#კინო

სხვა ლეველის ოდისეა ანუ ახალი სიტყვა ქართულ ანიმაციაში

გაზიარება:

10 მარტს კავეა პლუსზე დიდი პრემიერა შედგა - არც მეტი არც ნაკლები ახალი ანიმაციური სერიალის, სხვა ლეველის ოდისეის პირველი ორი ეპიზოდი დაიდო და აუდიტორიას შემდეგი სერიის  მოლოდინშიც დატოვა! მოლოდინი 5 მაისამდე გაგრძელდა, სწორედ ამ დღეს ეკრანებზე ს.ლ.ო-ს მესამე სერია გამოჩნდა და დავითას მონატრებულ მაყურებელს წყურვილიც დაუკმაყოფილა.

სხვა ლეველის ოდისეაზე მუშაობა საკმაოდ მრავალფეროვნმა თუმცა ამხელა პროექტისთვის მცირერიცხვოვანმა გუნდმა წელიწადნახევრის წინ დაიწყო - დემლაბის ინიციატივითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. მას შემდეგ, როგორც თვითონ გუნდის წევრები ყვებიან ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გადახდათ მათაც და დავითასაც - ანიმაციის მთავარ პერსონაჟს, რომლის მულტივერსში მოგზაურობაზეცაა აგებული სერიალის სცენარი.

მოდი სხვა ლეველის ოდისეის იდეისა და სცენარის ავტორს ლაშა მილორავას ვკითხოთ როგორ იწერება სცენარი, სად ვეძებოთ ინსპირაციის წყაროები და რატომ მაინც და მაინც მენთოსი, კოლა და თემურ ჭყონია? 

შთაგონების ძებნის რამე განსაზღვრული ფორმულა არასდროს მქონია და ზოგადად, ეჭვი მეპარება უნივერსალური მიდგომა არსებობდეს. რამდენადაც “ჩიზი” არ უნდა იყოს, შთაგონების პოვნა ყველაფერში და ყველგან შეგიძლია, თუ იცი სად გაიხედო და პირიქით - რას აარიდო თვალი, ან გონება. რა თქმა უნდა ისეც არაა, რო აი მოდი, ფეხს ფეხზე გადავიდებ და “თავისით გაიჩითება რა”. რაღაც რუტინა უნდა შეიქმნა, რომელშიც კომფორტულად იგრძნობ თავს და მშვიდად ფიქრის საშუალება მოგეცემა. როცა ჩიხში შევდივარ სეირნობა, “ტვინის განიავება”, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა უმეტეს შემთხვევაში მშველის. არც ყურსასმენები, არც მობილური - უბრალოდ საკუთარ თავთან და ფიქრებთან დარჩენა და სიარული, სანამ არ დაიღლები.

ყველაფერი ისედაც ადგილზეა, ჩვენ თავში და გარშემო, მთავარია სწორი წერტილების ერთმანეთთან დაკავშირდება და ამ ქაოსიდან წესრიგის შექმნა ისწავლო. როცა ტვინი ფიქრისკენ გაქვს მომართული, იდეა ნებისმიერ მომენტში შეიძლება “გეწვიოს” - უნიტაზზე ჯდომისას, ბანაობისას, ჭამის დროს, მანქანის ფანჯრიდან უმისამართოდ ყურებისას. უშუალოდ წერის დროს კი აბსოლუტურად მარტო უნდა ვიყო, სიჩუმეში, გამორთული ინტერნეტით, დამიუთებული მობილურით, სახლში. ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ შეეძლოთ კაფეებში, პარკებში ან ხალხმრავალ ადგილებში წერა. ეგეთი კონცენტრაციის ნიჭი ნაღდად არ მაქვს.

სცენარის წერის პროცესს სამ ფაზად ვყოფ: 1. სინოფსისი. ამ ნაწილში ვფიქრობ თითოეული სერიის სამყაროზე, პერსონაჟებზე და მთავარ სათქმელზე. 2. აუთლაინი. სადაც უკვე დეტალურად გავწერ სცენებს, მოქმედ გმირებს, ხანდახან ხუმრობებსაც. ერთგვარი რუკა იქმნება 3. სცენარი. აუთლაინს სცენარად ვაქცევ, ვხვეწავ (თუ ვხვეწ?) თითოეულ სცენას, ვწერ დიალოგებს და ხუმრობებს, დეტალებით ვამდიდრებ 

რაც შეეხება თემურ ჭყონიას არ არსებობას, მენთოსს და კოლას, მაგაზე მაყურებელი ერთხელაც გაიგებს პასუხს და ჯობს ეგ სერიაში მოხდეს, ვიდრე აქ :)

ყველას აინტერესებს ანიმაციის შიდა სამყარო და რა პროცესი გაიარა დავითამ პერსონაჟის პირველი სკეჩიდან კავეაზე განთავსებამდე, ამ კითხვაზე პასუხს სხვა ლეველის ოდისეის ანიმატორი ცოტნე რუსიშვილი გაგვცემს:

მოკლედ რო მოვყვე, თავიდან „იბადება სცენარი, შემდეგ იქმნება კადრირება და პარალელურად, არტ დირექტორის ხელმძღვანელობით მუშავდება კონცეფცია, როგორები უნდა იყვნენ პერსონაჟები თუ გარემო. შემდეგ ვჯდები და ვაკეთებ ანიმატიკს, რომელიც შეიძლება სერიის „შავ ვერსიად ჩაითვალოს. ანიმაციის პროცესს ორი ეტაპი აქვს: „შავი“ ანიმაცია, რომელზეც ანიმატორები მუშაობენ და ამოხატვა/გაფერადება, რომელზეც უკვე ამომხატველ/გამფერადებლები მუშაობენ. ფონები ცალკე იხატება და ბოლოს ხდება ფონებისა და ანიმირებულ/ამოხატული პერსონაჟების გაერთიანება, რასაც კომპოზიტინგი ჰქვია და სერიას საბოლოო ვიზუალური სახე ეძლევა.

ამ სერიალზე ანიმაციის სერვისს ახორციელებს სტუდია “ანიმატორი”, რომლის გუნდის წევრი მეც გახლავართ.

დავითას პერსონაჟს რაც შეეხება, პირველი სკეჩიდან კავეას ეკრანამდე საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანი გზა გაიარა და დავითას პირველ ვერსიას (და შემდეგ ორ-სამ ვერსიასაც) საერთო არაფერი აქვს იმ დავითასთან, რომელსაც ეკრანებზე ვხედავთ. ზოგადად, დავითას ვიზუალური მხარე გუნდში დაპირისპირებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, მაგრამ, მგონი, ღირდა იმ ჩხუბებად.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანიმატორებს, რაზე გაამახვილონ ყურადღება ყველაზე მეტად მსგავს პროექტებში?

დამწყებ ანიმატორებს ვურჩევდი, რომ ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე, დააკვირდნენ კარგად, რა და როგორ მუშაობს იმ ანიმაციურ ფილმებსა თუ სერიალებში, რომლებიც მოსწონთ და უყვართ. რაზეც და როგორც მიუწვდებათ ხელი, შეისწავლონ ანიმაციის საფუძვლები და პრინციპები, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ტიპის ანიმაციის კეთებისას გამოადგებათ - ორგანზომილებიანი ტრადიციული ხელით ნახატი ანიმაციიდან დაწყებული სამგანზომილებიანი ანიმაციით დამთავრებული. 

ბევრი მასალაა ინტერნეტში უმაღლესი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ფილმების ანიმატორებზე და ამ ფილმების შექმნის პროცესებზე და სამუშაო მასალაზე და ნამდვილად სასარგებლო იქნება მათი გადახედვა/შესწავლა.

მოდი ანიმაციის პროდიუსერს, ნინიკო ბოჯგუას ვკითხოთ იმ მთავარი გამოწვევების შესახებ, რომლებიც ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას უკავშირდება

მთავარი გამოწვევა მაინც მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების გამოცდილების არარსებობა იყო. თან მითუმეტეს ქართულ ბაზარს თუ გავითვალისწინებთ - რომელიც ძალიან მცირეა და რეალურად ბევრის გასაქანს ვერ იძლევა.

ერთი მხრივ, ძალიან დიდი რესურსის ჩადება უწევს პროექტზე მომუშავე თითოეულ ადამიანს თუმცა მეორე მხრივ, არ მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ სერიალზე მუშაობენ ანიმაციაზე ჩემზე მეტად შეყვარებული ადამიანები. წარმოების ყველა „ლეველზე“ ისეთი ხალხია ჩართული, რომელებიც პირველ რიგში, პროცესით იღებენ სიამოვნებას და სურთ, თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინონ და ეს მომენტი, ამ ძალიან ბევრ გამოწვევასაც რაღაცნაირად აბალანსებს.

ახლა რომ თავიდან იწყებდეთ მსგავს პროექტს, ყველაზე მეტად რას მიაქცევდით ყურადღებას, ანუ რას ურჩევთ თქვენი პროდუქტით ინსპირირებულ ახალბედა პროდიუსერებს?

ერთი რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია არის ის, რომ თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ანიმაცია, ნებისმიერი რესურსის ჩადებად ღირს მიიღო მონაწილეობა კრეატიული პროდუქტის შექმნაში და შემდეგ შედეგი დაინახო - ხალხი, რომელსაც შენი ნაშრომი შეუყვარდა და აი შენს საკუთარ სახელსაც რომ დაინახავ ბოლოს, ტიტრებში, ეგაც ძალიან კარგი გრძნობა ყოფილა. ასე, რომ მთავარია სურვილი და გარშემო ისეთი ხალხის შემოკრება, რომლებიც ასევე მაქსიმუმს ჩადებენ.

მესამე სერია რომ 5 მაისს გამოვიდა, იქნებ მეოთხე სერიაზეც გაგვანდოთ მიახლოებითი თარიღი?

ნინიკო: ერთადერთი რისი თქმაც დარწმუნებით შემიძლია, რომ მესამე და მეოთხე სერიებს შორის შუალედი გაცილებით ნაკლები იქნება და ამხელა ლოდინიც არ მოუწევს ჩვენს მაყურებელს, გპირდებით!

სხვა ლეველის ოდისეას ორი რეჟისორი ჰყავს - ცოტნე რუსიშვილისა და ლაშა მილორავას სახით. 

როგორი იყო თქვენს სხვა როლებთან ერთად ამ სერიალისთვის საკვანძო პოზიციის შეთავსება და განსაკუთრებით კოლაბორაცია ამ მიმართულებით?

ლაშა მილორვა:  კოლაბორაცია წარმატებული რო იყოს, დიდი სურათის დანახვაა საჭირო - სამუშაო პროცესი ეგოების ჭიდილის გამო არ უნდა შეფერხდეს. ყველანი ერთ ტალღაზე უნდა ვიყოთ, ინდივიდუალური და საერთო როლი კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული. ამ “ერთ ტალღაზე” დასაჯდომად მე და ცოტნემაც არაერთი კამათი და ჩხუბი გამოვიარეთ, რაც აუცილებელი მგონია, ამ მასშტაბის პროექტის კეთების დროს. ჩვენი ხედვები მაინც მალევე დაემთხვა ერთმანეთს, დღეს უკვე შეთამაშებულები ვართ და ერთმანეთს ვენდობით. 

ცოტნე რუსიშვილი: ვინაიდან, საქართველოში ანიმაციის სფერო ფეხის ადგმის ეტაპზეა, თითქმის ყველაფრის კეთება თითქმის ყველას პირველად გვიწევს, მითუმეტეს ამ ხარისხის ანიმაციური სერიალის წარმოების გამოცდილება საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად ამ გამოუცდელობას ბევრი სირთულე ახლავს, რაც თავის დროზე იმ რეჟისორების “ომებშიც” გამოიხატა (და დაპირისპირებები მხოლოდ რეჟისორებს არ გვქონია, ყველა ყველასთან ომობდა თავიდან :დ), რაზეც ლაშამ ისაუბრა, თუმცა ეგ ყველაფერიმოვილიეთ უკვე და შეთამაშებულად მიდის პროცესი. ვიცით რა გვინდა და იმაზეც ვთანხმდებით, როგორ უნდა მივაღწიოთ არსებული რესურსით სასურველ შედეგს. .

ზევით