#მხატვრობა

„ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა“: ემირ ბურჯანაძისა და ნინო საკანდელიძის ერთობლივი გამოფენა The Why Not Gallery-ში

გაზიარება:

8 აპრილს, The Why Not Gallery -ში, გამოფენა ორი განსხვავებული თაობისა და პრაქტიკის მქონე ხელოვანის, ემირ ბურჯანაძისა (1937-2014 წწ.) და ნინო საკანდელიძის (1985წ.) გამოფენა სახელწოდებით „ნაპრალთან ახლოს სიჩუმეა“ გაიხსნება.

ემირ ბურჯანაძის შემოქმედება, დათარიღებული 1975 წლით

ენა - იდენტობა, გარემო - შინაგანი ძიება, დრო - ისტორია, პირადი - კოლექტიური, ფარული - ცნობიერი... ამგვარი დიალექტიკური კითხვების განგრძობადი ჯაჭვი მთავარ თეზისებად, საპირისპირო პოლუსთა მთლიანობად არის წარმოდგენილი ნაპრალთან ახლოს, იქ, სადაც სიჩუმეა. 

გამოფენა, როგორც ამ სიჩუმეში გაცხადებული დიალოგი, ურთიერთმონაცვლე ცნებებს, განსხვავებულ შემოქმედებით მიდგომებსა და ეპოქალურ ნიშნულებს განავრცობს.

ემირ ბურჯანაძის შემოქმედება, დათარიღებული 1965 წლით

დიალოგური კავშირით შექმნილი საგამოფენო განზომილება რეალობის განახლებულ ვერსიებზე გვაფიქრებს. გამოფენაზე „შეხვედრა“ ამ ორი ხელოვანის ვიზუალურ დიალოგში განხორციელებული აქტია. ერთი ოჯახის ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი სიმბოლურად იმგვარ ცხოვრებისეულ რეალობაზე გვაფიქრებს, სადაც დროითი დისტანცია შემოქმედებით, კულტურულ მახასიათებლად ვლინდება. რა არის ის ზღვრული კონცეფციები, რომლითაც მეტყველებს ქართული ხელოვნება? როგორია კულტურული იდენტობის საკითხის გააზრება XX საუკუნის 60-იან წლებში მოღვაწე ხელოვანისა და XX-XXI საუკუნის მიჯნაზე დღევანდელი დროების თანამედროვე ვიზუალური ხელოვანისთვის? 

ემირ ბურჯანაძის შემოქმედება, დათარიღებული 1960 წლით

ემირ ბურჯანაძის შემოქმედებაში ქართული კულტურული იდენტობის ანალიზი მთავარი საკითხია. მას ავტორი მრავალწლიანი კვლევის საგნად წარმოადგენს. ემირის უშრეტი ძიება არქიტექტურულ თუ ქართულ არქეტიპულ კულტურასთან ორნამენტის, შრიფტის არიქტექტონიკასა და გრაფიკული გაფორმების უზადო ექსპერიმენტირებაში გამოვლინდა.

ავტორი: ნინო საკანდელიძე

ექსპერიმენტი, როგორც სივრცული გააზრება და ფორმისეული ძიება ნინო საკანდელიძის სკულპტურულ და ფერწერულ ობიექტებში განივრცობა. ზოგადში კერძო მინიშნების გზით, საკანდელიძე აგებს ახალ ვიზუალურ რეალობას. ის შთაგონებულია თავისივე წარსულის სოციალური, ეროვნული და გრძნობად-ემპირიული გარემოებებით. მის სკულპტურებში ფორმისეული ძიება საბჭოთა რკინის ფარდის გამოძახილი ან ემირ ბურჯანაძის ხაზობრივ სტრუქტურებიდან ნასაზრდოები მიმართულებრივი ნიშან-სვეტებია.

როგორია ორიენტირება კულტურის მაფორმირებელი იდენტობის შრეებში? ეს კითხვა, როგორც გამოწვევა ორმაგად დაშიფრულ, დაპირისპირებად განზომილებას, ორნამენტის ზოგადკულტურულ მაიდენტიფიცირებელ ხასიათს ავლენს. ერთის მხრივ გაერთიანება ორნამენტის ესთეტიკის ტრადიციულ გადააზრებასთან და მეორეს მხრივ მისი ტრანსგრესიული უარყოფა. გამოფენა დეკორის ვიზუალურად გაბატონებული აქცენტების გარღვევას, კულტურისთვის დომინაციური და სახასიათო რეპრესიულობის მხილებას გვთავაზობს, სადაც “სრულყოფილი დანაშაული” მუდმივი განახლების მოლოდინშია. 

ავტორი: ნინო საკანდელიძე

ემირ ბურჯანაძისა და ნინო საკადელიძის ერთობლივი გამოფენა ინვერსიული აქტია - დროის პირობითობაში გადასვლისთვის შემამზადებელი სინთეზური ორნამენტი… ნელი სვლა…. მიახლოება და მოგონებების ელეგია…პირისპირ დარჩენა ორ სამყაროს შორის, სადაც თანხვედრა განსხვავების აღმოჩენაა - მარიამ შერგელაშვილი.

გამოფენა The Why Not Gallery-ს კედლებში, 28 მაისამდე გაგრძელდება.

ზევით