#სპორტი

რას ველით ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე

გაზიარება:

სნუპ დოგი, ჯიმი ფელონი, ლილი კოლინსი, სელმა ჰაიეკი და კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანი. ვინ აღარ ჩაერთო ოლიმპიური თამაშების ორომტრიალში. მსოფლიოს საუკეთესო ათლეტების შეჯიბრებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ოლიმპიური თამაშები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, რომელსაც ყველა კონტინენტის მოსახლეობა ადევნებს თვალს. დღეს, ოლიმპიური ცეცხლის გრძელი მოგზაურობა მდინარე სენაზე გახსნით ცერემონიალზე დასრულდება.

პარიზის ოლიმპიური თამაშები
ფოტო:olympics.com

ჩირაღდანი მსოფლიო ვარსკვლავების ხელიდან ხელში გადადის. სულ რამდენიმე საათის წინ, სელმა ჰაიეკმა ის პრესნელ კიმპემბეს გადასცა. ოლიმპიადის გახსნის დღეს კი ჩირაღდანს MC Solaar-ი, ლეტიცია კასტა და სნუპ დოგი Saint-Denis-იდან მთავარ სცენამდე მიაცილებენ.

ოლიმპიური ჩირაღდანი
ფოტო: Aris Messinis/AFP

ჩირაღდანი პირველ აპრილს ანტიკურ ქალაქ ოლიმპიას, ოლიმპიური თამაშების დაბადების ადგილას ბერძენმა მსახიობმა მერი მინამ აანთო. ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი, 52 წლის რეპერი ჩირაღდნის ბოლო მატარებელი იქნება. ვის გადასცემს სნუპ დოგი ჩირაღდანს და ვინ ააგიზგიზებს ცეცხლს ოლიმპიადის სცენაზე, ჯერ უცნობია. სნუპის სპორტისადმი სიყვარული ახალი ამბავი არ არის. მას უკვე აქვს ოლიმპიური თამაშების კომენტატორობისთვის ოქროს მედალი და წელსაც ოლიმპიადის ერთ-ერთი გამშუქებელი იქნება. მისი კომენტარების მოსმენა NBC-ზეა შესაძლებელი.

სნუპ დოგი

"ოლიმპიადა ეს არის ოსტატობის, თავდადებისა და სიდიადისკენ სწრაფვის ნამდვილი დღესასწაული“- განაცხადა სნუპ დოგმა, რომელიც თავის როლს დიდი მოწიწებით უდგება.

სნუპმა ერთი თვის წინ, ორეგონის შტატში, 200 მეტრის საცდელი გარბენიც კი შეასრულა. რეპერი სარბენ ბილიკზე კობი ბრაიანტის პატივსაცემად კალათბურთელის გამოსახულებიანი მაისურითა და ამერიკის დროშის შორტებით გამოჩნდა. სნუპმა მანძილი 34.44 წამში დაფარა.

სნუპ დოგი
ფოტო: Patrick Smith/Getty Images

პარიზში გახსნითი ცერემონიალი საღამოს რვის ნახევარზე, მდინარე სენაზე, Austerlitz-ისა და Léna-ს ხიდებს შორის გაიმართება. ცერემონიაზე სელინ დიონი, ფრანგული პოპის ვარსკვლავთან აია ნაკამურასთან ერთად იმღერებს. რამდენიმე დღის წინ ჭორები გავრცელდა, რომ ისტორიულ ცერემონიაზე ლედი გაგაც გამოჩნდება. ჭორი გამართლდა და უკვე ისიც ვიცით, რომ გაგა ედიტ პიაფის სიმღერას "L’Hymne à l’amour"-ს შეასრულებს

სელინ დიონი, ლედი გაგა
ფოტოები: Reuters/Cyril Pecquenard

მოგეხსნებათ, ტეილორ სვიფტი ევროპის ერას ტურს ატარებს, თუმცა მომღერალს დასვენების დღეები აქვს აღებული. ეს ამბავი ინტერნეტ საზოგადოების აზრით იმის მანიშნებელია, რომ ტეილორი სენაზე გამართულ ცერემონიაზე იმღერებს. პარიზში, 23 ივლისს არიანა გრანდეც დალანდეს. მსგავსი ჭორი ინგლისელი მომღერლის, დუა ლიპას შესახებაც გავრცელდა.

ტეილორ სვიფტი
ფოტო: Natacha Pisarenko

ჯერ-ჯერობით, ემანუელ მაკრონის განცხადების წყალობით, დანამდვილებით ის ვიცით მხოლოდ, რომ ფრანგი პოპსტარის, აია ნაკამურას მოსმენის შესაძლებლობა გვექნება. ამჟამინდელი მონაცემებით, აია მსოფლიოში ყველაზე მეტად მოსმენადი ფრანგი მომღერალია. ის Pont des Arts-ზე, საფრანგეთის აკადემიის მოპირდაპირედ იმღერებს. აია თავისი ჰიტების გარდა ასევე შარლ აზნავურის ცნობილი სიმღერის, La Bohème-ს ქავერს შეასრულებს. ფრანგული მედიის ცნობით, მარსელიოზას მეცო-სოპრანო Axelle Saint-Cirel იმღერებს. ფრანგი მომღერლებიდან ასევე ვიხილავთ Philippe Katerine-ს, Juliette Armanet-ს, Marina Viotti-ს, პიანისტ Sofiane Pamart-ს, როკ ჯგუფ Gojira-ს და რეპერ Rim’K-ს.

Philippe Katerine, Aya Nakamura, Juliette Armanet.
Philippe Katerine, Aya Nakamura, Juliette Armanet

ოლიმპიადაზე ყველა ველით ქვეყნების აღლუმს, რომელიც წელს განსაკუთრებული სახით ჩატარდება. გამომდინარე იქიდან, რომ ცერემონია არა სტადიონზე, არამედ მდინარე სენაზე გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები გემებით იმოძრავებენ. "მსვლელობა" აუსტერლიცის ხიდთან დაიწყება და ნავები სენაზე ექვსი კილომეტრის მანძილზე გაცურავენ, სანამ ეიფელის კოშკამდე არ მივლენ. სპორტსმენები ლუვრს, ნოტრ-დამსა და პარიზის კათედრალს ჩაუვლიან. ცერემონიალის ბოლოს ოლიმპიური ცეცხლიც აინთება. ერთი სიტყვით, ცერემონია ექსტრავაგანტური იქნება. საზოგადოებაში იმდენად დიდი მოლოდინებია, იმის შიშიც კი გაჩნდა, რომ ბუნებასა და უსაფრთხოებას შეიძლება ზარალი მიადგეს, თუმცა ფრანგი ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ისინი ამ დიდი დღისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

ზევით