UFC-ს ისტორიაში მხოლოდ ათი ადამიანი მოიძებნება, რომელმაც ორი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოიპოვება შეძლო. ერთ-ერთი მათგანი ქართველი ილია თოფურიაა.

ლას-ვეგასში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაამარცხა. ქართველ მებრძოლს გამარჯვებისთვის 2 წუთი და რამდენიმე წამი დასჭირდა. შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრიდან ილიას ყველა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვებაა.

ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ, UFC-ს ისტორიაში პირველმა ქართველმა ჩემპიონმა მთელ მსოფლიოს თავისი ეპოქის დასაწყისი ამცნო. ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის მან მოქმედი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება მის ხელწერად იქცა – ნოკაუტით გამარჯვების მოპოვება ილიას კარიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს კი მეორე რაუნდამდე ლოდინი აღარ დაგვჭირდა, რადგან ილიამ მოწინააღმდეგე უკვე პირველივე რაუნდში დაამარცხა.

28 წლის ილია თოფურია მსუბუქი და ქვემსუბუქი კატეგორიების ჩემპიონია. მას ორ დროშასთან ერთად, უკვე ორი ქამარი უმშვენებს მხრებს.

„MMA-ს ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. ეს ამ სპორტის ახალი დონეა. მე დღეს გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც დაგეგმილი მქონდა“, – ილია თოფურია.
აქვე შეგახსენებთ, 8 ივნისს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი ამერიკელი მებრძოლისგან, შონ ო’მალისთან გამარჯვებით დაიცვა. ასე რომ, დღეის მონაცემებით, მამაკაცთა შორის UFC-ს ორგანიზაციის რვა წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველი გახლავთ. ილია კი ყოველი ბრძოლით ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.