#კულტურა

ხელოვნება, მოდა, დიზაინი: თბილისის კულტურის კვირეული იწყება

გაზიარება:

თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებისთვის ემზადება! 3-7 ნოემბერს, კრეატიულობისა და მხატვრული თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ნიჭიერებისა და ინოვაციური ბრენდების გასაერთიანებლად, ხელოვნების, მოდის და დიზაინის გზები თბილისის კულტურის კვირეულზე გადაიყრება და თბილისს გლობალური პროექტების ცენტრში მოაქცევს.

თბილისის კულტურის კვირეული გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ყოველწლიურად ხელოვანებს მთელი მსოფლიოდან უმასპინძლებს და შექმნის რეალურ შესაძლებლობას ახალი პარტნიორობებისა და ფასდაუდებელი გამოცდილებებისთვის. კვირეული მოგვევლინება დამაკავშირებელ ხიდად ქალაქებსა და შემოქმედებით ადამიანებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინტერაქციული და დინამიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პანელები და დისკუსიები შექმნის შთამაგონებელ პლატფორმას, რომელიც ღონისძიებაში მონაწილე ხელოვანებს შესაძლებლობას მისცემს გაცვალონ იდეები და დაამყარონ ჯანსაღი კომუნიკაცია. დამსწრე აუდიტორიას კი მიეცემა შესაძლებლობა ამ მოვლენების მონაწილე თავად გახდეს. 

თბილისის პირველი კულტურის კვირეული მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებლის, სოფო ჭყონიას ორგანიზებით ჩატარდება, კვირეულის მარკეტინგის მიმართულებას კი Marketing Hub უხელმძღვანელებს. კულტურული ღოისძიებები კოკა-კოლას ყოფილ ქარხანასა და თბილისის სხვა ისტორიულ შენობებში მოეწყობა, კვირეულისთვის შერჩეული თითოეული ლოკაცია, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილის ინდივიდუალიზმს და მრავალფეროვნებას გაუსვამს ხაზს. პირველი კულტურის კვირეული არა მხოლოდ ადგილობრივი გამოცემებით, არამედ საერთაშორისო ჟურნალებითაც გაშუქდება. 

ხელოვნება

ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში დაფუძნებული ქართველი მხატვარი, ვიზუალური არტისტი, ფერმწერი და გრაფიკოსია, სონღულაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მიენიჭა რამდენიმე სასწავლო სტიპენდია, იგი აგრეთვე ფლობს New York Academy of Art-ის MFA-ს.

გერმანულმა და ფრანგულმა ფილოსოფიამ და ფსიქოანალიზმა დიდი გავლენა მოახდინეს მის მხატვრულ მიდგომაზე და ახალ შემოქმედებით ექსპერიმენტებამდეც მიიყვანეს.

2021 წელს, თბილისში, ეროვნულ გალერეაში, ბასაკ სენოვას კურატორობით, ლევან სონღულაშვილის სამდარბაზიანი მულტიმედიური პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც ნახატებს, ფრესკენს, ინსტალაციებს, ხმასა და ფერწერას აერთიანებდა. 2022 წელს კი ქართველმა ხელოვანმა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მორიგ გამოფენას უმასპინძლა.

2016 წელს ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ჯგუფურ გამოფენაში წარმოდგენილი იყო ბრუკლინის მუზეუმსა (ნიუ-იორკი) და სამეფო ხელოვნების აკადემიაში (ლონდონი). 2018 წელს მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნა საქართველოში, Erti Gallery-ში, მარკ გისბურნის კურატორობით.

სონღულაშვილი თანამშრომლობდა Turner Prize-ის მფლობელ არტისტ ჯერემი დელერთან და ამერიკელ როკ ვარსკვლავ Iggy Pop-თან, იაპონელ მოდის დიზაინერ ისი მიაკესთან, ფოტოგრაფ იურიკო ტაკაგისთან, კომპოზიტორ გია ყანჩელთან. არტისტის მულტიმეფია ნამუშევრები ჩრდილოეთ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მასშტაბით არა ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილა. ლევანის შემოქმედება ინახება საჯარო და კერძო კოლექციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ლევან სონღულაშვილი ასევე წერს ფსიქოლოგიურ პროზას, ესეებს, ლექსებს და უკრავს ფორტეპიანოზე.

არსენ სავადოვი სომხური წარმოშობის აღიარებული კონცეპტუალური მხატვარია. დაიბადა 1962 წელს კიევში, წიგნის ილუსტრატორ ვლადიმერ სავადოვის ოჯახში.

სწავლობდა ფერწერა შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო სამხატვრო სკოლაში. კიევის ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებული სავადოვი ცხოვრობს და მუშაობს კიევში.

უტა ბექაია არის მულტიმედია არტისტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში და თბილისში, პარალელურად. ის სწავლობდა თბილისის მცირე აკადემიის ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მისი სადებიუტო ნამუშევარი - პერფორმანსი - შედგა AMA (Avant-Guard Fashion Assembly)-ზე.

ხელოვანი ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე და სხვადასხვა არტ ივენთებზე. საერთო მეხსიერების გენეტიკური გადაცემის რწმენით, ბექაია ცდილობს ხელახლა დაუკავშირდეს უძველეს ცოდნას და გაჟღინთოს იგი საკუთარი გამოცდილებითა და ახალი მნიშვნელობით.

ოქსანა ლევჩენია არის უკრაინელი მხატვარი, OLK Manufactory-ის მფლობელი, ქმნის ხალიჩებსა და გობელენებს, რომლებშიც იგი აერთიანებს თანამედროვე დიზაინსა და ტრადიციულ ხელოსნურ ტექნიკას.

ვოლოდიმირ მანჟოსი მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი მურალისტია, რომლის ნამუშევრებსაც Wynwood Walls-ში, Colombo Contemporary Art Gallery-ში და Jonathan Levine Gallery-ში უმოგზაურიათ.

ჰამლეტ ზინკოვსკის ქუჩის ხელოვნება გამოირჩევა შესრულების გრაფიკული სტილით და დამახასიათებელი საავტორო ტექსტების არსებობით. თავის ნამუშევრებში ხელოვანი ტოვებს ხელმოწერას Gam years (უკრაინ. „წლების ხმაური“), რისი საშუალებითაც ხაზს უსვამს საკუთარი შემოქმედების სოციალურ ორიენტაციას.

მარინა კარპიის, უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოპროექტი წარმოგვიდგენს ომს გადარჩენილი უკრაინელი ბავშვების პორტრეტებს. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული ადამიანების პორტრეტებს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს ბავშვები იყვნენ.

ცეკვა

RADIO AND JULIET: უკრაინული ბალეტის მხარდასაჭერად, თბილისის კულტურის კვირეული წარმოგიდგენთ სიყვარულის ისტორიას, რომელიც Radiohead-ის მუსიკისა და დიდი ბალეტის შერწყმის შედეგად დაიბადა. Radio and Juliet პირველად 2005 წელს დაიდგა, სლოვენიელი ქორეოგრაფი ედვარდ კლუგისა და ცნობილი ჯგუფის Radiohead-ის კოლაბორაციით შექმნილმა სანახაობამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და დეკორის ნაცვლად წარმოდგენილი განათება, ეფექტები და ვიდეო ინსტალაციები მნახველს დღემდე აღაფრთოვანებს.

ბალეტი QUATRO: Quatro ბალეტი არის კერძო პროექტი და ბალეტის ისტორიაში პირველი დადგმა, რომელმაც ოთხი ოქროს ნიღაბი დაიმსახურა კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი კაცი ბალეტში.

მუსიკა

ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სიმფონიური ორკესტრი: 2013 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად ნიკოლოზ რაჭველი დაინიშნა და მას შემდეგ არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა მოწვეულ ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის: ათენში და ფრანკფურტის საკონცერტო დარბაზებში, Paris Les Invalides-ში, Berlin Konserthaus-ში, Brussels Centre for Fine Arts BOZAR-ში და ა.შ.

DZ’OB: ეს არის ელექტროაკუსტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობს გააერთიანოს კლასიკური მუსიკის ტრადიცია თანამედროვე ელექტრონულ მიდგომასთან. ჯგუფი 2014 წელს დაარსდა და 5 წევრისგან შედგება: ჰობოე, ფაგოტი, ვიოლინო, ჩელო და ელექტრონიკა. ამჟამად ჯგუფის რეპერტუარი შედგება მისი წევრების მიერ შედგენილი და შექმნილი კოლაბორაციებისგან
თანამედროვე კომპოზიტორებთან.

KATYA CHILLY: უკრაინელი შემსრულებელი, UNDP Ukraine-ის ამბასადორი, ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი გახლავთ. კატიას ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ჰანგები თანამედროვე ეპოქაში გადმოაქვს, მისი სტილი მსოფლიო და ახალი ეპოქის მუსიკის შერწყმაა.

ელექტრონული მუსიკა: საღამო თანაორგანიზებული იქნება თბილისში ყველაზე პოპულარული ღამის კლუბ Bassiani-სა და კიევის ტექნოკლუბის (ყველაზე დიდი ტექნოს ორგანიზატორები ფესტივალები უკრაინაში) Closer-ის მიერ.

მოდა

თბილისის პირველი კულტურული კვირეულის მოდურ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ბრენდები: Situationist, Ingorokva, Reckless, Keburia, Tatuna, Tamra, Aka Prodiashvili, Teyo და მუსიკოსი, პროდიუსერი და დიზაინერი HIROSHI FUJIWARA.

ზევით