#მუსიკა #ფოტოამბავი #მხატვრობა #UKRAINE

თბილისის კულტურის კვირეული: ადგილი, სადაც ქართული და უკრაინული კულტურა გადაიკვეთა

გაზიარება:

3-7 ნოემბერს, თბილისი, კულტურისა და ალტერნატიული ხელოვნების ტალღამ მოიცვა. 5 დღით, ყოფილი კოკა-კოლას ქარხანა - Factory Tbilisi თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თბილისის პირველ კულტურის კვირეულს უმასპინძლა. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაზე ხელოვნების, მოდისა და დიზაინის გზები წარმატებით გადაიკვეთა და გახდა დასაბამი იმ იმედისმომცემი ძვრებისა, რომელიც მომავალშიც განაგრძობს ინტერაქციული და დინამიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“
საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“

თბილისის პირველი კულტურის კვირეული მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებლის, სოფო ჭყონიას ორგანიზებით ჩატარდა, კვირეულის მარკეტინგის მიმართულებას კი Marketing Hub ხელმძღვანელობდა.

საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“

თბილისის კულტურის კვირეულზე ქართველ შემოქმედებს საკუთარი ღირებულებებისა და იდენტობის სადარაჯოზე მდგარი უკრაინელი შემოქმედებიც შეუერთდნენ, რომლებმაც მსოფლიოსთვის საკუთარი სიმართლის, საკუთარი მრავალწახნაგოვნობა და კულტურული მრავალფეროვნების ჩვენება სწორედ საქართველოდან დაიწყეს. 

საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“
საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“

5 დღის განმავლობაში Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე და თბილისის სხვადასხვა ისტორიულ ლოკაციაზე გაიხსნა საექსპოზიციო სივრცეები, გაისმა ფენომენალური მუსიკოსების მომაჯადოებელი ჰანგები, თბილისის კულტურის კვირეულის სტუმრები ეზიარნენ ქართველი და უკრაინელი ხელოვანების შემოქმედებას და ხშირად თავადვე აღმოჩნდნენ ხელოვნების გამოძერწვის პროცესის მონაწილენი.

საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“

კვირეულის პირველივე დღიდან, დამთვალიერებლებისთვის საგამოფენო სივრცის სახელწოდებით - „სინათლე სძლევს სიბნელეს“, შავი ფარდა გაიხსნა. ჯგუფურმა გამოფენამ პირველ დღეს Fungus project, Ukrainian hall და sukholit solo exhibition გააერთიანა, მომდევნო დღეებში საგამოფენო სივრცის ნაწილად უკრაინელი კერამიკოსი იური მირკო და ქართველი ხელოვანი ლია ბაგრატიონიც იქცნენ.

იური მირკო

იური მირკო პირდაპირ ვიზიტორების თვალწინ მუშაობდა თიხაზე და ქმნიდა უჩვეულო, მაგრამ მიმზიდველ სილუეტებს.

იური მირკო

ლია ბაგრატიონმაც საკუთარი თავის შემოქმედ პროცესს გვაზიარა, კონსტრუქცია სახელწოდებით „ბაბილონი“, ხელოვანმა სტუდენტებთან ერთად შექმნა, იგი გამოუწვავი აგურისგან გახლდათ ნაშენები, კონსტრუქციას დროდადრო ზემოდან წყალი ესხმოდა, მაყურებელი კი მისი ნგრევის მომსწრე ხდებოდა. „ბაბილონის“ კონცეფციაც თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული, მის უკან გადაჭიმული თეთრი ტილო კი სამომავლოდ მისი ნანგრევების კონტურების ასახვისთვის გამოიყენებოდა.

ლია ბაგრატიონი

„სინათლე სძლევს სიბნელეს“ სივრცეს 5 ნოემბრიდან გიორგი (მაკარი) გოგოლაძის ხმოვანი სკულპტურაც შეუერთდა, რომელიც წარმოადგენდა მცდელობას, ფიზიკური დისტანციის ნგრევისა მშვიდობის ილუზიასა და საომარ მდგომარეობას შორის. უკრაინის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სტერეო მიკროფონიდან, რეალურ დროში გადმოიცემოდა აუდიო სიგნალი ხმოვან სკულპტურის წრიული ფორმის ორი ლითონის ფირფიტაზე, რომლებიც თავად იქცნენ ხმის წყაროდ; მსმენელი კი რომელიც მათ შორის აღმოჩნდა სრულად ჩაიძირა ხმოვან და ვიბრაციულ გარემოში.

გიორგი (მაკარი) გოგოლაძე და სოფო ჭყონია
საგამოფენო სივრცე „სინათლე სძლევს სიბნელეს“

Factory Tbilisi კულტურის კვირეულზე პერსონალური გამოფენების მასპინძელიც გახდა, დამთვალიერებელს ერთ ტერიტორიაზე, მაგრამ განსხვავებულ სივრცეებში, შეეძლო აღმოეჩინა უკრაინელი ხელოვანის რომან მიხაილოვის სოლო გამოფენა, რომელიც ომის თემატიკასთან დაკავშირებულ შემოქმედებას აერთიანებდა; სიმონ მაჩაბლის პერსონალური გამოფენა გასაოცარი ექსპოზიციით, რომელიც ხელოვანმა სამ ქართველ პოეტს მიუძღვნა და მხატვრობა, რომელიც 200 წლის წინ ანექსირებულ საქართველოში გვაბრუნებდა და ლევან სონღულაშვილის გამოფენა სახელწოდებით Ad Infinitum.

რომან მიხაილოვის პერსონალური გამოფენა
სიმონ მაჩაბლის პერსონალური გამოფენა

ნიუ-იორკში დაფუძნებული ქართველი მხატვრის, ვიზუალური არტისტის, ფერმწერისა და გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის 5 ნოემბერს ჩანიშნული პერსონალური გამოფენის მიმართ ინტერესი იმთავითვე მაღალი იყო. თუმცა, გახსნის დღეს მოსული დამთვალიერებლის რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Ad Infinitum-ზე უნიჭიერესმა შემოქმედმა ახალი მონუმენტური ტილოები წარმოგვიდგინა, გამოფენის ნახვა 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

ლევან სონღულაშვილი, გამოფენა Ad Infinitum
ლევან სონღულაშვილი, გამოფენა Ad Infinitum
ლევან სონღულაშვილი, გამოფენა Ad Infinitum

ისევე როგორც მხატვრობამ, მუსიკამაც ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა თბილისის კულტურის კვირეულზე. რამდენად შეუძლებლადაც არ უნდა მოგვჩვენებოდა, რამდენიმე დღეში Factory Tbilisi მცირე საკონცერტო დარბაზად გარდაიქმნა, რომლის გახსნაც ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ნინო ქათამაძემ და უკრაინელმა ეთნო მომღერალმა კატია ჩილიმ ითავეს. საღამოს საპატიო სტუმრებიც ჰყავდნენ გორის გოგონათა ქალთა გუნდი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად გენიალური გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ შეასრულეს. დიდებული საღამო ქართულ უკრაინულმა მუსიკალურმა ექსპერიმენტმა და დამსახურებულმა აპლოდისმენტებმა მოიცვა.

ნიკოლოზ რაჭველი და გორის გოგონათა ქალთა გუნდი
კატია ჩილი

ასეთივე ამაღელვებელ ნოტზე გაგრძელდა კულტურის კვირეულის სხვა მუსიკალური საღამოებიც, რომლებიც ნიაზ დიასამიძემ უკრაინულ ელექტროაკუსტიკურ ჯგუფ DZ’OB-თან ერთად, მომდევნო ღამეს კი ფენომენალურმა ბექა გოჩიაშვილმა გაამდიდრეს.

ნიაზ დიასამიძე და DZ’OB
DZ’OB
ბექა გოჩიაშვილი

თბილისის კულტურის კვირეულმა მოიცვა ფოტოგრაფიაც, მარინა კარპიის ფოტოპროექტმა CHILDREN OF WAR, ომს გადარჩენილი უკრაინელი ბავშვების შავ-თეთრი პორტრეტები წარმოგვიდგინა, რომლებიც დანაკარგით, შიშით, ტკივილით, მაგრამ ამავდროულად მომავლის იმედითაც იყო სავსე.

ფოტოპროექტი CHILDREN OF WAR

5 დღიანი კულტურული თავგადასავალი ოპერისა და ბალეტის თეატრში, Radio and Juliet-ით, სლოვენიელი ქორეოგრაფის ედვარდ კლუგისა და ცნობილი ჯგუფის Radiohead-ის კოლაბორაციით შექმნილი ბალეტით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით დაგვირგვინდა. მრავალმხრივ ნიჭიერმა, ინტელექტუალმა, კრეატიულმა და შემოქმედებითმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ უკრაინული და მასთან ერთად ქართული ფესვები, არა მხოლოდ სიცოცხლეს განაგრძობენ, არამედ იზრდებიან და ძლიერდებიან.

ბალეტი Radio and Juliet
ბალეტი Radio and Juliet
ზევით