#ლიტერატურა

ოდა ვაჟა-ფშაველას

გაზიარება:

დღეს, დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ვაჟა-ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) დაბადებიდან 161 წელი შესრულდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ დღეს მოევლინა სამყაროს ქართველი გენიოსი, რომელმაც თავისი განუმეორებელი პოემებით, მოთხრობებით, ფილოსოფიური ნარკვევებით, პიესებითა და პუბლიცისტური წერილებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და განვითარების საქმეში.

ვაჟა-ფშაველას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ბევრ სხვა ღირ­სე­ბასთან ერ­თად იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ამ შემოქმედებისადმი ინტერესიც დროის გასვლასთან ერთად არათუ ნელდება, არამედ სულ უფრო მატულობს. ვაჟას რთული კომპოზიციები და საინტერესო ექსპოზიციები უსწრებდნენ დროს, ავტორის შეუფასებელი ინტელექტი, მისი ყოველი ფრაზა დღეს დაწერილივით ახალი და აქტუალურია.

მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო - არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის - ვაჟა-ფშაველა

161 წლის წინ, ჩარგალში დაბადებულმა და სპარტანული წესით აღზრდილმა ლუკა რაზიკაშვილმა, XIX საუკუნის 80-იან წლებში „ახალი სუნთქვა“ შემოიტანა ჩვენს მრავალსაუკუნოვან მწერლობაში, ვაჟას ლიტერატურულ-ენობრივი პოზიცია, როგორც ოდესღაც მისი თანამედროვეების, აგრეთვე მომავალი თაობების აღტაცებას და შთაგონებას დღემდე განაგრძობს.

ათწლეულების, საუკუნეების გასვლის შემდეგაც კი ვაჟა-ფშაველას ფენომენი ბოლომდე ამოუხსნელად რჩება. გულის სიღრმიდან ამოსული შემოქმედება, ვაჟასეული სიცოცხლის ხოტბა, მისი ეთიკურ-ესთეტიკური შეხედულებები და ჰეროიკული გმირები, როგორც სულის სარკე, ქართული ლიტერატურის უზარმაზარ მემკვიდრეობად არის მიჩნეული. მემკვიდრეობას, რომელიც გვიყვება თავისუფლების, თანასწორობის, სულიერებისა და სამართლიანობის შესახებ.

მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა… ენაში იმალება ინდივიდუალობა, მისი მე… ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული - ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები მთლის დიალექტზე არიან ამეტყველებული, ამ ფშაურმა კილომ უდიდესი თავისებურება შესძინა მწერლის შემოქმედებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიალექტს ვაჟა მხოლოდ პოეზიაში იყენებდა, რაც შეეხება მის პროზაულ ნაწარმოებებსა თუ წერილებს, ისინი წმინდა ლიტერატურული ენით გახლავთ შექმნილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჟას გენიალურობას.

ვაჟას შემოქმედებაზე, მის დანატოვარზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სამყარო, რომელიც მან შექმნა რეალური და ხელშესახებია, ის სუნთქავს და იბრძვის არსებობისთვის, მისი სამყარო ცოცხალია და იცოცხლებს მანამ, სანამ მისი სახელი იარსებებს.

ზევით