჰქვია კონკურსს და უკვე გამარჯვებულებიც გამოვლენილია.
ჟიურისა და დამთვალიერებლის რჩეული მაია ალადაშვილის ქმნილება გახდა.
ხოლო ფეისბუქ გვერდის მომხმარებლის მოწონება, პატარა პრინცის თოჯინამ დაიმსახურა, რომელიც ო'ლალუს შექმნილია.
მინიზეუმის თოჯინები სხვადასხვა მასალისგანაა დამზადებული, როგორებიცაა პოლიმერული და თვითშრობადი თიხა, მეტალი, ძაფი, ხე თუ შუშა. მუზეუმი საგამოფენო სივრცისგან და სახელოსნოსგან შედგება. სახელოსნო დამწყები მეთოჯინეებისთვისაა ან უბრალოდ იმათთვის, ვისაც სურს ერთხელ მაინც გამოცადოს თოჯინების შექმნის ხელოვნება. სახელოსნო ყველასთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასტერკლასში მონაწილეობის მიღება.
მინიზეუმის გალერეა ყოველ დღე, ორშაბათის გარდა,12:00-18:00 საათებში უმასპინძლებს დამთვალიერებელს. ის თბილისში, დიღმის მასივის, მე-3 კვარტალში, N2გ-ში მდებარეობს.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საუკეთესო მსახიობები და სხვა ნომინაციების გამარჯვებული ხელოვანები გამოავლინა.
წელს, პარიზულ კვირეულს 50 წლის იუბილე აქვს და ისეთ ფორმაშია, როგორც არასდროს. პოდიუმი ცნობილ მოდის სახლებს დაეთმო და ვიხილეთ 40-მდე ახალი დიზაინერის ნამუშევრები, მათ შორის ქართველი ირაკლი რუსაძეც იყო, რომლის ბრენდის, Situationist-ის პრეზენტაცია შედგა.
იტალიის დედაქალაქში ლეგენდარული მოდის სახლების: ვერსაჩეს, პრადას, ფენდის, მოსკინოს ჩვენებები გაიმართა. ჩვენთან ერთად გადაავლეთ თვალი კვირეულის საუკეთესო მომენტებს.