#მუსიკა

TBILISI OPEN AIR: დასაწყისიდან-დღემდე

გაზიარება:

ღია ცის ქვეშ, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფონზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მძაფრი ემოციებისა და დაუვიწყარი მოგონებების შეგროვების ტრადიცია გრძელდება. განშორება ხანგრძლივი აღმოჩნდა. სანამ ვერაგი ვირუსი თავისუფლად დაიარებოდა დედამიწაზე, Tbilisi Open Air-ის თავგადასავლით ტკბობის საშუალება მთელი 2 წლით გაიწელა, ახლა კი იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ შესვენების შემდეგ 2022 წლის 24 ივნისს, 3 დღით საოცრებათა ქვეყანას ლისზე დავუბრუნდებით, ჟრუანტელის მომგვრელია.

ხმაურიანმა, ამაღელვებელმა, მომაჯადოებელმა Tbilisi Open Air-მა საქართველოში არა მხოლოდ მუსიკალურ რევოლუციას დაუდო სათავე, არამედ ცნობიერების რევოლუციადაც იქცა და ერთ სივრცეში, სრულიად განსხვავებულ, სხვადასხვა გემოვნების, მრწამსის, წარმომავლობისა, თუ რწმენის ადამიანებს მოუყარა თავი. ფესტივალის კულტურას თბილისში საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა, რომელმაც წლებთან ერთად მეტამორფოზა განიცადა.

Tbilisi Open Air-ის დაარსების იდეა და პირველი ფესტივალი

ჯერ იყო სიტყვა, არა, ჯერ იყო იდეა, იდეა, რომელმაც ორი ქართველი მუსიკოსი - აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი ერთი მიზნით გააერთიანა - შეექმნათ პოპ-კულტურის სტანდარტებისგან განსხვავებული ღონისძიება, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო საქართველოში. თუმცა, სწორედ ამ უცნობის შეცნობის სურვილმა 70 ათასზე მეტი ადამიანი გააერთიანა და 2009 წლის 15 მაისს შარდენზე, 16 და 17 მაისს კი ძველ იპოდრომზე მოუყარა თავი და მსმენელი პირველ ქართულ, მასშტაბურ, მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air-ს აზიარა.

სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანებმა ერთი საერთო სივრცე გაიზიარეს, აზრები, ღიმილი და დადებითი ემოციები გაცვალეს და ფესტივალის შემქმნელებს აგრძნობინეს, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ - მუსიკით გათავისუფლება.

 პირველი „დიდი სახელი“ Tbilisi Open air-ზე

Tbilisi Open Air-ის 10-წლიანი თავგადასავლის მეგზურებს მუსიკალური ფესტივალის არაერთი გამორჩეული სახელი ამოუტივტივდებათ, თუმცა პირველი „დიდი სახელი“ ლაინაფში 2012 წელს გამოჩნდა და ის DDT გახლდათ. იმავე წელს ქართველი მსმენელის წინაშე Dub Fx-იც წარსდგა. ეს წელი Tbilisi Open Air-ის ისტორიაში მეორედ დაბადებას ჰგავდა, 2012 წლიდან მოყოლებული ღონისძიების ორგანიზატორები მხოლოდ იმას ცდილობდნენ, წლიდან-წლამდე მსმენელის მოლოდინი გაემართლებინათ და საკუთარი თამასა მხოლოდ მაღლა აეწიათ.

გამორჩეული ლოკაცია

პირველმა ქართულმა მუსიკალურმა ფესტივალმა საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრამდე დიდი გზა გაიარა. Open Air-მა მოიარა ძველი იპოდრომი, მთაწმინდა, თბილისის ზღვა, საბოლოოდ კი ლისზე დასახლდა და Lisi Wonderland-ი ყველასათვის გამორჩეულ ლოკაციად აქცია. 

„ბევრწლიანი მოგზაურობის შემდეგ აქ (Lisi Wonderland-ში) დავიდეთ ბინა და სულ გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეს ვენიუ ზუსტად Open Air-სთვის არის შექმნილი. სივრცე დიდია, ულამაზესი ხეივანი გვაქვს ვენიუს გასწვრივ. მოკლედ, იმაში, რაც ჩვენთვისაა პრიორიტეტი, რომ ყველა ადამიანმა თავისი ადგილი და კომფორტის ზონა იპოვოს Open Air-ზე, ეს ლოკაცია ხელს ძალიან გვიწყობს“ - ხატია გელოვანი, ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი.

Open Air-ის სცენა ქართველი არტისტებისთვის

არამხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის  შექმნამ ქართველი არტისტებისთვის ახალი შესაძლებლობების ფართო კარი გახსნა. ფესტივალის შემქმნელებმა Tbilisi Open Air-ის დაარსების დღიდან დაიწყეს იმაზე ზრუნვა , რომ ახალბედა, მოტივირებული მუსიკოსებისთვის და ბენდებისთვის ერთგვარი პლატფორმა შეექმნათ, რომელზეც მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოავლენის შანსი მიეცემოდათ.

ასე შეიქმნა Tbilisi Newcomers

Open Air-ის დაანონსებიდან მალევე გავრცელდა განცხადება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე კვირაში შესარჩევი ტური იგეგმებოდა და ჟიურის რჩეულ არტისტებს მიეცემოდათ საშუალება მუსიკალური ფესტივალის მთავარ სცენაზე დაეკრათ. Tbilisi Newcomers-ის პირველი გამარჯვებული დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბენდი LOUDspeakers გახდა, რომელსაც კვალდაკვალ მოჰყვა ისეთი არტისტების ჩამონათვალი, როგორებიცაა Bedford Falls, Moku Moku და Killages.

მას შემდეგ რაც Open Air-ს სხვადასხვა ჟანრის სცენები დაემატა (EYESTAGE - ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენა, ZION GARDEN – PSY TRANCE სცენა, SINGER - აკუსტიკური და ჯაზ ჟანრის დღის სცენა ქართველი არტისტებისთვის), ჟანრობრივი მრავალფეროვნება Tbilisi Newcomers-ზეც გამოიკვეთა. ახლა პროექტს არა ერთი, არამედ რამდენიმე გამარჯვებული არტისტი/პროექტი ჰყავს, რომლებსაც ფესტივალის სცენებზე შეუძლიათ დაკვრა.

ყველაზე დასამახსოვრებელი უცხოელი არტისტები

„ორგანიზატორისთვის ყველა არტისტი დასამახსოვრებელი და გამორჩეულია, ყველას ჩამოყვანა დიდ შრომასთან და მონდომებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ალბათ, მსმენელისთვის ყველაზე შთამბეჭდავი ლაინაფში ლეგენდარული Deep Purple-ის დანახვა იყო. როკ მუსიკის კლასიკოსების თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით 2013 წელს ფესტივალის ფორმატიც კი შევცვალეთ და დინამო არენაზე გადავინაცვლეთ, ბენდის მასშტაბიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე“ - ხატია გელოვანი ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი.

ალბათ, თითოეული მსმენელისთვის დაუვიწყარი იყო 2015 წელს Placebo-ს ვიზიტი Open Air-ზე, ცნობილი მუსიკალური ბენდი თბილისს 13 ივნისის ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში ესტუმრა და როგორც კი თბილისში მომხდარი კატასტროფის შესახებ შეიტყო, შემოსული ჰონორარი დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა.

თბილისი, როგორც მუსიკალური ფესტივალების ქალაქი

2009 წელს Tbilisi Open Air-მა და მისმა ორგანიზატორებმა მოახერხეს ის, რომ სხვა ქართული ფესტივალებისათვის გახსნეს გზა და თბილისში საფესტივალო თუ საკლუბო ინდუსტრიის მიმართულების განვითარებას ავტომატურად დაუდეს სათავე.

„Tbilisi Open Air კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია. ამ 13 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით, ვმუშაობდით ფესტივალის იმიჯზე, ორგანიზების ხარისხზე, რათა ყოველწლიურად გაგვემარტივებინა საერთაშორისო დონის მუსიკოსებისა და ბენდების საქართველოში ჩამოყვანა, შესაბამისი გარემოს შექმნა როგორც არტისტებისთვის, ისე - სტუმრებისთვის“ - ხატია გელოვანი, ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი.

პანდემია და 2022 წლის line up

„პანდემია იყო უდიდესი დარტყმა. პანდემიის მიზეზით გავჩერდით 2 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ Tales of Lisi-ის ივენთების სერიას ვაკეთებდით ამ პერიოდში, ეს ღონისძიებები ფესტივალის მასშტაბის, რა თქმა უნდა, არ იყო“ - ხატია გელოვანი, ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი.

2022 წლის ჰედალინერების ვინაობა ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, მათ შორის ვისაც 3-დღიანი ფესტივალის ფარგლებში ამ წელს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე ვიხილავთ: Alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba და სხვები არიან.

Tbilisi Open Air 2022-ზე შესაძლებლობა მოგვეცემა მოვუსმინოთ უკრაინულ როკჯგუფ Okean Elzy-საც. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტენანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად.  

Okean Elzy-ს სიმღერა Без Бою უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის სადიდებელ ნამდვილ ჰიმნადაც კი გადაიქცა.

წლევანდელ ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში, ამასთანავე Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებმა შექმნეს სპეციალური პლატფორმა დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გაიღოთ თანხა უკრაინის დასახმარებლად.

აგრეთვე საყურადღებოა Singer Stage, რომელიც მესამე წელია ფესტივალის ნაწილია, ჯაზისა და სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ქართველი შემსრულებლებით. სცენის შექმნის დღიდან Tbilisi Open Air Jazz Foundation-თან ერთად შემოსული თანხის ნაწილით ეხმარება კონსერვატორიის სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვაში.

მოკლედ, 2 წლიანი შესვენების შემდეგ ისევ მუსიკით სუნთქვას ვიწყებთ, მუსიკით, რომელიც უნივერსალურია, რომელიც შეუცვლელია და რომელიც ათავისუფლებს!

ზევით