#კინო

SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი

გაზიარება:

კრისტენ სტიუარტი, ტიმოთი სპოლი და ჯეკ ნილენი რეჟისორ პაბლო ლარაინის ახალ ეკრანიზაციაში ერთიანდებიან და კიდევ ერთხელ ცდილობენ, მე-20 საუკუნის ხალხის რჩეული პრინცესას - დიანას პორტრეტი ახლებური ხედვით წარმოგვიდგინონ. კრისტენის ლედი დი უნიკალურია, ვერაფრით მიამსგავსებთ აქამდე ნანახსა და გაგონილს, ნარატივი დამაინტრიგებელია, დამნაშავედ კი ხან არავინ, ხან კი ყველა გვევლინება.

სხვა ეკრანიზაციებისგან განსხვავებით, Spencer-ი პრინცი ჩარლზის მონსტრად წარმოჩენას არ ლამობს. ფილმი უფრო დიდ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ვიდრე უელსის პრინცსა და პრინცესას შორის ჩამტყდარი ხიდია. Spencer-ი ცდილობს ყველაზე რეალურად დაგვანახოს ხალხის პრინცესის შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული შეტევები და კვების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება; დისტანციიდან დაგვანახოს არც ისე შორეული წარსული და პუბლიცისტური პათოსით გაამდიდროს ქალის ცხოვრება, რომელიც უყვარდათ და რომელსაც ეთაყვანებოდნენ.

პრინცესა დიანა არ იყო გმირი, თავს არც მინიჭებული სტატუსის ამაყ მატარებლად მიიჩნევდა. მისთვის ჯადოსნური ზღაპარი იმაზე მალე დასრულდა, ვიდრე ამის შესახებ გაფიქრებას მოასწრებდა და როდესაც ნათელი იყო მისი და პრინცის ცხოვრება დიდხანს და ბედნიერად არ გაგრძელდებოდა, კარი უფრო საშიში, უფრო ბნელი დღეებისკენ გაიღო და დიანამაც საბოლოოდ დაკარგა მომავლის რწმენა, ისტორიის უკეთესი დასასრულის იმედი.

 

სად და როდის ვითარდება მოქმედება?

Spencer-ში მოქმედება 1991 წელს ვითარდება. ფილმი შობის წინა 3 დღის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც უელსის პრინცისა და პრინცესას ცხოვრებაში ცოლ-ქმრის სტატუსით უკანასკნელი შობა აღმოჩნდა, რადგან 1992 წელს, ერთ-ერთ ყველაზე მტანჯველ და სკანდალურ სამეფო ქორწინებას საბოლოოდ დაესვა წერტილი. 

ფილმში პრინცესა დიანა სანდრინგემს ეტიკეტის დარღვევით - დაგვიანებით სტუმრობს და საჩუქრებს გადასცემს შვილებს, რომლებიც ბიჭებმა შობის დილას უნდა გახსნან, როგორც ამას მთელ მსოფლიოში ბავშვები აკეთებენ და არა შობის ღამეს, როგორც ეს სამეფო ოჯახში იყო მიღებული.

სამეფო ოჯახის ტრადიციის კიდევ ერთ ვიზუალიზაციას ემსახურება შობის დღესასწაულის სანდრინგემის სასახლეში აღნიშვნა. მართალია, სამეფო ოჯახმა 1964 წლიდან 1989 წლამდე შობის აღნიშვნა უინძორების სასახლეში ამჯობინა, თუმცა მოგვიანებით ტრადიციას მაინც დაუბრუნდა. ფილმის გადაღებები გერმანულ სასახლეში მიმდინარეობდა, რომელიც დედოფალ ვიქტორიას უმცროსი ქალიშვილისთვის, ვიქტორიასთვის აშენდა და რომელიც მოგვიანებით გერმანიის მბრძანებლად, პრუსიის დედოფლად მოგვევლინა. დღეს მისი სასახლე სასტუმროდ არის გადაკეთებული.

ტრადიციის ღირებულება

არაფერი აღწერს ტრადიციების სიმძიმეს იმაზე უკეთ, ვიდრე სასახლეში მიღებული რთული გადაწყვეტილებები და მუდმივი ყურადღებისა და ფუფუნების გარემოცვაში ყოფნა, რომელიც პრინცესა დიანას ასე ავიწროებდა და სულს უხუთავდა. ცნობისთვის, ინგლისელი მწერალი ჯეიმს პოპ-ჰენესი 1950 წელს სანდრინგემში სტუმრობას შემდეგი სიტყვებით აღწერდა:

საშინელი სახლი, სხვადასხვა კუთხეში შემზარავი ატმოსფეროთი, ზოგიერთ ნაწილში კი საერთოდ ატმოსფეროს გარეშე... ეს მორგში ვიზიტს ჰგავდა.

რაც შეეხება სამეფო ოჯახის წევრების უკმაყოფილებას, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია გამოგონილი სიტუაცია დეტალურად ემთხვეოდეს რეალობას. სანდრინგემში დიანა ეუბნება ვაჟებს, რომ არ არსებობს არანაირი მომავალი; აწმყო და წარსული კი ერთი და იგივეა - ამ მომენტში ფილმის შემქმნელებს დროის ხაზის გარღვევა და სწორედ ამ კადრის მარადიულად ქცევა სურდათ.

ქართველ მაყურებელს ვურჩევთ ფილმის დიდ ეკრანზე ყურებას. Spencer-ის დამატება სანახავ ფილმთა სიაში ნამდვილად ღირს.

ზევით